Month: ნოემბერი 2012

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე (თეა ორჯონიკიძე )


რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის ყვავილი მათოვს…
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ უშენობით დაღლილი–– რატომ?..

გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს…
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა…
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..

უნდა დავმშვიდდე… ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა…
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ…

მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა…
არ დაიჯერებ… და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა…

ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს…
სუნთქვაშეკრული ვაკოწიწებ დაფანტულ წამებს
და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ.

თეა ორჯონიკიძე – “პასუხი მონატრებას”


კვლავ მინავლულ ოცნებებში გეფერები,
სულს მიწეწავს ჩვენს წარსულზე დაფიქრება…
ახლა მაინც ნუ დამტოვებ გევედრები,
მაპატიე შენი უხმოდ ატირება.

ჩავლილ დღეებს ქარი უკვე ნამქერს აყრის,
წარსულ ზაფხულს ფარჩა უკვე გაუხდია,
მოდი ჩემთან,მოგეფერო უღვთოდ დაღლილს,
შენი წილი სითბო არვის წაუღია.

ნათელ დღეებს მუდამ მოსდევს დაღამება,
ქარს მიჰყვება თეთრი ღრუბლის ქარავანი.
ცოტა ხანში ალბათ უკვე დაზამთრდება,
მერე ჩემთან აღარ მოვა აღარავინ.

ახლა მხოლოდ შეშლილ სურვილს ვედევნები,
მომენატრა წამიერი გარინდება…
სულ მარტო ვარ,მოდი ჩემთან,გევედრები,
უნდა შეძლო შეცდომების პატიება.

ბულატ ოკუჯავა – “ლოცვა”



სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუქი გვფარავს,
ღმერთო,ყველას ის უბოძე
რაც სურს,მაგრამ არ აქვს.
ბრძენს – სიბრძნე და შთაგონება,
შიშით დამფრთხალს – ცხენი,
ღარიბს – ფული…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
ღმერთო,სანამ ამ ქვეყანას
მართავს შენი ნება,
ვინცა გთხოვოს,ის დაატკბოს
ხელმწიფობის სნებამ.
ძმისმკვლელ კაენს სინანულის
უწყალობე ცრემლი,
დაღლილს – სიმხნე…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
შენის ყოვლისშემძლეობის
მწამს და ვსწვდები არსსაც,
მწამს,როგორც სწამს მკვდარ მეომარს,
სამოთხეში შთასვლა.
მწამს,როგორც სწამს ყურს კაცისას
შენი ტკბილი სიტყვის,
მწამს,როგორც გვწამს იმ საქმისა,
რაც არა გვწამს თითქმის.
ჰე,უფალო,ღმერთო ჩემო,
მოწყალეო მარად,
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუწი გვფარავს,
ყველას უძღვენ თუნდ მცირედი
ღვთაებრივი ძღვენი
ყველას უძღვენ…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.

ხუტა გაგუა -ქორწინება


ქორწინება

„ქორწინება სიყვარულის პანაშვიდია“

ახლა ყველაფერი გვიანია, არა უფრო სწორად – შორია, მზეა დაძირული ატლანტიდა, ფიქრში გრიგალი და თოვლია…
იმედგაცრუებეულს მარტოობა ხვდება როგორც ფანტში ყვავილი… მუხლებდაკაწრული სიჭაბუკე ჩუმად ყავარჯნებით ჩაგივლის…
უნაპირობის სანაპიროს ვიღაც უცხო გემი მოადგა, თეთრი ბაირაღი ასწია და ტალღასაც ცრემლი მოადგა…
მწარედ ჩაეცინა ქვიშის ნამცეცებში მომწყვდეულ ქვათა სიქვავეს…
მაშველ რგოლს მოეჭდე, ის თითზე მოგეჭდო და გარდაიცვალე იქავე….

….

ახლა ყველაფერია გვიანია –
არათითს დაუგეს ხაფანგი….
შენც თეთრ ბაირაღად გადმოჰფინე კაბა სადედოფლოდ ნაქარგი…
ახლა ყველაფერი გვიანია…
არა, უფრო სწორად შორია!!!!

ხუტა გაგუა – “ირონიული ბალადა”


კაცია – თეთრი საყელო
და ღიპიანი ფრაკი;
დაბალი,სამაგიეროდ
ჩვენზე მაღალი რანგით.
ბუნებრივია – ცისფერი,
“ვოლგა” აკითხავს რაკი,
იმისი შესაფერისი
ექნება აგარაკიც,
ნაგები – მკვიდრად ნაგები! –
არ უნდა ლაპარაკი.
სულაც არ გაუჭირდება –
ხვალ-ზეგ დაიცავს ხარისხს.
რითმაზე,მე რომ მჭირდება –
ხარის – თვალები ხარის!..
ხომ უნდა ჰქონდეს,ასე ვთქვათ,
პაწა იმედი ხვალის:
ერთი ჰყავს ლომის ბოკვერი,
ოთხი – სარჩენი ქალი…
დიდება საშვილიშვილო,
ვინც მოიხადა ვალი!
მიირთმევს ფრანგულ კონიაკს
იმერულს სწყალობს არაყს
ზოგჯერ,ამიტომ ჰგონიათ,
არაქსში ურევს არაგვს;
მე კი,უმეცარს,მეგონა,
რომ ფრანგს არაქსი არ აქვს…
მაგრამ ამაზე კამათი
ნაყვა წყლისაა – კმარა! –
თუ არ ვარგიხარ საყვარლად,
მით უარესი ქმარად…
ცოლები გადაგვირია,
რად არ ბაძავთო ამ კაცს,
სულ რაღაც ორ-სამ კვირაში
იმკისო წლობით სამკალს.
იმაზე არას ამბობენ –
სხვაგან საყვარლობს სამ ქალს
(სამ ქალს რა რითმაც უხდება
მე მათგან ვიცი – “სამკა”).
ისე ეშმაკმა დალახვროს,
არ უნდა იყოს ცუდი,
ჟამი-ჟამ სული მოითქვა
რამოდენიმე წუთით,
თუ,რა თქმა უნდა – ქიცინი
არ უნდა ამას კუდის –
ერთხელაც არ გხურებია
თავზე ნამუსის ქუდი.
ჩვენ ვკვდებით ყოველდღიურად,
ცოცხლად ამოგვდის სული,
წინსაფრიანი ცოლების
თვალები დაისრული,
როცა იმ კაცის ხასების
კაბების შარიშური
ქალაქს დილიდან აგიჟებს
ალერგიული შურით.
ნეტა ის შენი არ იყოს
– გოეთე,ან ეგ დოდე
მწარე სიცილით ჰყვებიან
ცოლები ანეგდოტებს.
უფალმა ნუმც მოგვიშალოს
მათი სიცილი,ოდეს
ქუჩაში მოვაფაფხუნებთ
განიერ შარვლის ტოტებს;
სხვები თუ ჰგვანან პინგვინებს,
ჩვენ ვგავართ მიკიოტებს:
ის დროა ამ სიბერის ჟამს,
ხმამაღლა მივკიოდე
ჩვენამდე ჯერ მოუღწეველ
და უკვე გასულ მოდებს
(მადლობა ვინც ჩვენს გასაჭირს
ხვალ მთელს ქვეყანას მოსდებს!)
კერპებად არ გაგვიხდია – თაყვანს არ ვცემმდეთ ზოდებს.
შეგვინდოს არსთა განმრიგემ,
ლექსებით თუ რამ ვცოდეთ.
ეტყობა,მუზის მსახურნი,
აქაც ჩამოვრჩით მოდებს!
ჩაიხედავენ წიგნებში –
გაეცინებათ მოთებს.
” – როგორიც რცვათ შარვალი,
ლექსიც იმგვარი შვენით” –
იტყვიან, _ და ეს იქნება
აღიარება ჩვენი…
ან ლექსი,ანდა შარვალი
რა ჭირად გვინდა,რა ქვად
თუ დაირცხვინა ბავშვობის
ქუჩის დროდადრო დაგვა!
მიჯობს,ამ ლექსის არ იყოს,
შარვალი დიდი ზომის,
და სავსე მადლიერებით
თვალები მეეზოვის.

გიორგი არაბული



შენ მწერდი ლექსებს
ეს ვერხვებიც შრიალს მიძღვნიან,
დავბოდიალობ და მინდა რომ მოვწყვიტო მთვარე,
რა ვქნა ძვირფასო,
ლექსის წერა არ შემიძლია,
მე პოეტობა მესაფლავეს გადავაბარე.
შენ მაინცა მწერ,
ეს ვერხვებიც ისევ შრიალებს,

მე ჩემი ლექსის ერთი სტროფიც კი აღარ მახსოვს,
წუხელ ნიავზე ერთი ლექსი ავაფრიალე
და ახლა გულში საშინელი ფიქრები სახლობს.
მეც ვწერდი ლექსებს,
მოგევლინე აპრილად, მარტად,
მეც ვწერდი ლექსებს მუზისა და შენი უფლებით,
ახლა დავდივარ,
პანთეონში ჩემს ლექსებ ვფანტავ
და ლადოს საფლავს სიცოცხლეზე ვესაუბრები.

შოთა ნიშნიანიძე



ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.

მოდი,

იხუვლე,

ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით

ცინიზმი


ცინიზმი არ უყვართ არსად, მაგრამ საქართველოში ის არ უყვართ განსაკუთრებულად. მიზეზი მარტივია – ჩვენში უმრავლესობამ არ იცის სიტყვა „ცინიზმის“ მნიშვნელობა, ოღონდ გიჟდება მის გამოყენებაზე.

ფონეტიკას შევყავართ შეცდომაში – „ცინიკურად“ საქართველოში იგივე ჰგონიათ, რაც „დაცინვით“. სინამდვილეში ყოველი დაცინვა როდია ცინიკური, ან ყოველი სახის ცინიზმი – დაცინვა.

დიახ, ცინიზმი რამდენიმე სახისა არსებობს.

მისი ყველაზე ზუსტი განმარტება ყველაზე გავრცელებულიცაა: ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ ღირებულება – არაფრის.

რაც შეეხება სახეებს, შეგვიძლია სამი გამოვყოთ: პლებსის, ელიტისა და ფილოსოფიური.

პლებსის ცინიზმი მუქარაა: „რამე რომ იყოს, ეგ თქვენი ფასეულობები სულ ფეხებზე შემიძლია დავიკიდო.“ დაბალი ფენების აგრესია.

ელიტის ცინიზმი აღიარებაა: „სინამდვილეში ჩვენი ფასეულობები თვითონ ჩვენც ფეხებზე გვკიდია.“ მაღალი ფენების გულგრილობა.

ფილოსოფიური ცინიზმი სიტყვების თამაშია: „დიახ, მე ვიცი არაფრის ფასეულობა (და არა – „არ ვიცი არაფრის ფასეულობა“. ორმაგი უარყოფა არა მხოლოდ სტილური შეცდომაა, არამედ საზრისის ტრივიალიზაციაც). მოაზროვნეთა ნიჰილიზმი.

ფილოსოფიური ცინიზმი ყოველი კონკრეტული მოვლენის უკან არარას ხედავს. და ის ნამდვილად არაა მხოლოდ ფილოსოფოსების კუთვნილება.

ფილოსოფიური ცინიზმია, მაგალითად, როდესაც მაჩო ამბობს: „არა, კი არ მიყვარს, უბრალოდ, სექსი მაქვს მასთან.“

მაგრამ ეს არაა „ფილოსოფიის“ ბოლო სიტყვა. ცინიზმის შემდეგ ფილოსოფიური ირონია მოდის.

ფილოსოფიური ირონიაა, როდესაც ეს მაჩო მიხვდება, რომ მისი „უბრალოდ, სექსი“ უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ სიყვარული მეტი არც არაფერია.

ირონია რეაგირებს საკუთარ სასრულობაზე. ირონიისას ადამიანი აცნობიერებს რეალობაზე საკუთარ მიჯაჭვულობას. ბრეტონის ფრაზა – „L’existence est ailleurs” („არსებობა სხვაგანაა“) – რომანტიზმია; რემბოს გამონათქვამი – „la vrai vie est absente“ („ნამდვილი ცხოვრება არ არსებობს“) – ცინიზმია; ბოდლერის მეტაფორა – „ეს ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყველა ავადმყოფი შეპყრობილია სურვილით, სხვის საწოლზე იწვეს“ – უკვე ირონიას წარმოადგენს.

ცინიზმი სამ რამეზე რეაგირებს: გულუბრყვილო დამჯერობაზე, ოპტიმიზმსა და ფარისევლობაზე.

გულუბრყვილო დამჯერობაა ყველაფრის მიღება, რაც შენამდე აღწევს: ტრადიციის, მედიის, სკოლის, უნივერსიტეტის, ეკლესიის, ავტორიტეტების გავლით; ოპტიმიზმი იმის რწმენაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ფარისევლობა კი არის აცდენა დეკლარაციასა და ქმედებას შორის.

ცინიზმი დამანგრეველია. ის არის მჟავა, რომელიც კულტურის სუსტ სხეულს ჭამს. რაღაც დოზით ის აუცილებელია, საზოგადოება რომ არ გაქვავდეს, მაგრამ დოზასაც გააჩნია. მე-18 საუკუნეში ბევრს დავობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა არსებობდეს ათეისტების საზოგადოება. როგორიც უნდა იყოს პასუხი ამ კითხვაზე, ერთი რამ ნათელია: არ შეიძლება არსებობდეს ცინიკოსების საზოგადოება. რატომ? იმიტომ, რომ დაჯერების, ოპტიმიზმისა და ფარისევლობის გარეშე ადამიანების ერთად ცხოვრება არ გამოდის.

სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცნობთ ცინიზმს – ეს იყო სამოქალაქო ომის პერიოდი. ყველაზე დიდი ქართველი ცინიკოსი, რომლის სიმაღლეებსაც უკვე, ალბათ, ვეღარავინ მიაღწევს, ჯაბა იოსელიანი იყო. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ გავიგეთ ჩვენ, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი ქსოვილის დეზინტეგრაცია; როცა ფარისევლობაც კი არ რჩება იმისთვის, რომ რწმენის მსგავსება შეინარჩუნო. ჯაბა იოსელიანი იყო სიმბოლო იმისა, რასაც ანტისაზოგადოებრივი ელემენტი შეიძლება ვუწოდოთ. ეს იყო ცინიზმის აბსოლუტური და ყოვლად არაშემოქმედებითი გამოვლინება. ეს იყო ყოველი შესაძლებელი საზოგადოებრიობის სიკვდილი.

შევარდნაძის ყველაზე დიდი დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე – რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს – იყო ფარისევლობის დაბრუნება ცინიზმის ეპოქის შემდეგ.

დიდი რელიგიური მოაზროვნე ბლეზ პასკალი დაახლოებით ასე აღწერდა ფარისევლობის დაბრუნების შედეგს: „დაიჩოქე, აამოძრავე ტუჩები სალოცავად და რწმენაც მოვა.“ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა, რომლებსაც ადამიანი ასრულებს და რომლებიც ლოგიკურად რწმენას უნდა მოსდევდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ინდივიდუალურ-ისტორიულად, მას წინ უსწრებენ. პასკალი ცინიკოსი იქნებოდა, რომ ეთქვა, რწმენა ილუზიააო. სინამდვილეში ის ირონიკოსია, რადგან აჩვენებს, როგორ ჩნდება რწმენა, მაგრამ უარს არ ამბობს მასზე, როგორც პრინციპზე.

სწორედ პასკალის მიერ რეკომენდებული ეს ოპერაცია ჩაატარა შევარდნაძემ – ოღონდ არა რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში. მან დაიწყო ფარისევლური რიტუალით და რწმენა მართლაც მოვიდა. სწორედ ამ რწმენამ შეიწირა მისი პოლიტიკური კარიერის ფინალი.

დღევანდელი ჩვენი ღირებულებითი დომხალის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ამ პრინციპთაგან არც ერთი აღარ არის დომინანტური. საქართველოში დღეს, – ასე, 2007 წლის შემდეგ – არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც – რწმენა.

და ეს არ არის ცუდი.

მთავარი ირონიული ჭეშმარიტება ხომ ისაა, რომ ერთი და საბოლოო გამოსავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტების ისეთი ნაზავი, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრებას ასატანს ხდის.

მცირედთა რწმენა;

ბევრთა დამჯერობა და ფარისევლობა;

რჩეულთა ცინიზმი;

და რჩეულთა შორის ნარჩევთა ირონია.

იქ, სადაც ეს ყველაფერი თანაარსებობს ისე, რომ საზოგადოება არ იშლება, ყველაფერი რიგზეა. პრობლემა არის არა ელემენტი, არამედ მისი ადგილი. არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. კერძის მომზადების საიდუმლო შეზავების ხელოვნებაშია.

სამოქალაქო ომი და ცინიზმის ბატონობა გამონაკლისია. ჩვეულებრივ, საფრთხე უმრავლესობას კი არ ექმნება, არამედ უმცირესობას. ეს რომ არ მოხდეს, ყველანაირი დამჯერობა და ფარისევლობა ვერ ივარგებს; ორივე მათგანი ისეთი უნდა იყოს, რომ თავიანთ გვერდით ცინიზმისა და ირონიის ატანა შეძლონ. ეს იშვიათია, ძალიან იშვიათი.

ამ იშვიათ „ნორმამდე“ მისაღწევად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა. აქ საუკეთესო მზარეული აქტიურთა პასუხისმგებლობიანი აქტიურობა და პასიურთა უპასუხისმგებლო პასიურობაა. და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას ეძახიან.

გიორგი არაბული


თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები…
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!”
“ეშმაკმა დალახვროს!” –
ამინდზე წყრებოდნენ (…გულიდან…)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” –
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ…” –
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები…”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები..

მარინა ცვეტაევა


მე მომწონს რომ არა ხართ ავად ჩემით,
მე მომწონს, რომ არ ვარ ავად თქვენით,
რომ არასდროს მყარი დედამიწა
არ გაქრება ოცნებებში ფრენით.
მე მომწონს, რომ არვინ მიშლის სიცილს
და სიტყვების თავისუფალ თამაშს.
არ მაწითლებს მე სირცხვილის ტალღა,
თუკი ოდნავ შეგეხებით ნაზად.
მე მომწონს, რომ ჩემი თანდასწრებით,
ეფერებით იმას, ვისაც გინდათ,
არ მიგზავნით წყევლას იმის გამო,
რომ მე ვკოცნი, თქვენ კი არა – იმას.
რომ ჩემს სახელს დღე და ღამე ნაზად
არ ჩურჩულებს ჩუმი ბაგე თქვენი,
რომ არასდროს საყდრის სიჩუმეში
ჯვარს არ დაგვწერს ჩვენ არც ერთი მღვდელი.
სულით და გულით გმადლობთ,
მისთვის, რომ არც იცით, რატომ
გიყვარვართ ასე, მარტო,
– ჩემი ღამეული სიმშვიდის გამო,
– ჩვენი სეირნობის სიმწირის გამო,
– მთვარის ქვეშ შეხვედრებზე უარის გამო,
– სხვის თავზე მბრწყინავი მზის გამო…
სხვისით ავად ყოფნის გამო,
ჩემგან უარყოფის გამო.

მარინა ცვეტაევა ,თარგმანი მაია ჩოლოყაშვილის.