Month: ნოემბერი 2017

ვაჰმე რავქნა რომ მწყემსი ვარ – ზურან ბენიაიძე


23519197_1553293364764855_6554893988915910306_n

ვერ გაგამტყუნებ ქალაო
რომ გამომარჩევ სხვებშია
მოგწონვარ მარა ვერ მეტყვი
სხვა ფრივ გამზარდეს მთებშია

შენ პრინცებს ნატრობ
და მე კი , ფარას ვუთენებ კლდებშია
სიყმაწვილ დაუსრულებელ
ჭაღარებს ვითვლი თმებშია

არც სურნელ მოგეწონება
ნამწყემსრის , ნავალ ცხვრებშია
შენ მდიდარ შვილებს ინატრებ
მე ბატკანს ვიკრავ მკერდშია
თბილად ჩააცმევ მეუღლეს
სიტკბოს გაურევ ხმებშია
მე კი არ მწვდება ნაბადი
ყინვა გამივლის ძვლებშია

მოიწყენთ აჰქვითინდებით
თურმე სიმდიდრეც ჰყინავსა
მეკი ცრემლიც არ მამწყდების
წამწამზე შამაყინავსა
მერე ერთურთსაც მაიწყენთ
პრინც , პრინცესების წესია
მიხვდები ჩემი ცხენი სჯობს
შენ პრინცზე უკეთესია
ფანდურზე შამოგიმღერებ
მწყემსი ვარ გულ მოკლულია
აქ მთები არჩენს ტკივილებს
მანდ კი სიმდიდრე წყლულია

ზვავებსღა ვუთვლი ბეჩავი
მაგ შენი მონატრებისა
გიგროვე დეკის ყვავილი
მაგრამ მოსვლა არ მეღირსა
ვაჰ მე რავქნა რომ მწყემსი ვარ
თუ უგზო უკვლოდ ვიარე
ვიცი ცხოვრება ხარბია
ვაჰ მე რომ დავაგვიანე
მაგრამ ხადლების წესია
თვითონ უფალიც მწყემსია
გულნი მოუკლავს სიხარბეს
ერთურთზე უკეთესია
ზ. ბენიაიძე

მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


23513219_759254650949890_1493241065_n
* * *
სითეთრე – შავ-ზავთი მდუმარი,
გაფითრებული წმინდა ტაძარი,-
აავსებს სოდომს საფლავ – სამარით,
არა ხმლით – დარაკით დუმფარის.

სითეთრე – შედევრი ღვთიური,
ემბაზი – დღეგრძელობის პირობა.
ხალხის და გულის მეფის გმირობას
ძღვნად – უფლის ყვავილი მზიური.

მგელი ტარიგთან ომში მოკვდება,
თუმც ჯერ ხარობენ ავაზაკები.
დედაქალაქი – ღამის ლაქებით-
დილით თეთრ ლეგიონს შეხვდება.
1918წ.
* * *
Белизна — угроза Черноте.
Белый храм грозит гробам и грому.
Бледный праведник грозит Содому
Не мечом — а лилией в щите!

Белизна! Нерукотворный круг!
Чан крестильный! Вещие седины!
Червь и чернь узнают Господина
По цветку, цветущему из рук.

Только агнца убоится — волк,
Только ангелу сдается крепость.
Торжество — в подвалах и в вертепах!
И взойдет в Столицу — Белый полк!

ჯალალ ედ დინ რუმი


18815023_1444397562265507_5215139423714580966_o

მე ერთი კოცნა შეგთხოვე და შენ ექვსით დამხვდი,
შეგირდი გერქვა, დღეს კი თურმე ოსტატი გახდი;
ყველა სიკეთე-სიქველეში გვერდით რომ გვახლდი,
შენი სილაღით ათასობით გულში ჩასახლდი.

გუშინ ის იყო, რომ სიამე სულში გვერია,
დღეს კი ამქვეყნად თითქოს ყველა ბედნიერია,
აფსუს, რომ უფლის განჩინებით ამ ჩვენს დავთარში
“გუშინ” სხვა გვერდზე, “დღეს” კი სულ სხვა გვერდზე წერია.

არ ვიტყვი შენში მე მთვარის მსგავსს რომ მივაგენი
ან საროსი გაქვს მიმოხვრანი დასადაგენი;
სადა აქვს საროს შენი მსგავსი ჰაეროვნება?
ანდა შენსავით სად აქვს მთვარეს ლალის ბაგენი?

დღეს ღვინოს დავლევ, მინდა ისევ მთვრალმა ვიარო,
ჯამის ცეცხლიდან დანთებულმა ალმა ვიარო…
ჭკვიან კაცს ვეძებ ამ ქალაქში, რომ დავათრო და
ისიც გაგიჟდეს… განა ასე ცალმა ვიარო…

სევდა რა არის? ხალხის წუხილს რაისგან აგებს?!
რას უზამს კაცთა მოდგმას წყლით და თიხით ანაგებს?!
ადამიანის გულში ღმერთი ისე, ვით ზღვაა,
რომლის ტალღები ცის თაღების ბრუნვას განაგებს.

ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით,
არ გეგონოს, რომ დამენანოს საწუთრო რამით;
ნუ დამიტირებ და ნუ მეტყვი – ვაი, ვაი შენ!
“ვაი” მაშინ თქვი, თუ საწუთრომ დამგესლა შხამით.
ჩემს საცხედრეს რომ დაინახავ, არ თქვა “მშვიდობით!”,
მე საპაემნოდ წავალ მაშინ უსულო გვამით.
დამფლავ და საფლავს არ უწოდო ყრუ უკუნეთი,
ის აჟღერდება სატრფიალო თავშეყრის ჩქამით.
ჩასვლა თუ ნახე, ზეამოსვლაც უნდა იხილო,
მთვარე რომ ჩადის, განა ზიანს ნახულობს ამით?
ქვე ჩასვლა შენთვის სასრულია, ჩემთვის – საწყისი,
და მხიბლავს მე ეს სულიერი განწმენდის ჟამით.
თესლს რომ თესავენ, სხვა დასაბამს წარმოშობს იგი
და ადამის ძეც განახლდება სხვა დასაბამით.
სიტყვა გაწყვიტე ამიერ, რომ იმერ ზენამ
შენც გისმინოს და მოგეახლოს ტრფიალში დამით.

მაგალი თოდუას თარგმანი:

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი,
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.

განვედი, ძილო, და გულისწორთ

განვედი, ძილო, და გულისწორთ,
ჩემთ, უშვი ხელი,
თორემ სულ მარტოდმარტო დავრჩი
აშიყი ძველი.
ასე ქვებივით რომ დამკიდე
ნაჭაზე იჭვის,
ქვეშ კიდევ ცეცხლი რომ შემინთე
ასეთი მწველი,
ეს მაინც მითხარ, ამ ჩემს სულში
რას წალავ ასეთს,
რა იხარშება ასე ნელი
და ასე ძნელი?
რა გახდა მართლა, ერთხელ კეფაც რომ მოვიფხანო,
ისე დამიბღვერ,
კაცის ვიყო თითქოსდა მკვლელი.
შენ კვნესა ჩემი არც კი გესმის,
შენ არც მომხედავ,
თუმც სახვეწნელად გამოწვდილი შენსკენ მაქვს ყელი.
ამაღე ხელი, სიცოცხლეო,
ამაღე ხელი,
ამაოდ მელი შინ მშვიდობით,
თუ მართლა მელი.
მე სხვა გზა მიდევს,
სხვა მეძახის,
სხვა მელოდება,
ვიშ რა წარმტაცად გადაშლილა
არყოფნის ველი!

ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი

ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ.
ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.

ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი,
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი, მე და შენ.

ჩვენს სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.

ორნი აღარ ვართ, შეგვანივთა სიამის ჟამმა
და დავუტევეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.

ტრფობის სურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა,
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.

ჰე, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით
და როცა გვწადდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.

შენ ხორასანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ.

მენიაზება

მენიაზება: წუთისოფელში
ამ ჩემს კაეშანს არ აქვს სამანი…
გულდაკოდილი მივდევ გზასავალს,
თვალუწვდენელი მიძევს სავალი.
ჰო, მტანჯავს ჩემნი სალმობანი და
ნაღდად არ მინდა ეშმას წამალი.