Month: თებერვალი 2012

დავით გურამიშვილის გაბაასება სიკვდილთან



მოდი, სიკვდილო, მაპკურე სიო
და გამიგრილე სხეული თიხის.
ეგებ სექტემბერს ვერ მივაღწიო,
ვეღარ განვჭვრიტო კამკამი ჭიქის.

ცხოვრების გვალვამ გული განლია,
ამომშრალ ტანში ღუღუნებს ქარი.
გულში ქარია, სულში ქარია,
და ვინ შემასვას ანკარა წყალი.

ვაი, სოფელო, ყრუ და მგმობელო,
შენ რა მარგუნე, რა გითხრა კიდევ,
ახლა მტვერი ხარ, ჩემო მშობელო,
მე ცოდვილი ვარ და განმერიდე.

მოდი, სიკვდილო, და გამალურჯე,
გვალვიან დღეებს რომ გადავურჩე.

თვალი ფსალმუნში მე შემეყინა,
წიგნის ფურცლებში გაყვითლდა თითი,
ზე ამართული ხელი მეტკინა
და ამიკვამლდა თვალები კითხვით.

მოდი, სიკვდილო, მომბერე სიო,
ყურძნის კრეფამდის მსურს მივაღწიო.

მაგრამ გზად მავალ, ცოდვილმა სულმა
ვის ჩავაბარო გული პატარა,
ვინ მოისმინოს გამვლელის ურვა,
ვის დაესხუროს ჩემი ჭაღარა!

ვის დავუტოვო ობლები ჩემი,
ტანთჩაუცმელი ვის ჩავაბარო?
ობლები ჩემი, მცირე და მრწემი,
სოფელში როგორ ჩამოვატარო!

ვაი, სოფელო, ყრუ და მხმობელო,
გამახუნე და ფერფლი მარგუნე,
ქარით ამავსე, ჩემო მგმობელო,
და აღუღუნე ჩემი საგულე.

მეორე გაბაასება სიკვდილთან

რას ჩამაცივდა სიკვდილი, ნეტა! _
დავითი მღერის საამურ დილით.
წუხელი ჯანზე ვიყავი ბედად,
შევაშინე და გაბრუნდა წბილი.

რატომ მაჩქარებს, ან რატომ მელის!
ველზე მოთიბოს ბალახი მწვანე.
ჯერ კოინდარზე გასინჯოს ცელი,
მერმე მოცელოს ჭინჭარი მწვავე.

სიკვდილო, განვედ, ნუ მართმევ სითბოს
მომეც, გავსინჯო ლაპლაპა ცელი.
დავხედავ ცელს და სარკეში თითქო
აღიბეჭდება ხატება ჩემი.

და სიკვდილს ვეტყვი: თივით იცოხნე
ცელზეც კიაფობს ჩემი სიცოცხლე,
არ დამლევია სიცოცხლის ძალი,
არ დამიშრიტო ცხოვრების წყალი.

მე ყველგან შევძლებ ცხოვრებას, მწირი
ვეწვევი ქსანს და გაყუმულ ხოროლს.
ნუ მომაცდინე, დამეხსენ გზირი,
რად დაიჯაბნე დავითი მხოლოდ.

თიხით გონებას ვინ მოძერწავდა,
და თუ მოძერწეს, დასჭირდათ შრომა,
მეც ბუნებაში ცეცხლივით მწვავდა
დაუშრეტელი წყურვილის გრძნობა.

სარწყავის შექმნა თუ შემიძლია,
ნუღარ წამართმევ დუღილის უნარს,
გვალვაში ლექსი თუ შემიწმნია,
ნუღარ მომაწვდი ცარიელ სურას.

უთქმელი დამრჩა მრავალი ფიქრი,
როს დავასრულო, მობრძანდი მაშინ.
გადამატარე ცხოვრების იქით,
ხელთ ამიტაცე ჭაღარა ბავშვი.

ჯიბით წავიღებ საყანე მარცვალს,
წამიღე, როცა დაცლუნგდეს აზრი.
აკვანში ჩამსვი მე, კუბოს ნაცვლად,
და იავნანა მიმღერე ნაზი.

ჩემი ჩატევა აკვანში სცადეთ,
კუბოს მაგიერ აკვანში ვიყო,
რომ დასასრული დასაწყისს ჰგავდეს,
სიკვდილის შემდეგ არ გავირიყო.

და იავნანა, აკვანთან თქმული,
განვლილ ცხოვრებას შეიტკბობს აგრე.
ეგებ დავძლიო სიკვდილი კრული,
აკვნიდან მღერით მეორედ აღვდგე.

“მერანის” ქარაგმა


საკუთარი შედევრისათვის ნიკოლოზ ბარათაშვილს ,,მერანი” არ უწოდებია. ავტოგრაფულ ხელნაწერებში იგი ძირითადად უსათაუროა და იწყება სტრიქონით: ,,მირბის, მიმაფრენს…” ერთადერთ შემთხვევაში, რომელიც ,,მერანის” დაწერის წლით (1842) თარიღდება, პოეტს ლექსისათვის ,,თავგანწირული მხედარი” უწოდებია.

როცა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ჟურნალმა ,,ცისკარმა” მკითხველი საზოგადოებისათვის ხელახლა აღმოჩენილი პოეტის ლექსების პუბლიკაცია დაიწყო, ,,მერანსა” და ზოგიერთ სხვა უსათაურო ლექსს სათაურები მისცეს. ეს ფაქტი ,,ცისკრის” რედაქტორს, ივანე კერესელიძეს მიეწერება. 1860 წლის ,,ცისკრის” მე-6 ნომერში პირველად ჩნდება სათაური ,,ჩემს მერანს”.

1863 წელს დავით ჩუბინაშვილმა პეტერბურგში გამოცემული ,,ქართული ქრესტომათიის” მე-2 წიგნში ლექსს ,,მერანი” უწოდა და დღემდე ყველა ამ სათაურით იხსენიებს ქართული ლირიკული პოეზიის მშვენებას (,,მერანის” დასათაურების შესახებ იხ. სიმონ სხირტლაძე, ,,ვინ შეურჩია ბარათაშვილის უკვდავ ლექსს სათაური?”).

ბარათაშვილის პოეზიის ყოველმა მკითხველმა იცის, რომ ,,მერანის” დაწერის საბაბი პოეტთან თანშეზრდილი მეგობრისა და ბიძის, ილიკო ორბელიანის, დატყვევება გამხდარა შამილის მიერ. სამი დღე ძალზედ შეწუხებული და გაბრუებული ვიყავო, – აუწყებს ბარათაშვილი უფროს ბიძას გრიგოლ ორბელიანს და, როცა ეს ლექსი დავწერე, ,,თითქოს ამან რაღაც შვება მომცაო”.

,,მერანის” მკითხველს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ლექსის ღრმააზრობრივი შინაარსი არ ამოიწურება ოდენ ილიკო ორბელიანის თავსდატეხილი უბედურებით. ბარათაშვილის პოეზია ხომ, უპირველესად, ,,მერანით” ეხმიანება ილიასეულ განსაზღვრებას პოეტის საკაცობრიო საფიქრალსა და სატკივარზე. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვაც: როდესაც ლექსს ,,მერანს” ვარქმევთ, ხომ არ ვავიწროებთ მის შინაარსს? მართალია, ლექსში მერანისადმი მიმართვა არაერთგზისაა გაცხადებული, მაგრამ ლექსის ლირიკული გმირი თავგანწირული მხედარია და არა მისი ტაიჭი! ნუთუ ეს უხერხულობა ვერც ივანე კერესელიძემ იგრძნო და ვერც დავით ჩუბინაშვილმა? ან ეგებ სრულიად სხვა პაროლისა თუ სხვა ქარაგმის შემცველია მერანი? მაგრამ, ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, ერთ საკითხს უნდა შევეხოთ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი ,,წმინდა მხედრის” იდეალი. იგი მაცხოვრის მოდელზეა პროეცირებული და, ამდენად, ,,წმინდა მხედრის” ქმედება სულიერ და ფიზიკურ დაბრკოლებათა დაძლევას გულისხმობს. ამ აზრით, არა მარტო წმინდა მხედრის ზეციური პირველსახე – მიქაელ მთავარანგელოზი ან ამქვეყნიური იერსახე – წმინდა გიორგი არიან ,,წმინდა მხედრები”, არამედ ,,წმინდა მხედარია” ყოველი წმინდანი, რომელიც სულიერების მახვილით იბრძვის. ამდენად, ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ,,წმინდა მხედრებად” მოიაზრებიან წმინდა შუშანიკი, აბო თბილელი, გრიგოლ ხანძთელი, ქეთევან წამებული, ტანჯვის გზით მავალი დავით გურამიშვილი… ისიც აღნიშნულია, რომ ,,წმინდა მხედრის” იდეალი დაედო საფუძვლად რაინდობის ინსტიტუტს და ამ ხასიათის ლიტერატურას. აქედან გამომდინარე, ,,ვეფხისტყაოსნის” გმირი რაინდის, ავთანდილის (,,ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად” და უჩანს მღერად) არქეტიპიც ,,წმინდა მხედარია”.

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ადვილია ბარათაშვილის ,,თავგანწირულ მხედარში” საზოგადოდ ,,წმინდა მხედრის” იდეალის დანახვა და, გნებავთ, ურჯულოებთან მებრძოლი ილია ორბელიანისაც; ოღონდ ამ უკანასკნელის დასახვა ,,მერანის” ლირიკულ გმირად, როგორც ითქვა, ცხადია, გააღარიბებდა ლექსის აზრობრივ შინაარსს. ამის თაობაზე თვითონ პოეტიც ხუმრობს გრიგოლ ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში. როცა ახლობელთა წრეში ლექსი წავიკითხე, ქალებმა იმდენი იტირეს, თითქოს ამას ილიკო ამბობს და არა მეო. ნ. ბარათაშვილის ლექსის ლირიკულ გმირად ,,წმინდა მხედრის” დასახვას და, სათაურად ,,თავგანწირული მხედრისათვის” უპირატესობის მინიჭებას წინ თითქოს აღარაფერი ეღობება (ამგვარი თვალსაზრისი აქვს გამოთქმული ნინო ევგენიძეს ნარკვევში – ,,წმინდა მხედრის იდეალის პოეტური ექო ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში”), მაგრამ მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ საბოლოოდ რატომ ამჯობინა პოეტმა ლექსის უსათაუროდ დატოვება ან შემდგომში გამომცემლებმა რატომ უწოდეს ლექსს – ,,ჩემს მერანს” ან ,,მერანი”? როგორც ჩანს, ამას გარკვეული მიზეზი თუ საფუძველი ჰქონდა და ამის ამოცნობაა აუცილებელი. აქ კი უპირველესად იმას უნდა მიექცეს ყურადღება, თუ რატომ გაკეთდა აქცენტი მერანზე, ამ უცნაურ ჰუნეზე, რა შინაარსია მასში დაქარაგმებული და დაუნჯებული? ეგებ, ბარათაშვილმა იმიტომაც თქვა უარი ,,თავგანწირულ მხედარზე”, რომ ასეთი დასათაურების შემთხვევაში იჩრდილებოდა მერანის სახე.

მაგრამ ვიდრე აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებდეთ, იმის გახსენება გვმართებს, თუ რაოდენ ღრმად რელიგიური პოეტია ნ. ბარათაშვილი. გულისთქმა მისი გამუდმებით ,,ზენაართ სამყოფს” არის მიმართული, თვალნიც ზეცად მიისწრაფვიან. ამქვეყნიური მშვენიერებაც იმიტომაა ,,ნათელი, ზეცით მოსული”, რომ ,,უხრწნელის”, მარადიულის, ღვთაებრივი ჰარმონიის გამოკრთომაა. პოეტი გამუდმებით ღვთაებრივი ტაძრის მაძიებელია, სადაც დავითის ქნარი იკვრის და უზენაესის წინაშე არცთუ იშვიათად ლოცვად არის მუხლმოყრილი (,,ჩემი ლოცვა”). ღვთაებრივ ექსტაზს ხან მეტყველი ლოცვით, ხანაც დუმილით ეზიარება (,,მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად”). ჟამიდან ჟამზე, მართალია, ახელებს მიწიერი სილამაზე – ეკატერინეს საყურის ხილვა ანდა თავად კატინა, ფორტეპიანოზედ მომღერალი, მაგრამ ამგვარი ტრფობა მაინც იშვიათია. ნ. ბარათაშვილი უპირატესად ღვთაებრივი ტრფიალებითაა გამსჭვალული, ამიტომაც პასუხობს ბანოვანს თამამი პირდაპირობით: ,,რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?” პოეტს მასზე დიდი მიჯნური ჰყავს – ღვთაებრივი მიჯნურობითაა გახელებული და იქ, სადაც ნ. ბარათაშვილთან ზოგჯერ ჩვეულებრივ სატრფიალო ლირიკას ხედავენ, ,,საზეო”, საღვთო ტრფიალება უნდა დავინახოთ. ლაჟვარდში იგი მხოლოდ ღვთაებრივს ჭვრეტს (,,მაგრამ რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფვიან”), რადგან იქ უხრწნელი, ღვთისმშობლისეული მშვენიერება ეგულება (,,მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი”).

ამ ყაიდის ცნობიერება რომელიმე კონკრეტულ ,,თავგანწირულ მხედარზე” ვერ შეჩერდება, მათ შორის, ბუნებრივია, ვერც ილია ორბელიანზე. გულისთქმა მისი უშუალოდ მაცხოვრის მისტერიაზეა პროეცირებული. ეს გაცხადდა ,,მერანში”.

ღვთაებრივი საუფლოსაკენ, ტრანსცენდენტურისაკენ მიქცევას ჩვენი პოეტისათვის ამქვეყნიური ამაოების შეგრძნება განაპირობებს. ,,ბედის სამზღვრის” გადალახვა, სადაც ,,შავი ყორანის” ჩხავილი ისმის, უფლის ნების დაძლევა კი არა, უფლის წიაღში დაბრუნებაა. მიუღებელი რეალობა რწმენით გადაილახება. რაციონალური შემეცნების შედეგად კი ოდენ ,,შავი ყორნის” სამყარო წარმოუდგება პოეტს. აქვე უნდა ითქვას, რომ ყორანი საკმაოდ მდგრადი პარადიგმაა. ედგარ პოსთანაც ყორანი რაციონალურ აზროვნებას განასახიერებს, ანუ იმას, რაც რწმენას უპირისპირდება. ასეთივეა ნ. ბარათაშვილის ,,თვალბედითი შავი ყორანი”.

როგორც უკვე ითქვა, რაციონალური აზროვნებით ვერ დაიძლევა ამქვეყნიური ყოფის შეზღუდულობა, ის, რაც ასე აწუხებდა ბარათაშვილს. გრიგოლ ორბელიანისადმი გაგზავნილ ბარათში ვკითხულობთ: ,,ჩვენის დანიშნულების მიზნის მიუღწევლობა… და მთელი ცისქვეშეთის ამაოება ჩემს სულს საშინელი სიცარიელით ავსებს”. ამაოების დაძლევა მხოლოდ რწმენას, რწმენით აღვსებულ თავგანწირულ სულისკვეთებას შეუძლია. ამ მხრივ პოეტური ცნობიერება უფრო რწმენასთანაა წილნაყარი, ვინემ რაციონალურ აზროვნებასთან. ,,მერანის” ავტორი მიუღებელი ემპირიული სინამდვილისაგან მოწყვეტას სწორედ რწმენასთან წილნაყარი პოეტური ცნობიერების მეშვეობით ახერხებს.

კვლავ გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი ბარათიდან: ,,ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის”. ამ საოცრად ტევად და ყმაწვილი კაცის პირობაზე გონიერ ფრაზაში მარტო ტფილისი არ იგულისხმება, არამედ მთელი გარემომცველი ემპირიულ-მატერიალური სინამდვილე, ,,ბედის სამზღვრისგან” შემოსაზღვრული. სწორედ ეს უსარგებლო ყოფა, ეს სიცარიელე, ეს ღვთისგან დაცილებულობა-მიუსაფრობა უნდა გადაილახოს, რათა პოეტი მშობლიურ სამყოფელს, ნათელქმნილ ღვთაებრივ წიაღს დაუბრუნდეს. ამგვარ მიუსაფრობას გალაკტიონი ,,უბინაობას” ეძახდა და ისიც ღვთაებრივ წიაღში დაბრუნებას ელტვოდა (,,მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში”). ორივე პოეტისათვის სწორედ ეს ღვთაებრივი წიაღია მათი ბინა, მათი ,,შინ”. ასე ფილოსოფოსობენ ჩვენი პოეტები. აკი თქვა ნოვალისმა: ფილოსოფოსობა შინ ყოფნის გამუდმებული ნოსტალგიააო. ,,ბედის სამზღვრის” მსგავსად, პირველქმნილ, იდეალურ სამშობლოში დაბრუნების ნოსტალგიაც რწმენით გადაილახება. ბარათაშვილიც სწორედ რწმენას უნდა დაემყაროს ისევე, როგორც მისი მხედარი – მერანს.

მაგრამ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ კითხვას, რა არის მერანი? რატომაა ასე აქცენტირებული მერანისადმი მიმართვა? არსებითად ხომ მერანი წარმართავს ლექსში მხედრის ნებას (,,მირბის, მიმაფრენს…”), მის ქროლვა-ჭენებას მიჰყვება იგი. პოეტს ხომ სწორედ მერანი მიაჩნია მოძმისათვის გეზის დამსახავად და ჯერაც უვალი გზის გამკვალავად (,,და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება”). მაგრამ აქ სხვა კითხვაც ისმის: რა გზაა ის, რომლის პირველგამთელავიც მერანია?

რელიგიური პოეტის მიერ უვალი გზის პირველგამკვალავის ხსენება სახარებისეულ ასოციაციას აღძრავს. ჭეშმარიტად უვალი გზა ხომ განკაცებული ძე ღვთისას მიერ გაკვალული გზაა. თავადვე ბრძანებს მაცხოვარი: ,,მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი” (იოან. 14,6). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გამოდის, რომ მოყვასისათვის ვნებული და გზის გამკვალავი მაცხოვრის სახე იდენტიფიკაციას მერანთან პოვებს. ამდენად, მერანიც მაცხოვრის სახესიმბოლოდ აღიქმება. თუმც საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ მაინც ნაადრევია, მეტი არგუმენტაციაა საჭირო.

ჰიმნოგრაფიასა თუ ჰაგიოგრაფიაში განსწავლულმა მკითხველმა მაცხოვრის არაერთი სახე-სიმბოლო იცის. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. სხვა რომ არა ვთქვათ, ამის დასტურად ,,აბოს წამებაც” იკმარებდა, სადაც მაცხოვრის სახე-სიმბოლოთა ძალზე ვრცელი ჩამონათვალია. სამწუხაროდ, ქართული თეოლოგიური სახისმეტყველებითი აზროვნება არ ასახელებს მერანს მაცხოვრის სახე-სიმბოლოდ. არადა, მერანიც ქრისტეს ისეთივე სიმბოლოა, როგორიცაა, ვთქვათ, კრავი ან მარტორქა.

მაგალითისათვის: მარტორქა, როგორც მაცხოვრის სახე-სიმბოლო, მკაფიოდაა განმარტებული ,,შატბერდის კრებულში” მოთავსებულ ბასილი კესარიელის თხზულებაში. მოვუსმინოთ: ,,სახისმეტყველმან თქვა მარტორქისაი… ისმინეთ, რომელ-იგი თქუას სახარებასა, ,,რამეთუ აღგვიდგინა რქაი ცხორებისაი შორის სახლსა დავითის, მონისა თვისისა…” ვიდრემდე მოვიდა საშოდ მარიამის ქალწულისა, ღმრთისმშობელისა ,,და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ თანა” (გვ. 187).

,,მარტორქის სიმბოლიკა განსაკუთრებულ როლს იძენს შუა საუკუნეების ქრისტიანულ თხზულებებში. მომდინარეობს რა ,,ფიზიოლოგოსის” ბერძნული ტექსტიდან (სწორედ აღნიშნული ნაშრომის ქრისტიანული გარდათქმაა ბასილი კესარიელის ზემონახსენები თხზულება – ა. გ.). ,,ფიზიოლოგოსის” თანახმად, მარტორქის მოშინაურება შეუძლია მხოლოდ წმინდა ქალწულს. აქედანაა შედარებით მოგვიანო ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ქალწულ ღვთისმშობელსა და იესო ქრისტეს” (მსოფლიოს ხალხთა მითები, ტ. I, გვ. 429, მოსკ., 1998).

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს ქართველ მკითხველს, შუა საუკუნეების ქრისტიანულ მხატვრობაში (უფრო ადრეულ ჰერალდიკაშიც) გამოსახულია არა ის ძუძუმწოვარა ცხოველი, რომელსაც ჩვენ მარტორქას ვუწოდებთ, არამედ ცხენის თავისა და ტანის მქონე ირმისჩლიქებიანი არსება, შუბლზე ზეცისკენ მიმსწრაფი რქით.

საქმე ისაა, რომ ქართული, სხვა ენებივით, როდი მიჯნავს ერთმანეთისაგან იმას, რასაც მაგალითად, რუსები ,,носорог”-ს და ,,”-ს უწოდებენ. ჩვენ ორივე შემთხვევასი მარტორქას ვამბობთ. ის რაც შატბერდის კრებულშია მოხსენიებული, არის – ,,ედინოროგი”, ისეთივე არარეალური, ფანტასტიკური ცხოველი, როგორიცაა, მაგალითად, კენტავრი. სამწუხაროდ, ჩვენს ლექსიკონებში ეს სხვაობა გათვალისწინებული არ არის.

მარტორქის (единорог) სიმბოლიკა ძალიან შორიდან მოდის. მოგვიანებით იქცა იგი ქრისტეს სახე-სიმბოლოდ. რქა (,,ხსნის რქა”) სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს ძალაუფლებას, რომელიც ცოდვას ანადგურებს. ორფად დაგრეხილი ერთი რქა ნიშნავს ქრისტეს ერთობას მამა ღმერთთან; ამავე დროს, მიანიშნებს მაცხოვარზე, როგორც მხოლოდშობილ ძეზე ღვთისა (იხ. Ic. Cooper, Lexikon alter Symbole, Leipzig, 1986, s. 42- 43).

როგორც ითქვა, ქრისტიანულ მხატვრობაში გამოსახული მარტორქა ვიზუალურად უფრო მერანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვინემ აფრიკული ცხოველისა. ერთი ასეთი ნიმუში ამ წიგნის გარეკანზეცაა გამოსახული. მას ,,ქალწული მარტორქით” ეწოდება და მის სახისმეტყველებით შინაარსში იგულიხმება ღვთისმშობელი მაცხოვრით (დომენიკო ვამპიერის ფრესკის დეტალი, რომი, პალაცო ფორნეზე).

მართალია, მარტორქის სახისმეტყველება, ვიზუალური მსგავსების გამო, ძალიან ახლოსაა მერანის სიმბოლიკასთან, მაგრამ ჩვენი კვლევისათვის გადამწყვეტი არ არის. ჩვენ საკუთრივ მერანის სიმბოლიკა გვაინტერესებს. ამიტომ ბუნებრივად წამოიჭრება კითხვა: მარტორქის მსგავსად მერანიც ხომ არ არის მაცხოვრის სიმბოლო? ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ არის გააზრებული ცხენის (მერანის) სახისმეტყველებითი შინაარსი ძველსა და ახალ აღთქმაში, რაზეც, სამწუხაროდ, არ იძლევა პასუხს ,,შატბერდის კრებული”, რომელიც პრაქტიკულად ძველი საქართველოს საღვთისმეტყველო სახელმძღვანელო იყო.

ძველ აღთქმაში ცხენი არაერთგზისაა მოხმობილი შეუპოვრობის, უფლის შემწეობისა და ღვთაებრივი მართვა-გამგებლობის სიმბოლოდ. ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად (10,3), ,,მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში”. აქ სწორედ რაშის სიმბოლიკითაა გამოხატული უფლისადმი თანადგომა და შემწეობა.

წინასწარმეტყველება აბაკუმისა გვამცნობს: ,,ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაი შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰხედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობა შენი მაცხოვრება” (3,8). ბიბლიის კომენტარებში ,,ცხენიანობა” ღვთაებრივი წესრიგის გამოვლენადაა განმარტებული.

ახლა ისევ ,,მერანს” მივუბრუნდეთ. ბარათაშვილთან, როგორც აღნიშნავენ, ,,არა ჩანს მერანის ფერი, მაგრამ ჩანს ,,შავი ყორანი”. ამიტომ მისდამი შეპირისპირებით მერანის ფერად წარმოსადგენია თეთრი, ძველქართულად ,,სპეტაკი”, სულთა ,,ფერი” (რევაზ სირაძე). სწორედ თეთრი ცხენი იხსენიება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. ,,ვიხილე ცა გახსნილი და თეთრი ცხენი და მისი მხედარი” (აპოკ. 19.11). ამ მუხლს ვრცლად განმარტავს II-III საუკუნის საეკლესიო ავტორი ორიგენე თავის სახელგანთქმულ შრომაში: ,,ქება ქებათას განმარტება”, რომლის ნაწილი შემონახულია რუფინუსის ლათინურ თარგმანში (Origenes, in Cauticum Cauticorum; ტექსტი იხ. Patrologia Graeca). ორიგენეს ნაშრომის გაცნობაში შემწეობისათვის მადლობას მოვახსენებ თეოლოგიის ჩინებულ მცოდნეს, ბ-ნ ედიშერ ჭელიძეს.

ორიგენეს ნაშრომს მაღალ შეფასებას აძლევენ წმინდა მამები. შენიშნავენ: ამ ნაშრომში იგი არამც თუ სხვებს, საკუთარ თავსაც აღემატაო (წმ. იერონიმე).

აღნიშნულ ძეგლში ორიგენე ,,მხედარს” განმარტავს, როგორც ,,ძე ღვთისას”, ანუ ,,ღვთის სიტყვას”, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს, ჰიპოსტასს, ხოლო ,,თეთრ ცხენს” იაზრებს როგორც ქრისტეს კაცებრივ ბუნებას (ამგვარი განმატებისას ორიგენე სხვა ღვთისმეტყველთა აზრსაც ითვალისწინებს და მათზე მიუთითებს).

ბარათაშვილის მერანის თავგანწირვაც, მაცხოვრის დარად, ღვთაებრივი წესრიგის აღსრულებას ემსახურება. ისიც ტარიგია ღმრთისაი. ლექსის ლირიკული გმირისათვის მერანი ის საყრდენი თუ საშუალებაა, რითაც ხორციელდებოდა ჯვარცმის მისტერია. ასეთია ლექსის ირეალური პლანი. აქ თანაგანცდა და თანატანჯვაა. ცხენი და მხედარი ერთად კვალავენ უვალ გზას. მეტიც, აქ აბსოლუტური ერთიანობაა. ამიტომ, იოანეს გამოცხადების ანალოგიით, ბარათაშვილის მხედარსა და მერანში (ორივეში ერთად) მაცხოვრის როგორც ღვთაებრივი, ისე განკაცებული სახე-სიმბოლო იგულისხმება. როგორც ითქვა, ამაზე მხედრისა და ჰუნეს ერთიანობა და ტარიგობა მიუთითებს. მოყვასის სახსნელად ხომ წმინდა სამების ნაწილი, მისი ერთი ჰიპოსტასი გაიწირა და ჯვარს ევნო. მეტი თავგანწირვა წარმოუდგენელია. ასეთია ,,მერანის” სულისკვეთებაც.

მეტიც, უფლის მსხვერპლშეწირვის დარად, ბარათაშვილის ლექსის ფინალიც ტრაგიკული ოპტიმიზმითაა გამსჭვალული:

,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს…”

აქ მიმართვის პირდაპირი ადრესატიც მერანია და ანალოგიაც გამჭვირვალეა: მერანის მიერ გაკვალულ გზაში მოყვასთა სულიერი ხსნისათვის კაცობრიობის ისტორიაში ყველზე დიდი თავგანწირულის – განკაცებული ძე ღვთისას სულისკვეთება იგულისხმება.

ჩანს, იმხანად, ტფილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ღვთისმეტყველებას საფუძვლიანად ასწავლიდნენ. სწორედ ეს ცოდნა გარდაისახა ,,მერანის” გასაოცარ პოეტურ ხატოვანებად.

* * *

ესეც ერთი წაკითხვათაგანია ,,მერანისა”. ლიტერატურული ინტერპრეტაციებიც ხომ იმითაა საინტერესო, რომ წაკითხვათა ნაირგვარობას იძლევა. სწორედ ეს სძენს აზრსა და ლაზათს ესეისტიკასა თუ ლიტერატურათმცოდნეობას. სხვაგვარად არამცთუ ისინი, არამედ მხატვრული

ქმნილებებიც კი შეწყვეტდნენ არსებობას. ლიტერატურული კლასიკის ძალმოსილება და ცხოველმყოფლობაც სწორედ ისაა, რომ სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა დონისა თუ ინტელექტის მკითხველი განსხვავებულ შინაარსს დებს და კითხულობს მხატვრულ ქმნილებაში. თორემ იმის თქმა, ზუსტად რა იგულისხმა მწერალმა, არა მარტო ჭირს, არამედ არცაა საინტერესო, რამეთუ არაფერს მატებს ნაწარმოებს. როგორც ითქვა, ამაშია ხელოვნების ქმნილების სირთულეცა და ცხოველმყოფლობაც.

სწორად შენიშნა ოსიპ მანდელშტამმა: ,,გაცილებით იოლია მთელი რუსეთის ელექტრიფიკაცია, ვინემ წერა-კითხვის ყველა მცოდნეს წააკითხო პუშკინის ,,ევგენი ონეგინი” ისე, როგორც პუშკინმა დაწერა”. ღმერთმა ნუ ქნას ეს, თორემ პუშკინი იმწამსვე შეწყვეტდა არსებობას. მაგრამ ნუ დაღონდებით, დიდი მწერლები ამის უფლებას არ იძლევიან. ბარათაშვილიც ასეა!

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან


ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

ცხოვრება


კაცი,როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება!
ტვინი,ტანი,რომ ეზრდება, ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება…
ხოლო,როცა მოხუცდება, ჯანმრთელობა მოუცვდება,
აზროვნება გაჭირდება -აღარავის არ სჭირდება.
ბოლოს,როცა გარდიცვლება, ბევრი ბოცა დაიცლება,
ღრეობაა გამართული, ისევ ყველა გაბადრული…

თემურ ელიავა – ღვთის განაჩენი


შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
– ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
– უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:
– გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით
ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე
თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს
უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

ავტ: თემურ ელიავა

უილიამ შექსპირი – სონეტი 66



ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

Tired with all these, for restful death I cry,

As, to behold desert a beggar born,

And needy nothing trimm’d in jollity,

And purest faith unhappily forsworn,

And guilded honour shamefully misplaced,

And maiden virtue rudely strumpeted,

And right perfection wrongfully disgraced,

And strength by limping sway disabled,

And art made tongue-tied by authority,

And folly doctor-like controlling skill,

And simple truth miscall’d simplicity,

And captive good attending captain ill:

Tired with all these, from these would I be gone,

Save that, to die, I leave my love alone.

ინტერვიუ საკუთარ თავთან-ლევან თურმანაული 


– საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

– და, რას გულისხმობთ, იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ?

– ვგულისხმობ იმას, რასაც ზოგჯერ ხელოვნებას ეძახიან – წერას.

– იცით, მართალი ბრძანდებით. ეს ზოგჯერ ხელოვნებაა, ზოგჯერ – არა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ნაწერები არის ხელოვნება. ეს, ჩემი აზრით (და ჩემზე მერაბ მამარდაშვილის აზრების ზემოქმედებით), არის აზროვნება და აზროვნება, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ძალიან რთულია. ამისათვის თითქმის ზეადამიანური აქტის ჩატარებააო საჭირო.

– ანუ, თქვენ მიიჩნევთ, რომ თქვენი ნაწერები ხელოვნება არაა?

– ჰო, ალბათ. ჯერ ერთი, მე სულ რამდენიმე ნაწერი მაქვს და, მეორე, ეს ნაწარმოებები ბავშვის ნაწერებია, რომელსაც ეუბნებიან, რომ რაღაცას ფიქრობს… აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მამაჩემმა მითხრა, ინტელექტუალი გამომიხვედიო.

– და მაინც, საიდან დაიწყო ეს ფიქრი? საიდან დაიწყეთ წერა, როდის დაიწყეთ?

– სიმართლე გითხრათ, ფიქრის ფრაგმენტი, გაელვება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, პირველად ქუჩური გარჩევისას მომივიდა თავში. უფრო სწორად, ამ გარჩევის შემდეგ მომხდარი მოვლენების შემდეგ. წერას რაც შეეხება, ეს არ მახსოვს. მაქვს ერთი პატარა მოთხრობა «ანტონიმები», რომელიც ალბათ ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია. მანამდეც ვწერდი რაღაცებს, მაგრამ არ მახსოვს რას ვწერდი. მე მგონი, ძალიან ცუდი იყო. ეს ისეთივე იყო, როგორიც ყველასი – სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ნაწერები.

– ბოდიში, მაგრამ ვერ მივხვდი. თქვენ თქვით, არ მახსოვს, რას ვწერდიო.

– დიახ.

– მაშინ, როგორ იცით ის თემა, რაზეც წერდით?

– საინტერესო შეკითხვაა. საქმე, იცით, რა არის? თქვენ მეკითხებით იმას, რა შინაარსზეც ვწერდი. დიახ, მე ვიტყოდი, რომ ვწერდი სამშობლოს სიყვარულზე, ან მსგავს სისულელეებზე, რომლებზეც წარმოდგენაც არ მქონდა. არ ვიცოდი, რა იყო სამშობლოს სიყვარული. ხვდებით?

– დიახ, ახლა სავსებით გასაგებია. როგორ მოხდა გაელვება?

– გარჩევის დროს სამართლიანობის საკითხებს შევეხეთ. მე ამით დავინტერესდი – ასე.

– ხშირად ჩხუბობდით-ხოლმე?

– არა. ძირითადად, კლასელებთან მქონდა უთანხმოებები. საქმე ჩხუბამდე იმიტომ არ მიმდიოდა, რომ მშიშარა ვიყავი და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებდა, ვერ ვბედავდი, ჩხუბი წამომეწყო. მხოლოდ «ფორმალურად» ვურტყამდი, ან საერთოდაც არ ვურტყამდი.

– ალბათ მნიშვნელოვანია, რაზე გქონდათ უთანხმოებები.

– დიახ, სავსებით მართალი ბრძანდებით. კინკლაობა მქონდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩემთვის დღესაც მიუღებელია. უბრალოდ მაშინ საკუთარი თავის რწმენა არ მქონდა.

– ახლა?

– იქნებ მითხრათ, როგორ გაიგეთ საკუთარი თავის რწმენა?

– თავდაჯერებული ბრძანდებით? ვთქვათ, ვინმემ რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, სამაგიეროს გადაუხდით.

– ერთხელ ჩემს კლასელს იესო ქრისტეს სიტყვები ვუთხარი. უფრო სწორად, ის შინაარსი, რა შინაარსიც ქრისტემ თავის სიტყვებში ჩადო: ის, რომ ყოველი სიტყვა შენზე ლაპარაკობს. მან მითხრა, – ბოდიში, სწორედ ასე უნდა ვთქვა – თუ შენ ახლა ყლეობა არ თქვი, აბა, რა თქვიო? მგონია, რომ არ არსებობს შეურაცხყოფა – არსებობს მხოლოდ სისუსტე, რომლის შევსებაც აგრესიული მოქმედებებით სურთ.

– როგორ განვითარდა თქვენი ფიქრები? რა მიმართულებით წავიდა, რა გზა განვლო ამ დროის განმავლობაში?

– არ ვიცი. მახსოვს ჩემს ცხოვრებაში რაღაც მომენტები. თუმცა, შეიძლება, უბრალოდ, მათ ვაბრალებდე, თითქოს ისინი იყვნენ ის წერტილები, საიდანაც რაღაც მიმართულება მიიღეს ჩემმა ფიქრებმა. მაგალითად, ეს იყო სწორედ ის ჩხუბი. შეიძლება, ჩემს დაფიქრებაზე სიყვარულთან დაკავშირებულმა იმედგაცრუებამაც იმოქმედა. მაგრამ უფრო მგონია, ეს მამაჩემის გავლენაა, თუ შეიძლება ამას «გავლენა» დავარქვათ.

– თუ, მაგალითად, ადამიანმა რაღაც მიგითითათ, ამაზე იფიქრეთო, ეს გავლენა არაა?

– გავლენა, უფრო, ისაა, როდესაც იჩემებ, ეს ჩემი ფიქრიაო. მაგრამ თუ ვინმე მიმითითებს, აქეთ იფიქრეო, როგორ იფიქრებ ამაზე, თუ შინაგანად ამისთვის მზად არ ხარ?

– მოდით, რწმენას დავუბრუნდეთ. მე როგორც მეჩვენება, თქვენ საკმაოდ დარწმუნებული საუბრობთ.

– ჰო, ასე გამომდის. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც იმედგაცრუების გამო ფიქრი მიწევდა. ეს რამდენჯერმე მოხდა. წარმოიდგინეთ, არის გვირაბი და არის მხოლოდ ერთი მიმართულება – წინ. მეც ასე დამემართა – ჩემი მიმართულების გვირაბი ჩემმა იმედგაცრუებებმა და ტკივილებმა შექმნეს. იმის თქმა მინდა, რომ მე აუცილებელი მიმართულებით მივდიოდი. მართალია, არ ვიცი, სად და როგორ შეიქმნა სიცოცხლე და სამყარო, მაგრამ ამ გაუგებრობაში, ასე მგონია, უფრო სწორი პოზიცია მიკავია, ვიდრე სხვებს, რომელთაც ეს გზა არ გაუვლიათ.

– ეს სიამაყეა?

– დიახ, ნაწილობრივ. მე ხანდახან ვამაყობ, რომ სწორედ აქ მოვხვდი და არა სხვაგან.

– როგორ ფიქრობთ, გზა ბოლომდე გაიარეთ?

– არა!

– მაშინ, სად მოხვდით?

– გაუგებრობაში (იცინის). საქმე, იცით, რა არის? ხანდახან ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, არსებობაში, მაგალითად; ჰოდა, ეს ადამიანები, ხანდახან, ქალს აუპატიურებენ. მე არ ვიცი, ამას რა ვუწოდო; მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამორკვეული მაქვს, მაგრამ ადამიანი ყოველ წამს ახალ ცოდნას იძენს. რაღაცას სწავლობს. ზოგჯერ კი, როცა ეს მეტისმეტად ბევრი მოუვა, შეიძლება უარყოს ის ყველაფერი, რაც აქამდე უსწავლია და გაუგია. ამ დროს მან შეიძლება თქვას, რომ არაფრის აღარ სჯერა, თუნდაც, არსებობის. სინამდვილეში კი მას ძველი ცოდნა აქვს… დიახ, მე ვამბობ, რომ გზა არ დამიმთავრებია, მაგრამ მაქვს გარკვეული ცოდნა. თანაც, ხანდახან ვგრძნობ, რომ ჩემი გზა უფრო სწორია, ვიდრე სხვების, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი იციან.

– გამოდის, რომ თქვენ გჯერათ იმის, რომ ყველაფერი არ იცით?

– დაახლოებით ასე გამოდის. მაგრამ მე მაინც ბევრი ვთქვი. თქვენ ვერ შეამჩნიეთ, რამდენი ვიბოდიალე?

– დიახ. დავუბრუნდეთ ხელოვნებას. რას ფიქრობთ ხელოვნებაზე?

– მგონი, ეს კარგი რამეა.

– მაშინ სხვანაირად ვიტყვი. რა არის თქვენთვის ხელოვნება?

– სიტყვები ჩემთვის მნიშვნელობებით, ასოციაციებითაა დატვირთული. როცა წარმოთქვამთ «ხელოვნება», მე თვალწინ წარმომიდგება ხელი, დაძაბული, განსაკუთრებულ პოზაში, რომელიც სველ თიხას ფორმას უცვლის. თავის მხრივ, ალბათ, ეს სიტყვებიც გარკეულ მოგონებებს, შეგრძნებებს და ასოციაციებს შეიცავენ. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასოციაციებითაც, ალბათ ეს შემოქმედებაა… თუმცა ხელოვნება ჩემთვის არის საკუთარ თავთან კავშირი.

– რას გულისხმობთ?

– არის სიტყვები და არის ნამდვილი გრძნობები. სიტყვები ძალიან ადვილად იცვლება. შეიძლება თქვა, რომ ნამდვილი გრძნობები ტყუილია და ამით საკუთარ თავს შესაძლებლობა წაართვა, რომ შენი შეგრძნებები აღმოაჩინო. ხელოვნება ჩემთვის არის სიტყვების გათანაბრება, მიახლოვება შინაგან მუსიკასთან; ან, ყოველ შემთხვევაში, მათი ისეთ მდგომარეობაში დატოვება, რომ ადამიანმა მუსიკის დაწერა მაინც შეძლოს. სიტყვები ხომ ყოველთვის ვერ შეძლებენ გამოხატონ გრძნობები? ეს,ალბათ, როგორც ამბობენ, ბანალურადაც ჟღერს.

– ბევრს კითხულობთ?

– არა. ნაკითხს ვგავარ? ერთი ბიჭი ამბობდა, კითხვა იმისთვის არის კარგი, რომ შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში, ამაზე ილაპარაკებ და ეს ცხოვრებას გაალამაზებსო. არა მგონია, ასე იყოს.

– მაინც, რას კითხულობთ?

– ფილოსოფია მაინტერესებს. თუმცა არც ამგვარი ნაწარმოებები მაქვს ბევრი წაკითხული. შეიძლება, ეს ჩემი ასაკის გამოც არის, შეიძლება იმის გამოც, რომ ზარმაცი ვარ. ჩემზე მეტიც აქვთ წაკითხული ჩემხელებს. თუნდაც, აი, იმ ბიჭს, წეღან რომ ვახსენე.

– რას ფიქრობთ ფილოსოფიაზე?

– არ ვიცი. ერთხელ გერონტი ქიქოძის (ფილოსოფოსი მას არ ეთქმის, მაგრამ მაინც) აზრი წავიკითხე ვაჟა-ფშაველას ლექსზე «რამ შემქმნა ადამიანად». ორ სიტყვაში იყო ჩატეული ის, რასაც სხვადასხვა კრიტიკოსები ათ და ოც სიტყვაში ვერ ჩაატევდნენ. მეც მომეწონა – მივხვდი, რომ ამგვარი აზროვნებით შეიძლებოდა რაღაცის ღრმად დანახვა.

– მაინც როგორი აზროვნებაა ფილოსოფიური აზროვნება?

– ამის ბევრნაირად განმარტება შეიძლება, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ვსაუბრობთ, ალბათ ფილოსოფიური აზროვნება ნიშნავს მოვლენების სიმრავლით კი არა, მათი «იდეებით» თუ «ძირებით» აზროვნებას. ფილოსოფიურ ნაწარმოებებში ხშირად წაიკითხავთ ისეთ სიტყვას, როგორიცაა, მაგალითად, «არსება». ასევე ხშირად ნახავთ «ობა» მაწარმოებლით ნაწარმოებ სიტყვებს და მათით შემგარ წინადადებებს. ფილოსოფია არსებას სწვდება.

– რას იტყვით ხელოვნებისა და ფილოსოფიის ურთიერთობაზე?

– რაღაც მომენტში მათი გამიჯვნა, ალბათ, არც შეიძლება. ჩვეულებრივ ადამიანს… ეს ალბათ არასწორი გამოთქმაა, მაგრამ, ჯერ არ ვიცი, სხვა რა ვიხმარო; ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს გაიგოს ფილოსოფიურად დაწერილი აზრები. ეს «ობა» მაწარმოებლები. მისთვის უფრო ადვილია, წაიკითხოს მხატვრული ლიტერატურა. მხატვრული ლიტერატურა ხომ მაინც ცხოვრებას აღწერს, ოღონდ, ფილოსოფიისგან განსხვავებით, ცხოვრებისეული ფაქტებით გველაპარაკება; თითქოს ცხოვრებისეულ საგნებში ჩადებულია რაღაც სიბრძნე. მაგრამ ისინი ხანდახან მაინც სვამენ კითხვას: რა აზრი დევს ამ ნაწარმოებში?

– რას გულისხმობთ?

– როდესაც ასეთ კითხვას სვამთ, თქვენ აუცილებლად ფილოსოფიური აზროვნებისკენ იხრებით; მაგრამ «ჩვეულებრივი» ადამიანი ამას არ აპირებს. შემდეგ კი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, თუ რატომ შეიძლება არ მოგწონდეს ასეთი ადამიანი. სხვათა შორის, ფრაზა «გემოვნებაზე არ დაობენ» სწორედ ამას უკავშირდება. თუ «ჩვეულებრივი» ადამიანი ხარ, წაიკითხე ნაწარმოები ისე, რომ არ დასვა ზედმეტი კითხვები, იგრძენი; თუ არა – მაშინ ფილოსოფოსი ხარ. ხოლო როგორ ხარ ფილოსოფოსი, როცა ფილოსოფოსი არ ხარ? ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

– გამიგონია, ფილოსოფიას ცხოვრებისგან მოწყვეტილობას უსაყვედურებენ.

– სად გაიგონეთ? აიღეთ თქვენი მოქმედებები და მათი მიზეზები და მიზნები, აიღეთ ისინი და «გამოაცალეთ» ყოველდღიურობის საგნები: ჭიქა, სკამი, შეყვარებული. ხელში მხოლოდ გრძნობები და მათზე მსჯელობა შეგრჩებათ. სწორედ ესაა ფილოსოფია. არიან ადამიანები, რომლებიც ფილოსოფიას ან მეცნიერებას ცნებების დახვავებას ეძახიან. შეიძლება ესაა ცხოვრებას მოწყვეტილობა. მაგრამ, ამ აზრით, ცხოვრებას მოწყვეტილია არა მარტო ფილოსოფოსი, არამედ ის ადამიანიც, რომელიც გოგონას მოხიბვლას ცდილობს თავისი ცოდნის დემონსტრირებით.

– კარგით. ჩვენი ინტერვიუ, მგონი, უნდა დავამთავროთ. მე აღარ ვიცი, რა კითხვები დაგისვათ.

– კარგი. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.

ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?



ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?

ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს? ვინ მენავეა? იმისი ნავი სად დაცურავს ან სად აბია?
იგი ჩვენს ნავში როდის იჯდა?
და თუკი იჯდა,
თუ გარჯილა და ნავში წყალი თუ უხაპია?

სად იყო მაშინ როცა ხეზე ავიდა ფითრი?
რად მივაჩნივართ ყველა ბრიყვებად?
ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?
ის ხომ არ არის,
მისი სიმძიმით ვინც უთუოდ მოიდრიკება?

თუ მატიანის ფოლიანტზე არ გაიჭყლიტა,
რა ქნა ისეთი, რომ მისთვის სხვა რამ მცირეა?
ო, ეკლის გვირგვინს იქნებ იგი ეპოტინება,
ვინც ხალხს ზვარაკად ვერასოდეს შეეწირება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც სხვებს ზევიდან
ისე დაჰყურებს, როგორც თაგუნებს?
ვისაც ჰგონია, რომ საქართველო
მისი რჩეული სიყვარულის ღირსია მხოლოდ
და გულზე ხელებს ვინც იბრაგუნებს?

მამულს თავისი სიყვარული რომ უწყალობა,
ჩვენ მადლობლები უნდა ვიყოთ…
არა ჰყოლია
უფრო ერთგული შვილი მამულს და მას ეკუთვნის
მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის მონოპოლია.

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს,
ვისი მახვილიც
უგუნურება და უმეცრება არის რეგვენთა?
ვისაც ჰგონია, რომ ამაგი არ დაუფასეს
და ვისაც უნდა მის გარშემო შექმნას ლეგენდა?

სად არის მისი აგებული სვეტიცხოველი?
თაყვანისცემით გაბერილმა პარანოიკმა
გულუბრყვილონი როგორ უნდა დაიმორცილოს,
რომ განდიდების წყურვილი და ჟინი მოიკლას?

ო, ნუთუ იგი იმედით დაიარება,
რომ გაჩუმდება და არავინ არაფერს იტყვის?
ვინც არის–მეთქი მხოლოდ სახელს დახარბებული,
ის ხომ არ იდგამს წამებულის ეკლიან გვირგვინს.

ვინ ცდილობს ხალხი შეცდომაში რომ შეიყვანოს?
ვით შეიფერებს ეკლის გვირგვინს თავი სახედრის?
ამ ქვეყანაზე თავის ფუსფუსს,
თავის ღოღიალს,
თავის უბადრულ არსებობას რატომ ვაყვედრის?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც ქვეყანაზე
დაბადებული არის მლიქვნელად?
საითაც ქარი დაუბერავს, ვინც მხოლოდ იქით
გადაყვლეფილი სინდისით გადიზნიქება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც კაცს გულგრილად
გულს უხეთქავს და მერე უხდის საკადრის ქელეხს.
ო, ეკლის გვირვინს ვისი ხელი ეპოტინება,
რა უნდა მასთან ანგარებით დაკრუნჩხულ ხელებს?

ო, ვინც განცხრომას ვერასოდეს ვერ შეელევა,
ტანჯვა არ იცის და ერთობა სხვებზე ქირქილით,
ის ხომ არ არის?
დააკვირდით…
ვის უნდა თავი,
რომ დაიმშვენოს წამებულის ეკლის გვირგვინით?

გივი გეგეჭკორი

ცრუ, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანების ჩვენებით პოეტი გივი გეგეჭკორი ნათლად გამოკვეთს თუ რაოდენ საშიშია ზნეობრივი თვალსაზრისით მთელი ერისათვის ასეთი ინდივიდების არსებობა, რისი მომასწავლებელაი და რას უქადის ზოგადად ეს საფრთხე თვითონ საზოგადოებას.
მართლაც წამებულის გვირგვინით თავის შემკობაც შეიძლება ადამიანისთვის დამახასიათებელ მანკიერებად იქცეს, თუ მას ქვეყნისათვის მსხვერპლის გაღება არ შეუძლია და ოდნავი წვლილიც კი არ მიუძღვის სოციუმის წინაშე.: ;თუ გარჯილა და ნავში წყალი თუ უხაპია ?” შესაბამისად ,გასაკვირი არცაა, რომ, ავტორის აზრით, ასეთი ადამიანის თვისება ამპარტავნობაა, სულიერი სიღარიბე, რომელიც ქვეყნის დიდი მოამაგის ნიღბის ტარებითაა გამოხატული: ;სად არის აგებული სვეტიცხოველი?” უფრო მეტიც , ასეთი ყალბი პატივისა და სახელის მაძებელი უპრინციპობასა და უზნეოებას იქამდეც მიჰყავს, რომ საკუთარ, განსაკუთრებულ პრივილეგიად წარმოადგენს სამშობლოს სიყვარულსაც კი (:მას ეკუთვნის … სამშობლოს სიყვარულის მონოპოლია”)და რაც მთავარია , არსებობს კიდევ მლიქვნელობა და მედროვეობა- ამ ტიპის ადამიანებს ველა დროში “თავის წარმოჩენის” საშუალებას რომ აძლევს (:საითაც ქარი დაუბერავს … გადაიზნიქება”).
რასაკვირველია , პოეტსაც სწორედ იმის თქმა სურს, რომ უღირს ინდივიდებს დაუმსახურებელი პატივი არ უნდა მიეგოთ. ცხადია , ეს საზოგადოების ინტერესიც უნდა იყოს , რათა ქვეყანაში საერთოდ არ გაქრეს მორალური კრიტერიუმები და ის ვინც, მხოლოდ ეპოტინება “ეკლის გვირგვინს”, უეცრად თავდადებულ გმირად არ სერაცხონ.
სათქმელის უკეთ გადმოსაცემად ავტორს არაერთი მხატვრული საშუალება აქვს გამოყენებული . მაგალითად , ადამიანის პატივმოყვარეობა და ცინიზმია ნაჩვენები შედარებით -“სხვებს ზევიდან ისე დაჰყურებს , როგორც თაგუნებს”. რაც ყველაზე თვალსაჩინოა , მთელი ლექსი დატვირთულია რიტორიკული შეკითხვებით . ეს კი, ბუნებრივია , ლექსსაც უფრო ორიგინალურსა და, მიზანდასახულობის თვალსაზრისით, მკაფიოდ გასაგებს ხდის: ” ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?” , “იმისი ნავი სად დაცურავს ან სად აბია ?” , “სად იყო მაშინ , როცა ხეზე ავიდა ფითრი?”, “სად არუს აგებული მისი სვეტიცხოველი ?” და სხვ.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ალბათ, უფრო თვალნათლი ხდება ლექსში წამოჭრილი პრობლემაც. მართლაც , რატომ უნდა სურდეს მავანსა და მავანს მიიღოს ის ,რაც ნას არ დაუმსახურებია? მახსენდება ცნობილი მწერლის ვახტანგ ჭელიძის , ერთი წერილი , რომელშიც ავტორისწორედ ამგვარადამიანებზე საუბრობს და იხსენებს ინგლისურ სიტყვას VANITY, რომელიც ერთდროულად ამაოებასაც ნიშნავს და პატივმოყვარეობასაც. ვფიქრობ , ეს პარალელი ნიშნეულია ,რამდენადაც წერილში ზუსტად ის საკითხია წამოჭრილის, ასე რომ აწუხებს პოეტ გივი გეგეჭკორს. ჩემთვისაც , არსებითად , მიუღებელია ის, რომ “ვინც განცხრომას ვერასოდეს ვერ შეელევა” და “მხოლოდ სახელისაა დახარბებული “, თავს ისე გვაჩვენებდეს , თითოს დიდი იყოს მისი დამსახურება ჩვენ წინაშე. და თუმცა კარიერისტობა ასეთი ადამიანის ცხოვრებისეული კრედოა, საზოგადოებამ მაინც უნდა იზრუნოს , რათა, მსგავს, სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიებს დროულად დაესვას წერტილი .