Month: იანვარი 2014

ზურაბ გორგილაძე


სულ ერთია ოცდაათის მერე

მინდორში ვარ და გაზაფხულს ვბაძავ,
ვქოშინებ და ვასავსავებ ხელებს,
არც გიმხელ და არც გიმალავ ასაკს,
სულერთია ოცდაათის მერე.
მეც მჩხვერავდა ხანჯალივით სისხლი,
მეც ნაბადი დიდოსავით ვთელე,
ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი,
სულერთია ოცდაათის მერე.
დღეს სურვილებს რა იოლად ვმართავ,
წყალდიდობა დამავიწყდა ღელეს,
ყველაფერი, აქ სიკვდილის გარდა,
სულერთია ოცდაათის მერე.

ჩემიც მძაფრი ტრიალებდა კალო
და ჰფანტავდა სიჭაბუკის ფერებს,
გამწირავ თუ შემივრდომებ ქალო,
სულერთია ოცდაათის მერე.

მხოლოდ ხსოვნის უკვდავია ძეგლი,
ნაფოტები სულ შერჩება ჭერებს,
დიდებაც და გვირგვინებიც ეკლის
სულერთია ოცდაათის მერე.
მზის ხავერდი მუდამ ახლდა კოცნას,
სხვა ხავერდებს ვერ შეიჩვევს ბაგე,
მარადისი კურთხევა და ლოცვა
მას, რაც დარჩა ოცდაათის აქეთ.
ვმღერი ასე ჩემს ნაღვლიან ქოხთან
და წარსულში თვალს ვადევნებ ძველებს…
მოსახდენი რა ხანია მოხდა!
ნუ მომძებნი ოცდაათის მერე.

———————————————–
ვინ რა იცის, ეს ასაკი
რა სასწაულს მომიტანს,
ღმერთო ჩემო!
დედავ ღმერთო!
სიყვარული მომინდა.
გამოვშორდი გაზაფხულებს,
მადლიანს, თუ ცოდვიანს,
შემოდგომას
სხვანაირი
აყვავება
სცოდნია…

სხვანაირად ზეობს იგი, სხვა ბანგით და ტრფობითა,
და მეც!… შემოდგომისფერი აყვავება მომინდა.
სულში რაღაც შორეული, შუქი გადაფოფინდა,
კაი ქალი მომენატრა, – სიყვარული მომინდა.
მშვენიერი მომენატრა, – ისე ჩემთვის იჩქითად,
ლამაზი და ხოშფანდურა აგერ რამდენიც გინდა…

არ გამოდის არაფერი ამ ამღვრეულ თრობიდან,
მოკამკამე ღვინისფერი სიყვარული მომინდა!…
არც არავინ არ ბრუნდება ერთგულების ომიდან,
დალახვრული ციხისფერი სიყვარული მომინდა.

დალახვრული დანაღმული ისე ჩემთვის იჩქითად,
თორემ ქევქევ წმაქაწმუქი, აგერ რამდენიც გინდა.
ვაი სულო! ბრმა ვნებები გამიკეთილშობილდა,
სულ სხვის სანთელს ვეჩურჩულე, შენს ვარსკვლავზე შობილმა,

განმგებელმა სასთუმალთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა,
სიყვარულით გამწარება! – გამგზავრება მომინდა.
ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან,
ღმერთო ჩემო!
სასიკვდილე
სიყვარული მომინდა!
გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს,
შემოდგომას
სხვანაირი
აყვავება სცოდნია…

———————————————————
ხალხურ კილოზე

ერთ ქალად შენი ტანი ღირს,
შხვართი ჭოროხის პირზედა,
ორ ქალად – შენი ზრდილობა
დამყნილი გვარის ძირზედა,
სამ ქალად – შენი ზნეობა,
ჯაჭვი ნამუსის ღილზედა,
ეს ლექსიც მაგათ ბრალია
ასე რომ ამიმიზეზდა.
ჯერ არ შობილა პოეტი,
არ მინდობოდეს იმედებს,
შენში ამდენი ქალია
ერთს ალბათ გამოიმეტებ!

——————————————————-
ორი ასაკი

ნეტავ რომელი შეინახავს სიყვარულს უფრო?!
ისე მხურვალედ, ისე მორცხვად, ჩუმად და ნაზად,
ქალი, რომელსაც უბდგიალებს ვარდის ასაკი?
თუ?…
ქალი რომელიც გადასცილდა ჩიტლეღვას ასაკს?
ნეტავ რომელი მოიხურავს ღამეულ ვნებებს?
ყრუ სიბნელეში გაიანჩხლებს რომელის რაზა?
ქალის, რომელიც მოლოდინმა გამოაღამა?
თუ?..
ქალის, რომელიც მიეფარა ბალზაკის ასაკს?
ნეტავ რომელი შეიშვენებს დედობას უფრო?
და აღამაღლებს უზნეობით ფარავენ რასაც,
ქალი, რომელსაც უყიჟინებს გრძნობის ასაკი,
თუ?…
ქალი რომელიც მორჩილდება განგების ასაკს?
“ნეტავ” და “ნეტავ” –
მაბოჟირებს ეჭვი მუდამ დღე,
მზის მოძალებაც გაფითრებულ გაზაფხულს წინდავს,
ღმერთო! – ამ ორი დედაკაცის ცოდვას ნუ დამდებ,
სხვა დანარჩენი როგორც გსურს და რამდენიც გინდა.

—————————————————

არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,
ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის,
მეც ჭადრაკს ვთამაშობ და მხოლოდ მოგება,
ყაიმი, ძვირფასო ვერაფერს მიშველის.

შენ ადრე მიხვდები და გვიან გაიგებ
და განსჯი, ვითარცა სინათლეს შეჰფერის,
როგორ პატრონობენ უთავო პაიკებს
დროის და დახლების ცბიერი მეფენი.

როგორ უსისხლხორცეს მცონარა პაიკებს,
ქისტების კასტებმა, უგვანო გვარებმა,
ჩვენმა წინაპრებმა საფლავშიც გაიგეს
ჩვენი სირცხვილი და ჩვენი მწუხარება.

გახსოვს ქვითინებდნენ ქარები დაფნაში
და ზარებს ვიღაცა რეკავდა დილამდე,
შეწირვაც იყო და იმ მძუან თამაშში
მამულის ღიმილის ღირსებას სწირავდნენ.

დღეს ჩემი მჩქეფარე აფრები იშლება,
ჩემს ნაფოტს მაღალი მნათობი დანათის,
რას მომცემს, რაც მოხდა ტალსა თუ ფიშერთან
დროის ორგიებით ფიქრის კაკანათით…

ოჰ, კიდევ ჩვილი აქვს ფრჩხილი და ნუნები
ჩემს ბებერ ბავშვებს და ჩემს ქალებს კაპასებს,
ადგილს ინაცვლებენ ბეცი ფიგურები
ამ გასაოცარი ჭადრაკის დაფაზე.

ეს მხოლოდ დროებით… დრო მიდის დრამებით,
ხალხთან ითამაშო მძიმე და ძნელია,
ცარიელდებიან დაღლილი სკამები
და ახალ ჟინსა და ჟრუანტელს ელიან.

არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,
ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის…
ჩვენც ჭადრაკს ვთამაშობთ და მხოლოდ მოგება,
გახსოვდეს, ყაიმი ვერაფერს გიშველის.

ნიკო ფიროსმანის ნახატების ანალიზი


ქალი დაირით

ქართველი ქალი დაირით, 1906 წ.
“ქართველი ქალი დაირით”, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისათვის, და წარმოსახავს იმ დროინდელი ქართველი ქალის იერსახეს. მხატვარი გვაჩვენებს ქალის ჩაცმულობის კულტურას, სამკაულებს, თავის დაჭერის მანერებს და ა. შ. რაც ძალიან საინტერესო ფაქტორია დღევანდელი დღისათვის. პორტრეტი ფრონტალურია, ცენტრშია წარმოდგენილი თავადის ქალი, კომპოზიცია გაწონასწორებულია ტახტზე მარცხნივ დადებული მუთაქით (რომელიც ქალბატონის უკან არის მოთავსებული) და მარჯვენა ხელში დაირით. ძირითადი ტორსი ლურჯ ფონზეა წარმოდგენილი. ლურჯ ფერს თვალი პერპექტივაში გაჰყავს და პორტრეტი სიბრტყობრიობას კარგავს, რაც ძირითადად მახასიათებელია ფიროსმანის შემოქმედებისათვის. ფრონტალურად დაყენებული ფიგურა თითქოსდა მავედრებელ პოზაშია (მარცხენა ხელი მიმართულია მკერდთან მფრინავ ჩიტისაკენ). ასეთი პოზები მოგვაგონებს ძველ ქართულ მონუმენტურ მხატვრობას და მასთან ერთგვარ კავშირს. ქალს შავი კაბა აცვია, წითელი ქამარი აქვს შემორტყმული და წითელ კოპზე თეთრი მანდილი უკეთია. სახე ტიპიურ ქართველ ქალს უგავს, მოოქროსფრო კულულა თმებით, რაც იმ დროის ვარცხნილობის მოდაზე მიგვითითებს.

სურათის ფერადოვნება ძირითადი 4 ფერისაგან შესდგება: შავი, თეთრი, ოქროსფერი და ცისფერი. სურათი შავ გრუნტზეა შესრულებული, რადგან საღებავის ქვემოდან იჭვრიტება შავი საფუძველი – დერმატინი, რომელსაც იყენებდა ფიროსმანი. ფორმები გამოყვანილია ძირითადათ მოხაზულობის და მკრთალი შუქჩრდილების მეშვეობით. სურათის კოლოტი კი კაშკაშა წითელია, რაც ფერადოვან კომპოზიციას კარგად აწონასწორებს და ერთგვარად სურათის გამოცოცხლების საშუალებას იძლევა. ამასთან წითელი არეგულირებს თვითეულ ცივ ტონს, თეთრი კონტურები კი ხაზს უსვამენ და შავი კაბისაგან გამოყოფენ მეტად წითელ აქცენტებს. მხატვარი მშვენივრად ახერხებს მინიმალური ხერხებით გადმოგვცეს ფაქტურულობა, მოდელირება. შავი კაბის, მუთაქის (რომელიც რამოდენიმე ხელის მოსმით არის მინიშნებული). მანდილის გამჭირვალე ფაქტურა, სახისა და ხელის მოდელირება თუ სხვა კომპონენტი, რომელიც მოცემულია სურათზე აღიქმება მშვენივრად. რასაც მხატვარი მონასმების მიმართულებებისა და მისი დადების სიხშირის ცვალებადობით აღწევს. ჩიტი, რომელიც სურათშია შემოყვანილი, როგორც მშვიდობის სიმბოლო და სურათის ერთადერთი მოძრავი სხეული, რომელიც დახატულია სულ რამოდენიმე მონასმის მეშვეობით. განათება სურათზე ერთი შეხედვით ხელოვნურია, რადგან მკვეთრად მინიშნებული, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას, რომ სურათზე სინათლე მარჯვენა მხრიდან შემოდის, რადგან კაბის ქვედაბოლოზე, დაირით შუაში ფონზე, ტახტზე და იატაკზე მარჯვენა მხრიდან არის დადებული ბლიკები, რაც განათების მიმანიშნებელი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ სურათი ერთგვარად სტატიკურია, ის საოცრად მეტყველია, ადვილად შემოდის მნახველთან კონტაქტში. ერთის მხრივ თხრობითიცაა. კარგად გადმოსცემს თავის სათქმელს. სადაც თანადროული ყოფითი ცხოვრების ინდივიდუალური პირი, პიროვნება, მისი ხასიათი და მისი სოციალური მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება. ავტორმაც განუმეორებელი მხატვრული ტექნიკითა და ხერხებით ცოცხლად მოგვაწოდა თავისი დროის შესახებ ინფორმაცია, რაც ეთნოსისა და ისტორიული ჭრილში ერთ-ერთ ღირებულ ნიშანს წარმოადგენს. ამ სურათის მიხედვით ფიროსმანის როგორც შემოქმედის დახასიათება სრულიად შესაძლებელია, ის მინიმალური ხერხებით გადმოგვცემს ადამიანის ინდივიდუალურ ნიშნებს, მის ხასიათს, ემოციას. მიუხედავად იმისა რომ ფიროსმანის ფიგურები უმეტეს წილად განყენებულები არიან ერთ ადგილზე და გეგონება, რომ ერთი წამით შეჩერდა კადრი, ისინი მუდამ ცოცხლობენ ამ კადრის მიღმა. მხატვარი გვაჩვენებს მათი ცხოვრების მხოლოდ ერთ მომენტს და ამაში ჩააქსოვს ხოლმე მათი ცხოვრების მთელ ისტორიას.

**********************************************************

წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი
წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი

გლეხის ქალი ბავშვებით მიდის წყალზე ფეხშიშველა, ნაღვლიანი სახის გოგო-ბიჭი მისდევს უბრალო, სოფლელ ქალს. ქალი ფეხშიშველაა, ჩაფიქრებული, კოკა მოუგდია მხარზე, წინ ბიჭი გაუგდია, უკან გოგო მოსდევს, მასაც დედასავით მხარზე გაუდევს დოქი. ბნელა, უმთვარო ღამეა, ეტყობათ დაუღამდათ წყალზე წასულ დედასა და შვილებს და ახლა ნელი ნაბიჯით მიიზლაზნებიან.

************************************

ძიძა

ძიძა, 1905 წ.,

ფიროსმანმა ცხოვრებიდან მხატვრობაში შემოიყვანა მოუსვენარი ძიძა, რომელსაც ჩვილი აუტაცებია და სიყვარულით დასცქერის. ეს ალუღიშვილების ძიძაა, რომელსაც ნათლული ჩააბარეს. ყველაფერში უბედურსა და დაბეჩავებულს არც მირონში გაუმართლდა და 2 წლის თვალხატულა ნათლული ავადმყოფობამ გამოაცალა ხელიდან.

*****************************************************

ექიმი ვირზე
ექიმი ვირზე

ექიმი ვირზე ვირზე შემჯდარ მკურნალს ქოლგა მხარზე გაუდევს და სოფელ-სოფელ დაჩაქჩაქებს ავდამყოფთა საშველად.
****************************************************************
5
1906, ტახი

1906, ტახი სურათში «გარეული ტახი» ტახის ფიგურა თავისი ველურობით და უცნაური აგებულების სიუშნოვით ღიმილის მომგვრელია. მაგრამ, ამასთანავე, ტახის ფიგურა დაძაბულია ფორმის შეკრულ სიმძლავრეში და ტრაგიკულიც არის თავისებურად. ტახის სიველურის ბრმა თვითგაუცნობიერებელი იდუმალობა თავისი უცნაური თავით გაკვირვების აქცენტით არის, თითქოს თემატიზებული. იგი მუშტივით შეკრული ენერგიული სტიქიაა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, კლდეს გახვრიტავს ეშვებით, მისი სურეალური აგებულება თან ღიმილის მომგვრელია, თან დრამატული. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”

******************************************************

მეეზოვე
მეეზოვე

მეეზოვე რიყეში, ზაქარია ჩიქოვანის სახლის სარდაფში მოთავსებულ სასადილოში, რომელსაც ერქვა ,,ბოლო კეთილი” და ეკუთვნოდა ორ ძმას აბუაშვილს, ნიკალამ დახატა ყველასავის ცნობილი წვერებაბურძგნილი, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდული ,,დვორნიკი” (მეეზოვე), ეს ხომ მირზოევის ქარვასლის მეეზოვე, იეზიდი რაშიდ ადამოვია.

მაყურებელმა რომ უფრო ახლოს დაინახოს გმირი, ფიროსმანი თავიდან იშორებს ყველაფერ ზედმეტს. ისევე როგორც მის ნახატებში “მზარეული”, “მუშები”, “ორთაჭალელი ტურფები”, “ლომი”, “მეეზოვე” წარმოდგენილია გაშიშვლებულ ატმოსფეროში.

ფიროსმანის ხატვის სტილი, წარმოგვიდგინოს თავისი პერსონაჟები შიშველ სცენაზე, შესაძლოა შევადაროთ თეატრალურ წარმოდგენას, რომელშიც მსახიობები ითამაშებდნენ დეკორაციების გარეშე. როგორც თეატრალურ წარმოდგენაში, ასევე ნახატზე, ამ შემთხვევაში ერთი მიზანია: მაყურებლის ყურადღების გამახვილება პერსონაჟზე ან მსახიობზე.

მეეზოვის ზურგს უკან ჩვენ ვერ ვხედავთ არც ეზოს, არც სახლს, არც ნაგავის გროვას, არც დაცვენილ ფოთლებს, არც ცოცხს. მრავალფეროვანი დეკორაციების და გრიმების საშუალებით გაადვილებულია მსახიობის ამოცანა. უნიღბოდ, შიშველ სცენაზე თამაშისათვის საჭიროა სახის შინაგანი ხედვის დიდი ინტენსიურობა. ამის გარეშე სიტყვები

«მეეზოვის» იერსახე დაუნდობელი, შეიძლება აგრესიული ასპექტითაც კი არის ინტერპრეტირებული. «მეეზოვე» სასაცილოა თავის სიუშნოვით და ველური გამომეტყველებით. მაგრამ მისი სიუშნოვე ღიმილის მომგვრელობის პარალელურად ღრმად დრამატულიც არის და თანაგრძნობას იწვევს. სწორი დრამატული ძალა აკეთილშობილებს მეეზოვის დისპროპორციულ იერსახეს. დამაჯერებლობის, ადამიანის ხასიათის გახსნის და დიდი ინტიმის შექმნის მიზნით ბევრი მხატვარი ცდილობდა და ცდილობს იერსახეებში თანხვედრულად შექმნას სასაცილოობის, კეთილშობილი ტრაგიკულობის, ველური სიცოცხლისუნარიანობის ელემენტები. მაგრამ ეს მეტად ძნელი განსახორციელებელი ამოცანაა. მხატვარს შინაგანად და უნებლიეთ თუ არ გააჩნია ადამიანის სიუშნოვეში შინაგანი კეთილშობილების და მშვენიერების აღმოჩენის უნარი განგებ ვერაფრით ვერ გამოიმუშავებს ასეთ ხედვას. ეს ხედვა შინაგანი ხდომილებაა და გამომდინარეობს ძლიერი პიროვნების მხრიდან ადამიანისადმი თანაგრძნობის ქრონიკული განწყობიდან.

თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”

***********************************************************
კახეთის ეპოსი
კახეთის ეპოსი

კახეთის ეპოსი ფიროსმანის სიცოცხლის წლებში მის ერთერთ დიდ სურათს ვიღაცამ «კახეთის ეპოსი» დაარქვა სახელად. სიტყვა ეპოსი ფიროსმანის მხატვრული სისტემის ერთერთი თვალსაჩინო თვისებაა. ფიროსმანის ფართე ხედვა, ეპოსური ენა ეფუძნება საქართველოს იშვიათად სწორ შეგრძნებას. მისი შემოქმედება მხატვრული ჟანრების მთელი კომპლექსისაგან შედგება: 1. ნატურმორტები, 2. ცხოველები, 3. პორტრეტები, 4. პეიზაჟები, 5. ჟანრული კომპოზიციები, 6. ეპოსური კომპოზიციები, 7. აბრები. საბოლოო ჯამში მის სურათებში ზედმიწევნით სავსე საქართველოს ხატი იქმნება. ამ ხატში თავისი ადგილი იპოვეს საქართველოს ბუნების ისეთმა დეტალებმაც, როგორიც ყურძნის მტევანი ან ბალახია, ისეთმა ვრცელმა სივრცეებმაც, რომელსაც საქართველოს კლდეები, მთები და ზეგანები ქმნიან. ადამიანთა ყოფიერების გამომსახველი ეპიზოდები სწორედ ამ დეტალებისა და დიდი სივრცეების გარემოშია კომპოზიციურად განფენილი. სივრცის ერთ ლაბირინთში მოქეიფეები შემოსხდომიან მოლზე გაშლილ თეთრ სუფრას, მეორე ლაბირინთში ადამიანს ძარცვავენ ყაჩაღები, სხვაგან კაცი უწყინარად მიდის ტვირთით ზურგზე, იქით კაცი ჯოგს მწყემსავს, შორს თეთრი ეკლესია მოჩანს, მის თავზე ჩიტების გუნდი მიფრინავს, შარაგზაზე ადამიანების ჯგუფი მიემართება, სხვა ლაბირითში ქორწილია, მთასთან მყუდრო ადგილას მოხუცი ლოცულობს და ა.შ. ადამიანებით და ბუნებით სავსეა ფიროსმანის დახატული საქართველო, მაგრამ საქართველოს ხატი სრული არ იქნებოდა, ფიროსმანს თავისი ხასიათი რომ არ გამოევლინა სხვადასხვა მხატვრულ ნიშნებში და ფაქტორებში. ოსტატური მიგნებით არის დაყოფილი სივრცე სხვადასხვა ლაბირინთებად შიშველი კლდეების საშუალებით ნახატში «კახეთის ეპოსი». კლდეები არც ისე გრანდიოზული ზომებისაა, მაგრამ მეტაფორულად საქართველოს კლდოვანი ლანდფშატების შთაბეჭდილებას ტოვებენ. კლდეების მეშვეობით მხატვარი მთლიანი ხედის სხვადასხვა შრეებს ქმნის. ერთერთ ლაბირინთში თეთრი ეკლესიის თავზე თეთრი ჩიტები მიფრინავენ. მეორე კლდის გამონაშვერის ძირას დიდი სახლის თავზე შავი ფრინველები მიფრინავენ ცის სივრცეში. მესამე კლდის ზეგანზე მთელი სოფელია გამოსახული. მთლიანობაში იქმნება უზარმაზარი სივრცე. ნახატის წინა პლანზე კი ადამიანის ყოფიერების სხვადასხვა ეპიზოდებია ჩაწერილი. კომპოზიციაში სულ რამდენიმე ხეა დახატული, მაგრამ მიწის ძლიერ ზეგანებთან თანაფარდობაში ოაზისური ხილვების შთაბეჭდილებას ტოვებენ. როგორც სინამდვილეში უჭირავს მთებს და კლდეებს დიდი ადგილი სივრცეში, ისევე ნახატის შეზღუდულ სიბრტყეზე უჭირავს დიდი ადგილი მცირე ზომის კლდეს, თუ ზეგანს. ფიროსმანი ხშირი მცენარეულის ნაცვლად მიწის მკვრივ ზეგანებს, მთის ფერდებს და ველებს გამოსახავს.

თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”

********************************************
ქორწილი ძველ საქართველოში, 1916 წ.
ქორწილი ძველ საქართველოში, 1916 წ.
ჩამობნელებულა კახეთის ცაზე. ქორწილია, ღამით მაყრიონი ჯვრის წერიდან ბრუნდება. წინ ნეფე-დედოფალი მიუძღვით, ცხენებიც საზეიმო განწყოილებით არიან აღჭურვილნი. მრავალჟამიერ გუგუნებს ფიროსმანის ტილოზე ,,ქორწილი კახეთში.” მექორწილეებს დასალოცად ეგებება სოფლის უხუცესი, დაირითა და სიმღერით კი ახალგაზრდობა. ხეზე ჩამოკიდებულ ბაირაღს მაყრიონიდან გამოსული რაინდი თოფს უმიზნებს, რათა ერთი გასროლით ძირს ჩამოაგდოს და დედოფალს მიართვას. შორს მოჩანს ორი ეკლესია. მხოლოდ მხატვარმა იცის, რომელში იყვნენ ჯვარდაწერილი მექორწინენი.

********************************************************
სააღდგომო ცხვარი
სააღდგომო ცხვარი
სააღდგომო ცხვარი ნატურმორტული პრინციპითაა შესრულებული «სააღდგომო კარავი». იგი მსხვერპლის ღრმა შეგრძნებით არი დახატული და შესაბამისად ღრმად რელიგიურია. სიტყვით აუწერელი მწუხარება გამოსჭვივის კარვის თვალიდან. იგი გაკრეჭილია და მორჩილად დგას მაგიდაზე ჯვარიან პასკას და და საჭმელიან თეფშებს შორის. ნახატი მდიდარი მუქი კოლორიტით გამოირჩევა. შავი ღვინისფერი ელფერის მქონე გარემოში ყველაზე ნათელფეროვან ადგილს სიბრტყეზე კარავი წარმოადგენს. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”
**************************************************************

1908, შეშის გამყიდველი ბიჭი
1908, შეშის გამყიდველი ბიჭი
შეშის გამყიდველი ბიჭი, 1908 წ. შეშის გამყიდელ ბიჭს ვირისთვის აუკიდია შეკრული შეშა და ქალაქში მიაქვს გასაყიდად. სურათში «შეშის გამყიდველი ბიჭი» შეშაგადაკიდებული სახედრის სახე იმდენი მნიშვნელობის გრძნობებს გამოხატავს, რომ ბიჭის სახეზე არანაკლებ პორტრეტულ აქტიურ აქცენტს ქმნის კომპოზიციაში. სახედრის გამომეტყველებაში გამომზირალი მორჩილება, საყვედურნარევი შეკითხვა, ღრმა სევდა, დაფიქრების მსგავსი განწყობა განცდათა ტალღებივით მიიქცევიან და მოიქცევიან მაყურებელში. ვირი თან ველურია, თან მოთვინიერებულია, კომიკურიც კია თავის თვითგაუცნობიერებელ ყოფაში ღრმად საზრისიანი გამომეტყველების გამო. სახედრის სახესთან თანაფარდობაში ბიჭის პროფილი თავის დისპროპორციულ სიუშნოვეში უთუოდ სასაცილო გროტესკის პრინციპითაა გაკეთებული. მაგრამ განსაცვიფრებლად სუფთა და გულუბრყვილო ხასიათის შემცველია. ბიჭის სახე ვირის გამომეტყველებაზე არანაკლებ ველურად სუფთა და სევდიანია. ტრაგიკულის და კომიკურის განუსაზღვრელი სინთეზი სიწმინდის იმპულსის დამატებით მჭვრეტელში ინტენსიურ შეგრძნებათა ურთიერთმონაცვლე მძლავრ ნაკადს წარმოშობს. ბიჭის და სახედრის სახეებს შორის «ალა პრიმა» ტექნიკით ოსტატურად შესრულებული შეშის ფორმები ცინცხალი ფერწერული რიტმით ემოციურ ზვირთებს მატებს პორტრეტების გამომეტყველებებს.

თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”

****************************************************

სიმონ ჩიქოვანი -9 მარტი


simon chiqovani

წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია,
ტყვია ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა…
ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა,
– რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება.
ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს,
ჩემი ოცნება აქ დამიწდება
და გზებზე მარტის წყევლა მატარებს…
მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს,
დამჭრეს და პირი დამიხშვეს წუხელ.
მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე,
გული მეწვის და ვერავის ვუმხელ,
სამშობლოვ შევცდი და მაპატიე…
მტკვართან აპრილი არ მოვა წლეულს,
ნაპირებს კვეთავს სისხლის ტბორები
და საქართველოს დაჩეხილ სხეულს
ჭრილობებს ვბან და ვეამბორები”.

1956 წლის 9 მარტი

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია


ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი

კალანდაძე ანა

ასე არასდროს არ მყვარებია


ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად…
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!

/ოთარ ჭილაძე