Month: ივლისი 2011

ვარიაციები ხალხური ლექსის თემაზე “შემომეყარა ყივჩაღი”


დავიწყებ იქიდან რომ ამ ხალხურ ბალადამ ბევრი ადამიანი შთააგონა დაეწერა ლექსი . რამოდენიმე მათგანი ჩავთვალე ყურადსაღებად ან ვინ ვარ მე რო არ ჩამეთვალა (:დ ). სათაურის მიუხედავად თითოეულ ვარიანტში სხვადასხვა თემატიკაა აღბული .

“შ ე მ ო მ ე ყ ა რ ა   ყ ი ვ ჩ ა ღ ი”
(ხალხური ვარიანტი)

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა,
პურსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ღვინოსა მთხოვდა, ვასმევდი,
ვურჩევდი ბადაგისასა,
ხორცსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ცოლი მთხოვა და არ მივეც,
მიმყვანდა თავის ძმისასა,
ანკი ცოლს როგორ მივცემდი,
ცოლსა ჯვარნაწერისასა?!
არ დაიშალა, აკოცა
ნაწნავსა გიშრის თმისასა,
ქალმა ტირილით ამოთქვა:
“ვაჰმე, უღონო ქრმისასა”,
ისეთი გული გამიხდა,
მორევსა ჰგავდა ზღვისასა.
ხელი გავიკარ ფრანგულსა,
ნაბოძებ ცოლისძმისასა,
ერთი ისეთი გადავკარ,
რისხვასა ჰგვანდა ღვთისასა,
ერთი იმანაც გადმომკრა,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
იმდენი კიდევ დამცალდა,
ცოლი გავგზავნე ძმისასა,
აქეთ მე ვკვდები, იქით ის
სამზღვარსა მუხრანისასა.

სხვა ვარიანტის მიხედვით ლექსი ასე მთავრდება:
“აქეთ მე ვკვდები ,იქით ის ,
    ცოლი წავიდა სხვისასა…”

“ყ ი ვ ჩ ა ღ ი ს   პ ა ე მ ა ნ ი”
გიორგი ლეონიძე   

                                 …ერთი მეც გადავუქნიე,
                                    წვერიმც ვუწვდინე მიწასა…” 

                                                      მუხრანაული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

“მ ე   და  ყ ი ვ ჩ ა ღ ი”
გოდერძი ჩოხელი

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო…
და როცა ჟამი იგულა,
მომვარდა ხმალმოღერებით;
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც მისია,
ცხენი კი აღარა მთხოვა,
ცხენი ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს, ვისია…
მამული მთხოვა _ ვერ მივე,
ის ჩემი წინაპრისია.
შემომიტია ყივჩაღმა,
ჯიქურ და ჯიქურ მიტია,
ვახ თუ მამული მას დარჩეს,
მე გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა,
თან ჩემი პაპებისია.

“ყ ი ვ ჩ ა ღ ი ს   მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა”
ლაშა გახარია

ვაი, რა ცუდი ყოფილა
ქართველთან ცოლზე ცილობა…
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანია მჭირს ჭრილობა!
რა მწუთხში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა

ყარყუმის ბეწვის მაგიერ-
ჭინჭარში წოლა დიალად;
უნდობლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა…

მაგრამ…
თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ…
თუ გულმა იალა, სისხმა იყივლა,
აგჩინჩხლა, თივისებრ აგაბრიალა!..
ხორცი-ხოხბისა
კი არა,
პური-თავთუხის
კი არა,
ღვინო-მუხრანის
კი არა…

უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიც გჭირდეს იარა.

ვაი, რა შარი ყოფილა,
ვაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისფერი ყოფილა
ქართველის ცოლზე ცილობა.
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ,
ათასგანა მჭირს ჭრილობა.

“უ ნ დ ა   შ ე გ ყ რ ო დ ა   გ ზ ა ზ ე   ყ ი ვ ჩ ა ღ ი”
ანა ჯანელიძე (ფრაგმენტი)

უნდა შეგყროდა გზაზე ყივჩაღი
ჩემდა ტკივილად უნდა სეგყროდა,
უნდა ეთხოვა შენთვის პურიდა
ღვინო ეთხოვა ჩემგან შეპყრობილს
და ჩემი თავი მოესურვილა
არ სჯერდბოდა რაკი  შენს ყმობას…
უნდა შეგყროდა გზაზე ყივჩაღი
უნდა შეგყროდა ვით ბედისწერა,
რომ ერთურთისთვის შეგეკლათ თავი
და დაგეოკათ გრძნობები მწველი…
მე რას ვიზამდი … რა უნდა მექნა,
ქალი ოცნებით სავსეა მარად.
უნდა მეპოვნა სხვა სიყვარული
სხვა ვნებიანი დღეების ფარი…

“ყივჩაღის მონოლოგი”
თამაზ წიკლაური
მუხრანის ბოლოს წამოვდექ
ადგილიც მახსოვს მისხლითა
ხმალო გამიძეღ გამოდექ
გაუმაძრარო სისხლითა

აი აქ შემხვდი პირსავსე
მკლავზე ნაწოლი ლომისა
ყელ ყური მთვარეს გიმსგავსე
ბადახშისა და ბროლისა

ცოლ-ქმარი შემომეყარეთ
მავალნი შორი გზისასა
მე შავ ჯოჯოხეთს შემყარეთ
ვაი ბედს ყივჩაღისასა

რა მოხდა ტმა ჩაგიშალე
ის კოცნაც რაღას გიზამდა
ისეთი რა დაგიშავე
ქმარმა რო ხმალი მისართა

გამრიყეთ გაურიყავი
ახსოვთ გზათა და მინდორთა
მაშინ კაი ყმა ვიყავი
თურქებს რო ვჩეხდი დიდგორთან

სისხლი ბობოქრობს ველური
გული როდემდე მტკიოდეს
სადა ხართ დავითფერული
შენი ქმრის თავზე წიოდეს

ათასი წლის წინ დაღვრილი
სისხლი გავლოკე ქვიშაზე
მუხრანთან გიცდით დაღლილი
ვარდის ფურცლობის ნიშანზე!

აფხაზეთი Timelapse


ძალიან ლამაზი ვიდეო უფრო ლამაზ ადგილზე (აფხაზეთზე). ეს პატარა ვიდეო გადაღებულია 2009 ვიღაც რუსის მიერ Motion-timelapse სტილში რომელსაც ალბათ როგორც ყველა რუსს აფხაზეთი მათ ნაწილად მიაჩნიათ, მაგრამ  უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზი გამოვიდა საყურებლად. დატკბით ამ სილამაზით