Month: ნოემბერი 2015

გაიცანით, მთარგმნელი მარინა გოგოლაშვილი


1969302_223416094533751_1327592755_n

გაიცანით, მთარგმნელი მარინა გოგოლაშვილი. ზოგადად, უზომოდ მახარებს საქართველოში მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერება. დამეთანხმებით, ალბათ, შეჭიდება მსოფლიო კულტურის ვარსკვლავურ კოჰორტასთან, ნიჭისა და მონდომების გარდა, დიდ სითამამეს მოითხოვს. ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჟურნალისტ მარინა გოგოლაშვილის მარინს ცვეტაევას ლექსების თარგმანზე. ამ თარგმანის უპირველეს ღირსებად მივიჩნევ ცვეტაევასეული მძლავრი მუხტის შენარჩუნებას, შერწყმულს ბგერათა სიფაქიზესთან. ვფიქრობ, სწორედ ამ სეგმენტებით ახერხებს მთარგმნელი, არ გადაუხვიოს დედანს და არ შექმნას სხვა, უკვე საკუთარი, რემინისცენცია, რაც, ცხადია, დაუშვებელია მთარგმნელობით პროცესში. მარინა გოგოლაშვილის თარგმანებს შორის მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო ლექსზე „სარკესთან“:

სარკეს ჩავცქერი დაჟინებით, სარკე ბნელია.

მსურს, დავინახო, რა იდუმალი გზები გელიან.

სად შეისვენებთ, სად გექნებათ თავშესაფარი?

ხომალდის ანძა, გემბანზე- თქვენ, სხვა არც ვინ არი.

მატარებელი მიაპობს ველს, მის კვამლში გხედავთ.

სევდიან მიმწუხრს გაჩქარებით სად მიქრის ნეტავ?

საღამოს ველზე ქვითინებს ცვარი, სხედან ყვავები,

ჯვარი გწერიათ, ოთხსავ კუთხივ, სალოცავების!

პირადად მე თამამად ვიტყოდი, რომ ეს თარგმანი არ ჩამოუვარდება დედანს. მინდა, წარმატება ვუსურვო ქალბატონ მარინას, რადგან მთარგმნელობით ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა. სხვას ბევრს აღარაფერს დავწერ, ყოველივეს მთარგმნელის შემდგომი მოღვაწეობა და ლიტერატურული ზესემანტიკური სივრცე დამკვიდრებს. წაიკითხეთ მარინა გოგოლაშვილის თარგმანები, გაიცანით მთარგმნელი მარინა გოგოლაშვილი.

მაია ჩოლოყაშვილი