Month: თებერვალი 2019

პაატა ამონაშვილი მარკუს ფაბიუს კვინტილიანე (ნაწყვეტი რომანიდან) (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)



მწერალი და ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი თავის სახელოვან მამასთან, შალვა ამონაშვილთან ერთად.

ერთ ადგილას გაშეშებული აქტუარუსი ვერ ხვდებოდა, მისი პატრონი ვის მიმართავდა.
ის ხომ ვერ ხედავდა ბერს, რომელიც ავადმყოფის საწოლთან იდგა და კვინტილიანეს ეუბნებოდა:
-ჩემთან იყო ღვთის სიტყვა. ჩემი მეტყველება ჩემგან კი არ მოდის, არამედ მისგან. ადამიანს არ შეუძლია ფლობდეს იმას, რაც მას არ ეკუთვნის. სიტყვა ხომ ღვთისგანაა და არა ადამიანისგან. განა არ იცი, რომ პირველად იყო სიტყვა? ის იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო ღმერთი. სამყარო სიტყვით შეიქმნა, სიტყვითაა დაცული მასში ბალანსი და სიტყვითვე შეიძლება ის დაემხოს. როგორც ყველა სრულყოფილი ძღვენი, ასევე ამაღლებული სიტყვაც, მხოლოდ მამისგან გამოდის. მან ჩვენც ჭეშმარიტი სიტყვით შეგვქმნა. და ვინ ვართ ჩვენ? ადამიანები გაორებული აზრებით, ჩვენს სავალ გზებზე მყარად ვერ მდგომნი. საკუთარი ავხორცობისგან შეცდენილნი, ჩვენივე პირიდან ამოსული სიტყვებით შებილწულნი. შებილწული პირიდან კი მხოლოდ მყრალი, სიდამპლე შეყრილი სიტყვები ამოდის. მაშ, განა არ არის საჭირო, პირი გამოვიწმინდოთ, სანამ მჭევრმეტყველებას ვასწავლით? სუფთა პირიდან უფლის სიტყვა თავად იბადება და ცოცხლობს, როგორც ლამპარი, სიბნელეში მანათობელი მანამდე, სანამ დღე არ დაიწყებს ნათებას და ცისკრის ვარსკვლავი ადამიანთა გულებში არ შეაღწევს. შენ ეს გაიგე და შენს მოძღვრებებში ეს გამოხატე. მომავალი თაობებისთვის საკუთარი ცოდნა დატოვე, როგორც ძვირფასი განძი, როგორც მემკვიდრეობა…
მარკუსი მახარებელს ცრემლით სავსე თვალებით უსმენდა და უპასუხა:
-მართალი ხარ, მახარებელო! სამყაროს შემოქმედმა ადამიანი ცხოველისგან ყველაზე მეტად იმით განასხვავა, რომ სიტყვის თქმის უნარი მიანიჭა. ვხედავ, რომ პირუტყვები ჩვენზე აღმატებულნი არიან სხეულითაც, ძალითაც, მოთმენის უნარითაც, სისწრაფითაც.მათ სიარულსა და საჭმლის მოპოვებას თავად ცხოვრება მასწავლებლის გარეშე ასწავლით. საკუთარი სხეული სიცივისაგან იცავთ, მტრების წინააღმდეგ ბუნებრივი იარაღი მოეპოვებათ და საკვები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებათ. ადამიანს კი ეს ყოველივე დიდი შრომის შედეგად ეძლევა. სამაგიეროდ, ჩვენ მოგვეცა გონება, ზეციური შთაგონება, რითაც შემოქმედმა უკვდავ არსებებად გვაქცია. მაგრამ რა ფასი ექნებოდა გონებას, თუკი ვერ შევძლებდით, სიტყვებით გამოგვეხატა ის, რასაც აზრებით ვწვდებით. აი, ცხოველებს რა არ გააჩნიათ! აი, რატომ ვშრომობდი, ვქმნიდი რა ჩემს „ორატორის მოძღვრებას“ სიტყვის შესახებ… ამ შრომის დროს შენ შთამაგონებდი…მახარებელო….ახლა სამუშაო დავასრულე და მე ბედნიერებით ვარ სავსე, რადგანაც ჩემში ცოცხლობს იმედი, რომ ჩემს მშვენიერ მეუღლესა და ძვირფას ვაჟიშვილებს მალე ვნახავ. დროის ეტლში შებმული სწრაფი ცხენები ჩემს წარსულ ცხოვრებას არყოფნაში წაიღებენ. მე ვკვდები…
მახარებელმა თქვა::
-შენ – არა! არყოფნაში მხოლოდ შენს ხორცს წაიღებენ! ხოლო შენი სული წარსდება სამსჯავროზე ჩვენი უფალი ღმერთის წინაშე. ის ნათელს მოჰფენს მას, რაც სიბნელეში დაფარულია, ყველაზე საიდუმლო აზრებსაც კი. და, აი, უფლისგან მიიღებ შექებას, რომელსც ნამდვილად იმსახურებ! შენ ხომ გააცნობიერე, რომ ყველაფერი, შენშიც და შენ გარშემოც, უფლისგან გაქვს ბოძებული! და რომ ყველა სხეულს სული უფლისგან უდგას. განსხვავებულია უნარები, მსახურება და მოქმედება, ხოლო ღმერთი ყველა ქმნილებისთვის ერთია და ყველაშია. ერთს ეძლევა სიბრძნე, მეორეს – ცოდნა, სხვას -რწმენა, ზოგიერთს – განკურნების ნიჭი, სასწაულმოქმედების, წინასწარმეტყველების. ზოგიერთს – ენის ცოდნის, ხოლო სხვას ენით გამოთქმული აზრის განმარტების უნარი. ამ ყოველივეს ერთი და იგივე სული განკარგავს! ისევე, როგორც ერთია სხეული და აქვს ბევრი ნაწილი, ასევე, ქრისტე ერთია და ჩვენ, ყველა, ერთი სულით ვინათლებით ერთ სხეულში…