Month: სექტემბერი 2016

გიორგი ლეონიძე – ყვირალობა


12273784_1017199151635158_3535875376262220084_o
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი

ტყეები გადიყირმიზა
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
_რასა ჰყვირიან ირმები

ყორან_მთას ყარაიასა.

სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყამს ტყვიასა.
ხარი_ირემი ფურს ეძებს

მთაში ნასუქი ღიჭითა,

ქაფსა ჰყრის გადაკაწრული

ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის

იალაღების მწვანესა,

მოამტვრევს რქების ლაწანით

ჭალას,ტყეს,ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები

მორბიან თავდაყირანი.

ხარი ფურს ეძებს ღრიალით,

მე_სიყვარულსა მყვირალი,

გახელებული ხარი ვარ,

გეშს ვიღებ ნიავქარზედა,

მაჩვენეთ ჩემი ოცნება,

რქა ზედ მივაფსვნა რქაზედა,

სულ მივამტვრიო,მივლეწო.

გულში რაც გადაირაზა,

შევყვირებ როგორც ირმები

ჰყვირიან ყარაიასა.

აკაკი წერეთელი – ვედრება


14484670_682439258580848_8851547213902775877_n

ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,

კაცი რომ ნახო შენ დაცემული,

თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!

შენი ვალია, შეგტკივდეს გული!
შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,

რომ დაცემული არის ორგვარი:

ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,

და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!
ერთი მოელის კაცთაგან შველას:

ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება;

მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას

და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!
პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,

ხელი მიეცი, წამოაყენე,

და მეორეს კი ზედ დააფურთხე!

იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე!
………………………
შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა

რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება

უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა,

თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება.
უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,

გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,

ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!

“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”!

 

ფოტოზე: აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი

კახა დოლიძე – მეგობარო


1782388_598345813594305_8694610555928277743_o

ბავშვობის მეგობარო, წარსულში დარჩენილო,
მუდამ სევდიანო, სადა ხარ ნეტავ?
ლოყებ დაბუშტულო, მუდმივად გაჩეჩილო,
თვალებს დავხუჭავ და გხედავ.
მრუდე ბილიკებმა, როგორ დაგვაცილა,
ერთად, არ დაგვცალდა გაზრდა.
ნეტავ ქალობამდე ვინ გაგაცილა,
ჩემს მეტი, შენ არავინ გყავდა…
მოგნახო, დაგაბრუნო, გულის სასწორზე,
თვითონაც არ ვიცი, მინდა???
იქნებ, უმჯობესია, ისეთი მახსოვდე,
ბავშვურად ლამაზი და წმინდა…

მე მიყვარს დილა – კოლაუ ნადირაძე


 

 

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.
მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს,
ნარიყალაზე კრწანისის გმირნი
თითქოს ასწევენ სისხლიან ფარებს
მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს.
მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს
მტრედების გუნდი დააფრინდება,
როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი
და როგორც ცრემლი დაიწმინდება…
მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს
მტრედების გუნდი დააფრინდება.
და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა,
მიწა, რომელსაც ჰქვია ქართული
მიყვარს ქართველი დინჯ-ვაჟკაცი
ქედმოუხრელი და ამართული
და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა,
მიწა, რომელსაც ჰქვია ქართული.
და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი
დაუძლეველი, უკვდავი სული.
მისი გმირული, დიადი აწმყო,
მისი დიდება, მისი წარსული.
ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ,
რისთვის ჩამიდგი პოეტის გული,
და შენი ზეცით რად გამახარე,
ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ.
განა ოდესმე შენთვის სულისთქმა
ანდა სიცოცხლე დამშურებია,
განა ოდესმე ბედს ვუჩივოდი,
განა ოდესმე დაგმდურებივარ,
განა ოდესმე შენთვის ცუდის თქმა
ანდა სიცოცხლე დამშურებია,
განა არ ვიცი, რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს,
მინდვრის ყვავილში ან ხის ფოთოლში
ოდესმე მაინც გავახელ თვალებს.
განა არ ვიცი, რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს.
ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ,
თვით შენი მიწა იქნება თბილი,
მე ის არასდროს არ დამამძიმებს.
ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ.
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.