მახსოვს

მურმან ლებანიძე – მახსოვს


“მე ჩემს წიგნს “მახსოვს” დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო__წყეული ხსოვნით.

მე კი…მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი…

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი __დაჭრილივით ბღავის,
ასიც__ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.”

მურმან ლებანიძე – მახსოვს!


memories-v-still-life-painting-by-anwar-husain

სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო _
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა _
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა _
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე _
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი _
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები _
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები _
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი _
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _
მახსოვს!
`მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _
მახსოვს!
`ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _
მახსოვს!

`გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი~...