ვეფხისტყაოსანი

12 მონა – მარინა გოგოლაშვილი


სურათზე: მე-16 საუკუნის უცნობი მხატვრის ილუსტრაცია.

მცირე ჩანაწერები „ვეფხისტყაოსანზე“

რატომ 12 მონა?!

(დეტალების საიდუმლო)

რატომ ჰყავს მეფე როსტევანს მაინცადამაინც 12 მონა?!  არც მეტი, არც ნაკლები -ზუსტად 12 „უმხნესი“ მონა! განა უფრო რეალური და ბუნებრივი არ იქნებოდა, მათი რაოდენობა ყოფილიყო 10-20 ან სხვა მრგვალი ციფრი?! საჯარისო ნაწილები ხომ, ძირითადად, მრგვალი ციფრებით არის წარმოდგენილი! თუმცა ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ სიმარტივეს შოთასთან რა ხელი აქვს?!

ეს 12  მონა სხვათაგან ხაზგასმით გამორჩეულია. ისინი არც ლაშქრის შემადგენლობაში შედიან, არც დიდებულებად ითვლებიან და ძალიან მალე ტოვებენ „სცენას“, თითქოს „ქვესკნელს ჩაძრომილმა ანუ  ზეცად ანაფრენმა“ უცხო მოყმემ ისინი კი არ დახოცა, თან გაიყოლა და უკვალოდ გააქრო.

მაინც რატომ დასჭირდა გენიოს შოთას მათი ხანმოკლე შემოყვანა ამ ვრცელ ამბავში, თუკი მხოლოდ ის მოგვითხრო მათ შესახებ, რაც ისედაც ხელისგულზეა და რის გარეშეც პოემაში შეიძლებოდა უცვლელად განვითარებულიყო არსებული სიუჟეტი.

ცხადია. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ 12 მონის ხანმოკლე ამბავი უბრალოდ ჩართული ეპიზოდია და მეტი არაფერი.

 ეს რომ ასე არაა, სწორედ  ამის დასტურია მათი პირველი გამოჩენა და აქტიური მონაწილეობა ნადირობის პროცესში. ისინი წმენდენ მეფისგან ნასროლ და მიწაში ჩასობილ ისრებს, მეფეს მიართმევენ და ნასროლ-ნანადირევს  ითვლიან…ნადირობის დასასრულ კი თავიანთ ვალს პატიოსნად აღასრულებენ და როტევანს განუცხადებენ:

„…მართალს გკადრებთ და ნუ გემცთარებით,

მეფეო ყოლა ვერ გეტყვით შენსა მაგისად დარებით…“

მონებმა პირუთვნელად უთხრეს როსტევანს, რომ ავთანდილი მას მთელი ოცი თავით აღემატება („ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია“). და ეს არაა მხოლოდ პირდაპირი ნათქვამი. მეტიც, მათ ერთგვარად  წინასწარმეტყველთა როლი ითამაშეს და როსტევანს გარკვეულ დროზე მიანიშნეს, შესაძლოა იმაზე,  რომ მისი მმართველობის დრო ამოიწურა: ძველი დღე დამთავრდა და ახალი იწყება, ამიტომაც კარდინალური ცვლილებაა საჭირო და არა სამეფო ტახტის კვლავ მისი შთამომავლობისთვის შემომტკიცება. ამის დასტურია ავთანდილის გამარჯვება ნადირობაში და სანაძლეოს ძალით მეფისთვის „ქუდის“, ანუ სამეფო გვირგვისნის მოხდა. შესაბამისად, საკუთარი ქალიშვილის გამეფება ვეღარ დააბრუნებდა იმ ეპოქაში, რომელსაც  ჟამის ნებით ასცდა.

ამიტომ   ხომ არაა ციფრი 12 დროის გარკვეულ მონაკვეთზე მინიშნება?!  ხომ არ უთხრა ეს თავად რუსთაველმა გიორგი მესამეს?!  ვინ იცის, ვინ გახსნის ისტორიის ბნელ გვირაბთა ლაბირინთებს?!  ჩვენ მარტო ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრი 12, მონებთან მიმართებაში, შეიძლება დროს აღნიშნავდეს. თუმცა ეს მხოლოდ  ერთი ვერსიაა!…

გვსურს  თუ არა ეს,  ფაქტია, რომ ეს ციფრი ასევე ასოცირდება 12 ზოდიაქოსთან და, შესაძლოა, მაცხოვრის 12 მოციქულთანაც.

აქ მცირე ლირიკული გადახვევა მჭირდება იმის ხაზგასასმელად, რომ ლიტერატურულ ქმნილებებს უნდა განვიხილავდეთ არა იდეოლოგიური მოსაზრებებით, არამედ ობიექტური თვალთახედვითა  და  არისტოტელესეული პრინციპის გათვალისწინებით: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“. აგრეთვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ, ცხადია, ვერც შოთს დავაბრალებ და არც მე დავიბრალებ როსტევანთან მაცხოვრის ალუზიის შექმნის მცდელობასაც კი (უფრო- პირიქით). მე მხოლოდ 12 მონაზე ვფიქრობ..

თუ ჯერ ჰოროსკოპთან მიმართებით დავიწყებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს სიტყვა (HORA – დრო,  SKOPEO – ვაკვირდები, ვუყურებ) ითარგმნება, როგორც – „დროს ვაკვირდები“. აქედან გამომდინარე, ჰოროსკოპის 12 ნიშანთან ასოცირებული 12 მონა  როსტევანისთვის სწორედ იმის მინიშნებაა, რომ დროა  მეფის გვირგვინი და  სამეფო ტახტი ავთანდილს დაუთმოს. ამ აზრს უნდა ადასტურებდეს სანაძლეოს პირობაც: „ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს.“, რომელიც სულაც არ არის უწყინარი, თუნდაც სამარცხვინო, ქუდმოხდილად ყოფნის აღმნიშვნელი. ავთანდილის გამარჯვება როსტევანისთვის  გვირგვინის მოხდის პირდაპირპროპორციულია და ამიტომაც კიდევ უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ სწორედ დემნა ბატონიშვილია ავთანდილის პროტოტიპი, ხოლო შოთა რუსთაველის ვინაობა  მის გარემოცვასა და გულშემატკივართა შორის უნდა მოიაზრებოდეს, რომელიც ამ პოემით შეეცადა სიმართლე ეთქვა გიორგი მესამის გზადაბნეული სამეფო კარისთვის (თუმცა ეს სხვა თემაა)…

12 მონის ეპიზოდი კი  ისევე,  როგორც პოემის სხვა არაერთი დეტალი, ადასტურებს მოსაზრებას, რომ რუსთაველს, როგორც დიდ სუფიას,  ზედმიწევნით უნდა სცნობებოდა შუა საუკუნეებში, კერძოდ, 1010-1027 წლებში შექმნილი პირველი ასტროლოგიური სახელმძღვანელო „LIBER PLANETIS ET MUNDI  CLIMATIBUS“ („წიგნი პლანეტებსა და მსოფლიოს რეგიონებზე“), რომლის ავტორად მიიჩნევენ რომის პაპს, სილვესტერ II-ს, ფსევდონიმით ჰერბერტ დ’ ორილაკი. ხოლო მორიგი სიმბოლური დატვირთვით, როსტევანის 12 მონა 12 ზოდიაქოსთან უნდა ასოცირდებოდეს.

 ახლა კი უნდა გავბედო და ჩემი საორჭოფო მოსაზრება ფრთხილად განვავრცო: პოემაში 12 მონის ვარსკვლავურად წამიერი გაელვება ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყნის მმართველი ივიწყებს უფლისგან ხელდსმულობას („მისგან არს ყოვლი ხელმწიფე“), როდესაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გამო (რომელთაც შესაძლოა თავადვე ქმნის), ღმერთს ავსებს საყვედურებით („უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი, აქამდის მე მხიარული) , ვეღარ იქნება  ღვთივგონიერი მეფე და ვეღარც „სახითა მისმიერითა“ განაგრძობს ცხოვრებას.

ვიყოთ გულწრფელნი: უცხო მოყმის დანახვით გამოწვეული „აგანგალა“ განა თავად როსტევანის მიერ ხელოვნურად შექმნილი არ გეჩვენებათ? მეფის მხრიდან რატომ იყო საჭირო ერთი, თავისთვის მჯდარი, მტირალი რაინდის გამო უზარმაზარი მსხვერპლის გაღება (ტარიელმა ხომ მთელი ლაშქარი ამოწყვიტა!)?!  იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ არაბეთიდან ავთანდილის გაძევების  „კულუარული“ გეგმა სისრულეში მოეყვანა?!

ისიც უდავო ფაქტია, რომ 12 მონის მისიაც იქ ამოიწურა, სადაც როსტევანმა,  სანაძლეოს წაგების გამო, ავთანდილის დასჯა  სპონტანურად  დაგეგმა.

 დიახ, 12 მონის ეპიზოდით შოთამ გიორგი III-ს უთხრა, რომ 12 მოციქული ანუ ღვთის წყალობა  მოგაკლდება, რადგან ღვთის ნებას ყური არ უგდე და შენი ეპოქა დასრულდა, ხოლო  შენ მიერ შექმნილი ახალი, სამწუხაროდ, ძველს ვერ გაუტოლდებაო.

გენიოსის მინიშნებანი, რაც უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, მე-13 საუკუნის დასაწყისიდან  აუსრულდა საქართველოს…

ფატმანი – ნესტანს (მარინა გოგოლაშვილი)


სევერიან მაისშვილის ნახატი: ფატმანი აპარებს ნესტანს გულანშაროდან.

ო, როგორ მტკივა, შენი – არა,

ჩემი წარსული

ამ ზღვით აქ მოვხვდი-

ცხოვრებისგან გამორიყული.

მას არ ვუყვარდი,

მე მიყვარდა, ისე ძალიან…

გულანშაროდან ჩემი მზერა

ამ ზღვამ დალია…

თავზე მაყრია

„სასალუქო“ ფერად-ფერადი…

„ზე-პირ“ ვიცინი“,

შიგნიდან მხრავს

დარდი ვერაგი.

ველოდი მშველელს,

დღემდე ველი -ვინ მომიგონებს?!..

გამოვიგონე ფლიდი უსენი,

ჭაშნაგირიც გამოვიგონე.

და ავთანდილმაც

ცის საჩუქრად მე რომ ჩავთვალე,

გამინაპირა, –

დამიყენა ორივე თვალი…

გავუბოროტდი თითქმის ყველას,

მაგრამ შენ-ვერა-

ტანჯვით დაღლილო, დაო, ნესტან,

სწორედ ჩემგან გჭირდება შველა…

სულის დობილო,

მიჯნურის ხვედრმა

ეკლიანი გზებით გვატარა:

შენ -აგატარა…

მე -ჩამატარა.

როგორი პიროვნებაა ნესტან-დარეჯანი? მარინა გოგოლაშვილი


ყურადღება!

ინტელექტუალთა კლუბში კითხვას სვამს შოთა რუსთაველი:

-როგორი პიროვნებაა ნესტანი?

წამყვანი მარინა გოგოლაშვილი: შოთა რუსთაველის პირისპირ თამაშობს „ბროლის ბუს“ მფლობელი გიორგი ბაქრაძე.

ყურადღება! პასუხი:

-ნესტანი ცუდი პიროვნებაა!

მარინა გოგოლაშვილი;

ეს პასუხი არის მცდარი. დაჯექი, ბაქრაძე, შენ დამარცხდი შოთასთან!

ნ ე ს ტ ა ნ ი კ ა რ გ ი პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა ა

შევეცდები არგუმენტები ლაკონურ პოსტულატებად ჩამოვაყალიბო:

მზესავით ანათებს. – ის „მზისაგან ვერ შეფრობილია“. მზის მსგავსება მარტო თვალისმომჭრელი სილამაზის გამოხატულება არაა. შოთასვე განმარტებით, მზეს „ხატად ღმრთისად ეტყვიან ფილოსოფოსნი წინანი“. მზესავით ნესტანის დედამიწაზე მოვლენაც მისი ღვთაებრივობის მიმანიშნებელია, რომელიც, ჩემი აზრით, სრულყოფილებასთან მიახლოებული ტარიელის მფარველად და დამცველად არის მოსული ამ სამყაროში;

ის თავისი შეხედულებებით 21-ე საუკუნის ქალია. პირველი უმხელს ტარიელს სიყვარულს (ეს ფაქტი ნებისმიერ ფემინას მოუგებს გულს: როზა ლუქსემბურგიდან დაწყებული ბაია პატარაიათი დამთავრებული). კარგია, რომ ბაქრაძემ „მსუბუქი ყოფაქცევის“ გამო არ დაიწუნა;

ნესტანი ბრძენია. თვით მელიქ-სურხავი გადაწყვეტს: ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლით მხედი…“ სწორედ ამ სიბრძნით სჭრის „მართალ სამართალს“ქალი , რომელსაც, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უნდა იწუნებდეს ბაქრაძე, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტარიელს კაცის კვლს ცოდვა დაადებინა.

ლიტერატორები ნესტანის ამ გადაწყვეტილებას „სიყვარულის სამართალს“ უწოდებენ, თუმცა მე თუ მკითხავთ, ეს სააფთიაქო სასწორის პინებზე აწონილი სამართალია. კაცმა რომ თქვას, ჰქონდათ კი მიჯნურებს სხვა გამოსავალი?! „დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევო,“ ქვეყნებს შორის ომი დიდ სისხლს მოიტანს და ამას ვერ დავუშვებო, – ასე მსჯელობს ნესტანი. მოკლედ, ბრძენმა ნესტანმა გამოუვალ მდგომარეობაში ორი ცეცხლიდან დაბალი ცეცხლი აირჩია და ვინ იცის, ნებაყოფლობით იტვირთა ერთი კაცის მკვლელობის ცოდვა. ვიცით კი ვინმემ რას მოიმოქმედებდა მოულოდნელობისა და დაბნეულობისგან გამორკვეული ლომ-ვეფხვთა მძლეველი ტარიელი?!

ნესტანი ღირსეული პიროვნებაა. მას ერთი ნაბიჯი აშორებდა ფატმანის ბედისგან (ეს ვრცელი თემაა, აქ ამის ადგილი არ არის!). ის არის ქალი, ვინც ტარიელი ჯერ ვეფხვის ტყავში/ცოდვებში გაახვია და მერე თავისი სიყვარულით ეს ცოდვები არამარტო დააძლევინა, არამედ აამაღლა მასზე. მე რომ მართლმადიდებელი არ ვიყო, ვიტყოდი, გაასხივოსნა-მეთქი.

ნესტანი მამულიშვილია! მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელის, თინა წავკისელის მშვენიერი დიდი ბებია და, ბოლოს და ბოლოს, თამარ მეფის სახე-ხატებაა. როცა თავად ქაჯთა ბოროტების ციხეშია გამომწყვდეული, ტარიელს სწერს: ჩემთან ნუ წამოხვალ, „ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულთა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა…“ ანუ ხატაეთისგან აკლებულ ინდოეთს მიმიხედეო.

და ფინალი: ქაჯეთის ბოროტებისგან ჩაჟამებულ ციხეშიც კი როგორი ნათელი და კაშკაშა დარჩა: „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა…“

ასე, რომ:

ნესტანი კარგი პიროვნებაა!

ნესტანი ძალიან კარგი პიროვნებაა!

ნესტანი მაგარი გოგოა!

ნესტანი უმაგრესი გოგოა!

ნესტანი ღირსეულ ადამიანად ყოფნისა და უპირობო სიყვარულისა ჰიმნია!

მარინა გოგოლაშვილი – მცირე ჩანაწერი “ვეფხისტყაოსანზე”


„ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!..“
ასეთი „ნაძლევი გააჩინეს“ თინათინის კორონაციისადმი მიძღვნილ ნადიმზე არაბეთის მეფე როსტევანმა და მისმა „ჯერთ უწვერულმა, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა “ სპასპეტმა ავთანდილმა მას შემდეგ, რაც ნადირობაში შეჯიბრი გადაწყვიტეს.
დამეთანხმებით, ნაძლევის პირობა შემაცბუნებლად მარტივია – ამ ორს შორის რომელიც წააგებდა და ნაკლებ ნადირს დახოცავდა, სამი დღე ქუდმოხდილი ივლიდა.
ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი გარიგება თითქოსდა ეფუძნება საქართველოში ოდითგანვე გავრცელებულ შეხედულებას, რომ ქუდი კაცის ღირსებას გამოხატავს, ხოლო ქუდმოხდილობა კი ნამუსის შერცხვენას ნიშნავს. ზოგადად, ეს ასეც იყო და დღემდე ასე აიხსნება შოთას პოემის ეს ფრაზა. ასეთი ინტერპრეტაციით ასწავლიან სკოლებშიც.
თუმცა ჩნდება კითხვა: არის კი ყველაფერი ასე მარტივად? ქვეტექსტებით დახუნძლული ტექსტის ამ კონკრეტულ უჩვეულო შემთხვევაში ვითომ ასე უბრალოდაა საქმე?
ეს რომ გავარკვიოთ, პირველ რიგში, ლიტერატორთა ის მოსაზრება უნდა გავიხსენოთ, რომლის მიხედვითაც, არაბეთიცა და საქართველოც ერთი მედლის ორი მხარეა და ერთში ოფიციალური, ხოლო მეორეში კულუარული საქართველო მოიაზრება. შესაბამისად, თუ არაბეთში საქართველოს სამეფო კარის საჩვენებელი ვიზუალი იგულისხმება, როსტევანის პროტოტიპად მეფე გიორგი მესამე უნდა მოვიაზროთ, რომელიც იღებს არაორდინალურ, ეპოქალურად უჩვეულო გადაწყვეტილებას და სამეფო ტახტზე აჰყავს ქალი, თამარი, რომლის პროტოტიპი პოემაში თინათინია.
მაგრამ ვინაა ავთანდილის პროტოტიპი, რომელიც მეფეს ზრდილი თავაზიანობითა და ახლობლური სითამამით შეესიტყვება:
„ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა…
მიწაცა თქვენი ავთანდილ ნამდვილი მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოსაპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“
მეფეც მამაშვილური შემწყნარებლობით მიუგებს:
„…შვილად გზრდი, მით შე-ვე-მკადრე;
იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხე ზედად-რე“.
ისტორიასაც თუ გადავხედავთ, გიორგის, დიახაც, შეეძლო „შვილო“ ეწოდებინა თავისი ძმის, მეფე დავით V ვაჟის, დემნა უფლისწულისთვის, რომელსაც გიორგის შემდეგ კანონიერად ეკუთვნოდა სამეფო ტახტი, რადგანაც გიორგი III-ს არ ჰყავდა ვაჟიშვილი, ანუ ტახტზე გვარის გამგრძელებელი. თუმცა ეს ფაქტი გიორგის მეტად ამწარებდა და ამიტომაც თავისი (მართალია, ჭკვიანი და მშვენიერი) ქალიშვილი ჯერ არაკანონიერად გამოაცხადა სამეფო ტახტის თანამოსაყდრედ, შემდეგ კი, ასევე არაკანონიერად, გაამეფა. რასაც მოჰყვა 1177 წლის დემნა ბატონიშვილის ამბოხი, რითაც მან კანონიერი პრეტენზია განაცხადა, თუმცა ის ამ ბრძოლაში დამარცხდა…
ახლა დავუბრუნდეთ ნადირობის ამბავს, რომელშიც ავთანდილი ამარცხებს მეფეს. ხომ არ არის ეს სიუჟეტი შოთა რუსთაველის სურვილი, მკითხველს მიანიშნოს, რომ თუ სინამდვილეში ასე მოხდებოდა, სამართლიანობა იზეიმებდა. თუ ავთანდილის პერსონაჟში დემნა უფლისწულს მოვიაზრებთ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ ნადირობაში დამარცხებული როსტევანისთვის ქუდის მოხდა მხოლოდ ვაჟკაცობაში შერცხვენა არ იქნებოდა, რადგანაც მეფეს თავზე არა უბრალოდ ქუდი, არამედ სამეფო გვირგვინი ადგას და ეს ჟესტი აღიქმება, როგორც ავთანდილის [დემნას] მიერ როსტევანისთვს[გიორგისთვის] ტახტში შეცილების აშკარა მინიშნება. საერთოდაც, ეს ეპიზოდი ხომ არ არის დემნას აჯანყების ლიტერატურული ინტერპრეტაცია?! დავაკვირდეთ ერთ დეტალასაც: მეფე როსტევანს მთელი ამალა ახლავს, ავთანდილს კი ერთი შერმადინი, რაც აშკარად მიგვანიშნებს გვირგვინოსნისა და მისი მოწინააღმდეგის რიცხვობრივ უთანასწორობაზე.
ეგებ, ეს იყო როსტევანის დაღონებისა და განრისხების ნამდვილი მიზეზი? ეგებ, ამიტომ გადაწყვიტა, თინათინის ხელით ემოქმედა, დაესაჯა ავთანდილი და უცხო მოყმის ძებნის მომიზეზებით ქვეყნიდან გაეგდო?…
ახლა ცოტა უფრო თამამ განაცხადს მივმართავ და ილიას ცნობილი ნაკვესით გავიმხნევებ თავს: „ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერუმარილი რა საჭიროა?!“ ჰოდა, გული მაფიქრებინებს, რომ ისტორიულადაც სინამდვილეში მოხდა ისე, როგორც პოემაშია აღწერილი. რაკი არვინ იცოდა, რა მოჰყვებოდა მეფის იმ სისასტიკეს, რაც დემნა უფლისწულის შესახებ „ქართლის ცხოვრების“ მემტიანემ აღწერა, თამარმა გიორგის მრისხანებას გაარიდა დემნა, გაუშვა და გადაკარგა საქართველოდან. ბოლოს და ბოლოს, ღვიძლი ბიძაშვილი იყო (და დაბეჯითებით ვფიქრობ – მეტი არაფერი! თუმცა ეს სხვა თემაა). ისტორიკოსებს კი ისე დააწერინეს (ისტორიას ხომ ძალაუფალთა მორჩილი ქვეშევრდომნი ქმნიან ყოველთვის, ყველა დროში), რომ მეფის ყველა მოწინააღმდეგეს შეშინებოდა ღალატის სავარაუდო შედეგისა.
ასე, რომ თუკი დუალიზმის პრინციპით აგებს შოთა თავის უზარმაზარ უკვდავ ძეგლს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავთანდილის პროტოტიპი დემნა ბატონიშვილია, ისევე, როგორც ტარიელის, თუმცა ეს სხვა ჩანაწერის თემაა…

ვეფხისტყაოსანი


the_knight_in_the_panther_s_skin_by_crusaide_nino-d7mlsde

 

ავტორი: შოთა რუსთაველი
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული
თემა: სიყვარული, მეგობრობა, გმირობა
ჟანრი: ეპიკური პოეზია, შაირი
გამოცემის თარიღი: სხვადასხვა წლები
დაწერილია: XII საუკუნეში
ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

შედგენილობა

ვეფხისტყაოსანი სამი ნაწილისაგან შედგება: პროლოგი (შესავალი), მთავარი ამბავი და ეპილოგი (დასასრული).

პროლოგი და ეპილოგი

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ცნობებს იძლევა პოემის ისტრიულ-ლიტერატურული საკითხებისა და თავად ავტორის შეხედულებების შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით პროლოგი ეპილოგთან ერთად გვიანი ხანის დამატებაა და არ ეკუთვნის პოემის ძირითადი ნაწილის ავტორს; სხვა მოსაზრებით კი პროლოგსა და ეპილოგში მხოლოდ რამდენიმე სტროფია შემდეგ დამატებული, ძირითადი ნაწილი კი შოთა რუსთაველს ეკუთვნის. ამ უკანასკნელ მოსაზრებას იცავს რუსთველოლოგი ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც ყალბად აცხადებს პროლოგის რიგ სტროფებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პროლოგი ვეფხისტყაოსნის ღირსებაა და მასში შოთა რუსთაველმა მოკლედ გადმოსცა პოემის მთავარი სათქმელი:
„ცხადად ჩანს, რომ რუსთაველს სწადდა ამ წინასიტყვაობით გამოეთქვა პოემის დასაბამი და დედააზრი, თავისი სულის ვითარება და მდგომარეობა პოემის შეთხზვის ჟამისა, თავისი შეხედულება და ურთიერთობა პოემის გმირებთან; სწადდა გამოეხატა თავისი იდეალი, რომელიც ყოველს პოეტს ასულდგმულებს და მის უძვირფასეს განძს შეადგენს — მიჯნურობა და პოეზია. „წინასიტყვაობა“ არა თუ სხვის მიკერებული აპოკრიფი არ არის, არამედ პოემის მოუწყვეტელი ნაწილია, მისი ახსნაა და კლიტე-გასაღები.“
ალექსანდრე სარაჯიშვილის მსგავსი მოსაზრება შედარებით ადრე გამოთქმული აქვს ასევე ალექსანდრე ნანეიშვილსაც. საპირისპიროს ამტკიცებდა რუსთველოლოგი დავით კარიჭაშვილი. მისი აზრით ვეფხისტყაოსნის პროლოგიცა და ეპილოგის გაყალბებულია და არანაირი საერთო არა აქვთ პოემის მთავარ ნაწილთან. დავით კარიჭაშვილის მოსაზრებით, ეს ორი ნაწილი ცალ-ცალკეც ერთიანს არაფერს წარმოადგენენ და მათი ცალკეული ტაეპები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირთაგანაა დაწერილი. დავით კარიჭაშვილის ეს მოსაზრება მკაცრად გააკრიტიკა ნიკოლოზ მარმა თავის რუსთველოლოგიურ ნაშრომში. დავით კარიჭაშვილმა, მიუხედავად ნიკოლოზ მარის კრიტიკისა, საკუთარი მოსაზრებანი უცვლელად გაიმეორა სპეციალურ ნარკვევში „ვეფხისტყაოსნის შემადგენლობა“. ეს მოსაზრებები გაიზიარა და კიდევ უფრო განავითარა რუსთველოლოგმა ალექსანდრე სვანიძემ. დავით კარიჭაშვილს ერთი პერიოდი მხარს უჭერდა კორნელი კეკელიძეც. ეს მოსაზრება პროლოგ-ეპილოგის სიყალბის შესახებ მოგვიანებით გააკრიტიკა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ტრადიციულ პრინციპებს ეფუძნება. კომპოზიციური თვალსაზრისით პროლოგის ტექსტი ძირითად ნაწილთან სრულ წესრიგშია, პოემა სამივე ნაწილით თანმიმდევრული და სანიმუშოა. ვეფხისტყაოსნის თანმიმდევრულობისა და სანიმუშოობის შესახებ ამგვარადვე ფიქრობდა ვაჟა-ფშაველაც.

ძირითადი ნაწილი

ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი ამბავია მოთხრობილი, არაბეთისა და ინდოეთისა. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია. პოემის ძირითადი სიუჟეტური ამბავი გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია, მაგალითად, ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირე დასრულებული, სიუჟეტური ამბებია. გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა.
რუსთაველი ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას. აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამაასიათებელია თავისი მოსაზრების დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმობის მოყვანა. სიუჟეტით ვეფხისტყაოსანი, მეცნიერების თქმით, დღემდე მიმზიდველი წასაკითხია. ვეფხისტყაოსნის ესპანურად მთარგმნელის, გუსტავო დე ლა ტორეს სიტყვით, რუსთაველის პოემის „კითხვა მომხიბლავია“. ქართველი რუსთველოლოგი ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტური ხლართები ვეფხისტყაოსანში იშვიათი ხელოვნებითაა შეკრული და გახსნილი, სიტუაციები თანდათანობით რთულდება და მძაფრდება, რაც ძაბავს მკითხველის ყურადღებას და აღძრავს ინტერესს.
პოემის ძირითადი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად მიჩნეული იყო სიყვარული. ეს მოსაზრება საკამათო გახადა ნიკოლოზ მარმა, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ მთავარი თემა პოემაში არის არა სიყვარული, არამედ ძმობა და მეგობრობა. ნიკო მარს დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის იდეაა მთავარი რუსთაველის პოემაში. ზურაბ ავალიშვილი თვლის, რომ სიყვარულსა და მეგობრობას შორის ვეფხისტყაოსანში არჩევანის გაკეთება რთულია და მათ თანაბარმნიშვნელოვან თემებად მიიჩნევს პოემაში. აკადემიკოსი ვ. შიშმარიოვი მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსანი სიყვარულის პოემაა და ამაში დაეჭვება შეუძლებელია. ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე მორის ბაურას მოსაზრებითაც ვეფხისტყაოსანში უპირატესია სიყვარულის იდეა და არა მეგობრობისა. ამავეს ამბობს ამერიკელი ქართველოლოგი ლუის სოლანოც. სიყვარული მიიჩნია ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად ქართველმა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემაც.
აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილის ყველა სტროფი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არ უნდა ეკუთვნოდეს შოთა რუსთაველს. არსებობს მოსაზრება, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსანში მოგვიანებითაა დამატებული; გარდა ამ თავისა, საეჭვოა ზოგიერთი ცალკეული სტროფის წარმომავლობაც (უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია ავტორი, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).

პროლოგისა და ეპილოგის შინაარსი

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა „ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით — დავითითაა მოხსენიებული. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება:

„თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული…“

 ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ პოემის ავტორი პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელია ნახსენები. იმავე მე-7 და შემდეგ სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით:

„დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი…“

„მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი…“

 ამ ყველაფრის შემდეგ რუსთაველი პროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი თავიდანვე განსაზღვრავს მის (პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის მიხედვით პოეზია სიბრძნის დარგადაა მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული. პოეტის თქმით, პოეზია „მსმენელისთვის დიდი მარგია“, გარდა ამისა შაირობას რუსთაველი საღმრთო საქმედ მიიჩნევს, რომელსაც საამქვეყნო დანიშნულებაც აქვს.
პოეზიის ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთაველი მის სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. მოშაირეს თავის საქმეში ისეთივე გაწაფულობა მოეთხოვება, როგორც სპორტის ოსტატს (მობურთალს). ლექსის ყოველი მთხზველი შოთას პოეტად არ მიაჩნია. იგი მელექსეებს თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ჰყოფს სამ კატეგორიად და ამ დახარისხებას იძლევა მე-15, მე-16 და მე-17 სტროფებში. პირველ კატეგორიას რუსთაველი მიაკუთვნებს ერთი-ორი უმსგავსო ლექსის ავტორებს, რომლებსაც, პოეტის თქმით, „მოშაირე არა ჰქვია“. მეორე კატეგორიაში შოთა ათავსებს მელექსეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი ემოციური ზეგავლენა მოახდინონ მკითხველზე. ამგვარ პოეტებს რუსთაველი გაუწაფავ ყმაწვილ მონადირეს ადარებს, რომელსაც დიდი მხეცის მონადირება არ შეუძლია. მესამე კატეგორიაში კი პოეტს შეჰყავს მელექსეები, რომელთა ნაწარმოებებიც გასართობად, დროის მოსაკლავად გამოსადეგია. აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას.
ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ, ლოგიკურად, აზრობრივად ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველის თქმით, კარგი მელექსე თავის შემოქმედებას ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად, სიყვარულის სადიდებლად უნდა იყენებდეს. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას:

„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?“

 მოშაირეების მსგავსად შოთა სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი მიჯნურობა“ პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა“, ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს:

„მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.“

 რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემა ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც.
პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემის გმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაიცვალნენ. პროლოგის პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის სტროფების დაწერას ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა და დავით სოსლანს. უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია რუსთაველი, ტარიელის მაქებარი. აღსანიშნავია, რომ აქ რუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერ შოთა რუსთაველს არ მიიჩნევენ (ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის ქვეთავი ავტორი, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).

ძირითადი სიუჟეტი

ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ამბავია მოთხრობილი; ერთია არაბეთის ამბავი, ხოლო მეორე ინდოეთისა. პოემა იწყება არაბეთის (მეფე როსტევანი, თინათინი და ავთანდილი) ამბით. არაბეთის მეფის, როსტევანის მოხუცებულობის გამო ტახტზე მეფის სურვილით მისი ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი ადის. თინათინსა და სპასპეტ ავთანდილს ერთმანეთი უყვარდებათ. ერთხელ, ნადირობისას მეფე და ავთანდილი წყლის პირას მტირალ უცხო მოყმეს წააწყდებიან, რომელიც ვეფხის ტყავითაა შემოსილი (ვეფხისტყაოსანი). მეფემ მისი გაცნობა მოისურვა, თუმცა უცხო მოყმე გაუჩინარდა. მეფე დანაღვლიანდა. თინათინმა ავთანდილს დაავალა უცხო მოყმის მოძებნა, ავთანდილმა შეასრულა მისი დავალება, იპოვა მოყმე — ტარიელი, მოისმინა მისგან სიყვარულის ტრაგიკული ამბავი, დაუძმობილდა და დახმარება აღუთქვა. მართლაც, ავთანდილმა მიაგნო ტარიელის დაკარგული სატრფოს კვალს და ბოლოსდაბოლოს ძმადნაფიცმა მოყმეებმა — ავთანდილმა, ტარიელმა და ფრიდონმა — იხსნეს ქაჯების მიერ შეპყრობილი ნესტანი, ტარიელის სატრფო.
მეორე ამბავი არის ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ტარიელმა ავთანდილს უამბო. ინდოეთის ამირბარსა და ინდოეთის მეფის ასულს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ერთმანეთი შეუყვარდათ. მშობლები ქალის სხვაზე მითხოვებას აპირებდნენ. ნესტანის რჩევით ტარიელმა სასიძო მოკლა. მეფესა და ამირბარს შორის შეიქმნა კონფლიქტი. ნესტანი უმაგალითოდ დასაჯეს — ზღვის შორეულ სივრცეში გადასაკარგავად გაატანეს მონა-ზანგებს. ტარიელი უშედეგოდ ეძებდა თავის სატრფოს, თუმცა იმედგაცრუებული ბოლოს გაშორდა საზოგადოებას და უდაბნოში, გამოქვაბულში დასახლდა ნესტანის აღმზრდელ ერთგულ ასმათთან ერთად. ეს ისტორია სიუჟეტის თანმიმდევრობაში ჩართულია იმ ადგილას, სადაც ავთანდილი იპოვნის ტარიელს და ტარიელი მას თავის ამბავს უამბობს.

პერსონაჟები

ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით. მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მათ შორის გამოგონილი ქვეყნებისაც (როგორიცაა, მაგალითად, მულღაზანზარი). პოემაში არაა გამოყვანილი ეროვნებით ქართველი პერსონაჟი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვეფხისტყაოსანში დასახელებულ სამეფოებში იმდროინდელი საქართველოს კუთხეები იგულისხმება. ივანე ჯავახიშვილის თქმით, შოთა რუსთაველის გმირებში ქართული გული ძგერს და მათ მაშინდელი საქართველოს საკითხები აღელვებთ.
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებთან დაკავშირებით ნარკვევები გამოქვეყნებული აქვთ აკაკი წერეთელსა და ილია ჭავჭავაძეს. აკაკის მოსაზრებით ვეფხისტყაოსნის ქვეყნები გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებია, შესაბამისად ხალხიც ქართველია. აკაკი პირდაპირ ასახელებს, რომ ტარიელი წარმოშობით ამერიდანაა (აღმოსავლეთ საქართველოდან), ავთანდილი იმერიდან (დასავლეთიდან), ხოლო ფრიდონი შავიზღვისპირელი ქართველია — ამ სამი გმირის ერთობა კი ერთიან, შეკავშირებულ ქართველ ხალხს იძლევა. აკაკიმ ნესტანი წარმოიდგინა საქართველოს სიმბოლოდ, რომელსაც ქართველი ხალხი მხოლოდ ერთიანი ძალებით თუ უშველის. ამგვარად აკაკიმ სცადა ქართველთა სუბეთნიკურ ნიადაგზე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა ტიპური ბუნების გარკვევა. აკაკის მოსაზრებას დაეთანხმა დავით კარიჭაშვილიც, თუმცა მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული წარმომადგენლები რუსთაველს განგებ კი არ დაუხატავს, არამედ ეს თავისთავად, პოეტის უნებურად მოხდა. ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებზე აკაკის აზრი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ. მისი თქმით, აკაკიმ „ვიწრო ფარგლებში მოამწყვდია“ დიდებული ქართული პოემის მნიშვნელობა, ხოლო მისი ავტორი უბრალო ეთნოგრაფად გამოაჩინა. ილიას აზრით, რუსთაველის პერსონაჟები არიან „ზოგადი ადამიანების ტიპები“ და არა რომელიმე „ქართლელი, კახელი, პეტრე, ივანე“.
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების დახასიათებას უძღვნა ნაშრომი ვლადიმერ ნორაკიძემ. მისი თქმით ტარიელი და ავთანდილი, ასევე ფრიდონიც არიან მსგავსი ხასიათების ადამიანები, თუმცა ისინი მაინც არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალობას. ამ მხრივ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრება აქვს ივანე ჯავახიშვილს. მისი თქმით, პირიქით, ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირები (ტარიელი და ავთანდილი) იმდროინდელი საქართველოს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენენ; ჯავახიშვილი ხსნის, რომ განსხვავება კონკრეტულად იმაშია, რომ ტარიელი იბრძვის, არის მამაცი, თუმცა მის ბრძოლას არა აქვს იდეური ხასიათი, ავთანდილი კი პირიქით, ხმალს მხოლოდ იმისათვის იშიშვლებს, რომ შეურაცხყოფილებს დაეხმაროს, გაათავისუფლოს ჩაგრულები. ამ საკითხში ივანე ჯავახიშვილს არ ეთანხმება ალექსანდრე ბარამიძე.

ვეფხისტყაოსნის ძირითადი პერსონაჟები არიან:

ტარიელი — უცხო მოყმე, ვეფხისტყაოსანი, ნესტანის მიჯნური, ავთანდილისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
ავთანდილი — არაბეთის სპასპეტი, თინათინის მიჯნური, ტარიელისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფე, ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცი;
ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნური, ფარსადანის ქალიშვილი;
თინათინი — ავთანდილის მიჯნური, როსტევანის ქალიშვილი და თანამესაყდრე;
როსტევანი — არაბეთის მეფე;
ფარსადანი — ინდოეთის მეფე;
დავარი — ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი, ნესტან-დარეჯანის გამზრდელი და მასწავლებელი;
შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;
ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახური, ტარიელის მსახური და მეგობარი;
რამაზი — ხატაეთის მეფე;
უსენი — გულანშაროს მთავარი;
ფატმანი — უსენის ცოლი;
ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;
მელიქ–სურხავი — გულანშაროს მეფე;
უსამი — ვაჭრების მეთაური.

ფაბულის წყარო

ვეფხისტყაოსნის ფაბულის ორიგინალობაზე ეჭვი დაბადა თავად პოემის პროლოგის ერთ-ერთმა სტროფმა, რომელშიც ავტორი წერს:

„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები …
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები …“

 ამ სტროფის მიხედვით, რუსთაველს ხელთ ჰქონია სპარსულ ენაზე დაწერილი და შემდეგ ქართულად ნათარგმნი პროზაული მოთხრობა და ის გაურითმავს, ლექსად „გარდაუთქვამს“. ამ სტროფის აზრი ამგვარად, პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ XVIII საუკუნემდე. პირველად ვეფხისტყაოსნის ფაბულის სპარსულობაში ეჭვი ვახტანგ VI-ს შეეპარა; იგი თავის კომენტარებში კრიტიკულად განიხილავს ამ საკითხს და აღნიშნავს:

„ეს ამბავი სპარსში არ არის… სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება.“

 ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის სპარსულიდან წარმოშობის თეორიას იცავდა ნიკოლოზ მარი. მას ერთ დროს ბრიტანეთის მუზეუმში ეგულებოდა რუსთაველის პოემის სპარსული პროტოტიპის ხელნაწერი, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. მიუხედავად ამისა, იგი თავის მონოგრაფიულ ნაშრომებში მაინც ვეფხისტყაოსნის ფაბულის სპარსულობას იცავს. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა ვაჟა-ფშაველა და აღნიშნავდა, რომ თუ პოემის ფაბულა სპარსულია, მას სპარსეთშიც ბევრი გალექსავდა. XX საუკუნის მკვლევართა უმრავლესობამ უარყო ძველი შეხედულებები, საყოველთაოდ აღიარებული იქნა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტური ორიგინალურობა. მოგვიანებით სარგის კაკაბაძემ სცადა აღედგინა მივიწყებული თეორიის აღდგენა და ივარაუდა, რომ ვეფხისტყაოსანი სპარსულ ენაზე მეხოტბე ჩახრუხაძის ძმამ პროზაულად დაწერა; იგი ქართულად გადმოთარგმნა სარგის თმოგველმა, ხოლო საბოლოოდ კი შოთა რუსთაველმა გალექსა. ამ აზრმა მეცნიერებაში ფეხი ვერ მოიკიდა; იგი გააკრიტიკა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემ, გაიოზ იმედაშვილმა, სოლომონ ცაიშვილმა.
დღეს როგორც საზოგადოების, ისე მკვლევართა შორის გავრცელებული და მიღებულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველმა „სპარსული ამბის“ მომიზეზებით გამოიყენა მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის ხელოვნურად შენიღბვისა და გაუცხოების ხერხი. ეს ხერხი ფართოდ იყო გავრცელებული განსაკუთრებით შუა საუკუნეებში როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში. სიუჟეტის გაუცხოების აუცილობლობა, ალექსანდრე ბარამიძის აზრით გამოწვეული იყო ვეფხისტყაოსანში ასახული გამჭვირვალე ისტორიული ასოციაციებითა და პოემაში გატარებული შეხედულებების რადიკალიზმით.
ვეფხისტყაოსნის ფაბულის ორიგინალურობის თეორიას ამყარებს იმ მკვლევართა მოსაზრებები, რომლებიც პოემის სიუჟეტში შოთა რუსთაველის თანადროული საქართველოს ისტორიულ სინამდვილეს ხედავენ. რუსთველოლოგთა უმრავლესობა პოემაში აღწერილ თინათინისა და ნესტან-დარეჯანის ამბებში საქართველოს რეალური მეფის, გიორგი III-ის მიერ თამარის გამეფების, რუმის სულთნის მიერ ხელის თხოვნის ისტორიებთან პოულობს მსგავსებას. ამგვარ აზრს ავითარებდნენ მარი ბროსე, დავით ჩუბინაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, მოსე ჯანაშვილი, ვაჟა ფშაველა. ეს აზრი მოგვიანებით გაიზიარეს სხვებმაც: დიმიტრი ბენაშვილმა, დ. ქუმსიშვილმა, ნიკო მარმა და სხვებმა. საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი თავად მონაწილეობს პოემაში, როგორც პერსონაჟი, ავთანდილის ან ტარიელის სახით. ამ აზრს იცავდნენ და ავითარებდნენ ვაჟა-ფშაველა, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა.

სტილი – „ვეფხისტყაოსნის ქართული“

ვეფხისტყაოსნის ენა წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ძველ ქართულსა და ახალ ქართულ ენას შორის; მასში მოიპოვება როგორც ძველი, ისე ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ვეფხისტყაოსნის ენა განსხვავებულია როგორც წინადროული, ისე მისდროინდელი საეკლესიო მწიგნობრული ქართული ენისაგან, იგი უფრო მეტად ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან. ამ განსხვავების გამო მას პირობითად „ვეფხისტყაოსნის ქართულსაც“ უწოდებენ. ქართველოლოგთა აღნიშვნით, ვეფხისტყაოსანი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საშუალი ქართულის საერო მეტყველების შესასწავლად.
ვეფხისტყაოსნის ენისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ის, რომ აქ ერთმანეთის გვერდით გვხვდება ერთი და იმავე სიტყვის როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები. არნოლდ ჩიქობავამ დაასაბუთა, რომ ვეფხისტყაოსანში შეინიშნება დიალექტიზმები, როგორც დასავლური (მაგალითად აქანა), ისე აღმოსავლური (მაგალითად დაღმა), თუმცა, მისივე თქმით, ეს დიალექტიზმები ავტორისეული არაა და ეს ზოგადად იმდროინდელი სალიტერატურო ენის თვისება იყო. ვეფხისტყაოსნის ქართულს, ძველი ენისაგან განსხვავებით, ახასიათებს მიდრეკილება სინტაქსური სიახლისა და სიმარტივისადმი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის ახალი ხმარების წესი პოემაში. მიუხედავად ამ სიახლეებისა, რუსთაველის ენა ინარჩუნებს ძველ წესებსაც, ძველი და ახალი ფორმები მის პოემაში პარალელური ფორმების სახით გვხვდება.
ვეფხისტყაოსნის ქართული მეტად თავისუფალი ენაა; ავტორი ხშირად ქმნის ახალ სიტყვებს, ნეოლოგიზმებს (მაგალითად ნაგუშინდლევი, უმისჟამისო), სახელებს კი ხშირად ზმნებად აქცევს (იირმოს, ითხოს, ეაგეთა და სხვა). რუსთაველის მიერ გამოყენებული უჩვეულო სიტყვები ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია ლექსის საჭიროებით, რითმისა და რიტმის უკეთ შეწყობისათვის, თუმცა ხშირად პოეტი სიტყვების უჩვეულო ფორმებს სალექსო მოთხოვნილებების ყოველგვარი აუცილებლობის გარეშეც იყენებს. ვეფხისტყაოსნის ქართულისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ე. წ. დიდებულების მრავლობითობა, ანუ მხოლობითი შინაარსის სიტყვების დასმა მრავლობით რიცხვში განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რუსთველის ენა იმდენადაა დაახლოებული ხალხის მეტყველებასთან, რომ იგი მარტივად გასაგებია და სპეციალურ განმარტებას არ საჭიროებს. თუმცა არის იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც ცალკეული სიტყვებისა და გამოთქმების შინაარსი დაუდგენელია და მათ შესახებ სპეციალისტებიც ვერ თანხმდებიან.

მხატვრული ენა

ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენა გამოირჩევა ე. წ. დარბაისლური მონუმენტური სტილით. პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა, შედარება, გამეორება, ალიტერაცია, ბუნების აღწერები და სხვა. რუსთაველის ენისათვის დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენა გამოირჩევა ე. წ. დარბაისლური მონუმენტური სტილით. პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა, შედარება, გამეორება, ალიტერაცია, ბუნების აღწერები და სხვა. რუსთაველის ენისათვის დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.

მეტაფორები

ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა, რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას თვლიან. აზრის გამოხატვის მეტაფორული ხერხი ვეფხისტყაოსანში უმთავრესი მხატვრული ხერხია. რუსთაველის ზოგიერთი მეტაფორული სახე, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება პოემაში, სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობითაა გამოყენებული. ასეთებია, მაგალითად: ვარდი, ნარგიზი, მელნის ტბა, მზე, მთვარე, მარგალიტი, ბროლი და სხვა. ვარდი ზოგჯერ ადამიანის სახის ცალკეულ ნაკვთს გამოხატავს, ზოგჯერ კი მთელ პირისახეს. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში ვარდი პირს აღნიშნავს, ძოწ-მარგალიტი კი კბილებს:

„მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.“

მკვლევართა აზრით, რუსთაველის მეტაფორა ხელს უწყობს აზრის სწორად და მოხდენილად ჩამოყალიბებას. ვეფხისტყაოსნის მეტაფორები არ აბუნდოვნებენ ტექსტის შინაარსს. ალექსანდრე ბარამიძის აზრით რუსთველი ამმხრივ განსხვავდება ზოგიერთი აღმოსავლელი პოეტისაგან, რომლებიც რომლებიც „თვითმიზნური მეტაფორიზაციით“ არიან გატაცებულნი.

ეპითეტები

ვეფხისტყაოსანში უხვადაა ეპითეტებიც. მაგალითად, თითქმის მთლიანად ეპითეტებითაა აგებული პოემის ძირითადი ნაწილის პირველი სტროფი, რომელშიც არაბეთის მეფეა დახასიათებული:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“

 პერსონაჟების აღწერისას ხშირად გამოყენებულია შემდეგი ეპითეტები: ამაყი, ლაღი, უკადრი, კუშტი, მხნე, ლაღადმავალი, ტანის მრხეველი, მხიარული, მორჭმული და სხვა. ვეფხისტყაოსანში გვხვდება ასევე უეცარი და ორიგინალური ეპითეტებიც, როგორიცაა, მაგალითად ხმა შაქრისფერი. ხშირია ე. წ. მუდმივი ეპითეტები, რომლებსაც უშუალო მხატვრული იერი დაკარგული აქვთ: ცხელი ცრემლი ან ცეცხლი ცხელი და სხვა.

მხატვრული შედარება

პოემაში ბევრია მხატვრული შედარებებიც. ხშირია ორიგინალური, ცოცხალი, რეალისტური შედარებები, რომლებშიც აღბეჭდილია ეროვნული, უბრალო ხალხის ყოფა-ცხოვრება. ზოგიერთი შედარება გამოირჩევა ექსპრესიულობით. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის მხატვრულ შედარებებს ხშირად ჰიპერბოლური ხასიათი აქვთ, თუმცა ვეფხისტყაოსნის ყოველი ჰიპერბოლური შედარების საფუძველი სინამდვილეა და იგი არასოდეს ეხება ფანტასტიკურ წარმოდგენებს.

გამეორება

ვეფხისტყაოსნისათვის უცხო არაა ეპიკური და სიუჟეტური განმეორებებიც. სიუჟეტური განმეორებები პოემაში მცირეა, ეპიკური კი უფრო ხშირად გვხვდება. სიუჟეტური განმეორების მაგალითია 993-999 სტროფები, რომლებშიც პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირი — ავთანდილი ფრიდონს მოკლედ უამბობს ტარიელის თავგადასავალს. აღსანიშნავია, რომ ეს თავგადასავალი მკითხველისათვის უკვე ცნობილია ვრცლად, ხოლო სიუჟეტის მიხედვით, ფრიდონმაც უკვე იცის ტარიელის ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ამბის განვითარებისთვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, პოეტი მოკლედ კიდევ ერთხელ იმეორებს ამ ამბავს, რითაც ხაზს უსვამს მის დიდ მნიშვნელობას.
ეპიკური განმეორებები ვეფხისტყაოსანში სხვადასხვაგვარია. არის როგორც მოტივურ-აზრობრივი, ასევე სიტყვიერ-ფრაზეოლოგიური განმეორებებიც. მოტივურ-აზრობრივი განმეორების შემთხვევაში, ზოგჯერ რომელიმე სტროფის შინაარსი სხვა სტროფშიცაა გადმოცემული. აღსანიშნავია, რომ იმ სტროფებს, რომლებშიც წინა სტროფის შინაარსია გამეორებული, მკვლევართა ერთი ნაწილი ყალბად მიიჩნევს და შემდეგი დროის დამატებად თვლის.
ნიკო მარი აღნიშნავდა, რომ ეპიკური სიტყვიერ-ფრაზეოლოგიური განმეორებები შოთა რუსთაველის ერთ-ერთი საყვარელი მხატვრული ხერხია. ამის დასადასტურებლად იგი რამდენიმე მაგალითს ასახელებს, მათ შორისაა პროლოგის ერთ-ერთი სტროფი:

„შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა.“

წყარო

ჩაის თემა(ვეფხისტყაოსანი) – გია მურღულია


ჩაის თემა – გია მურღულია

ნესტან რატიანი -თეორიიდან პრაქტიკამდე -არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკისა” და პლატონის „ნადიმის“ კონტექსტში წაკითხული “ვეფხისტყაოსანი”


საბჭოთა პერიოდში ქართულ სკოლებში მოსწავლისთვის ლამის სავალდებულო იყო თუნდაც ერთი ისეთი თემის დაწერა “ვეფხისტყაოსანზე”, რომლის სათაურშიც ფიგურირებდა სიტყვა “მეგობრობა” ან “მიჯნურობა”. ამიტომაც, გეგმით გათვალისწინებულ საკონტროლო წერაზე თუ სკოლის ან განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ წერაზე ხშირად მოდიოდა ამ სიტყვების შემცველი დასათაურების თემები. მეგობრობა საბჭოთა პერიოდში მოძმე რესპუბლიკებს შორის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხთა ურთიერთობას უკავშირდებოდა. შესაბამისად გასაგებია, რატომ იყო ასე აქტუალური ინდოელი და არაბი ჭაბუკების მეგობრობის შესწავლა. ამის გამო თემა გაცვეთილი გახდა და საკითხის შესწავლაც ბევრისთვის, შესაძლოა, მოყირჭებულ საქმიანობას წარმოადგენდეს. არადა, მიუხედავად იმისა, რომ პოემის პროლოგში ბევრი არაფერია ნათქვამი მეგობრობაზე (განსხვავებით მიჯნურობისგან), თავად პოემაში ეს მოტივი ძალიან აქტუალურია. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო კი მაშინ ხდება, როდესაც პოემას არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკის “ მე-8 და მე-9 თავების კონტექსტში წავიკითხავთ. “ნიკომაქეს ეთიკის” ეს ორი თავი მთლიანად მეგობრობის შესწავლას ეხება.
არისტოტელე აცხადებს, რომ მეგობრობა არის “არეტე”. ეს არის სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც სიქველე, სათნოება, ღირსება. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს სიტყვა მომდინარეობს ომის ღმერთის არესის სახელისგან და ამდენად სიტყვაში “არეტე” აღსანიშნავია მამაკაცური საწყისის გათვალისწინება. ლათინურ ენაშიც სიტყვა ვირტუე მომდინარეობს სიტყვისგან ვირ, რაც “მამაკაცს” აღნიშნავს. შემდეგ არისტოტელე აღნიშნავს, რომ მეგობრობის აღმოცენება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ორი ჰგავს ერთმანეთს, ე. ი. ორივე ერთიდაიმავე თვისებების მატარებელია იმდენად, რომ ერთიცა და მეორეც ერთმანეთში საკუთარ თავს აღმოაჩენს. თუმცა იქვე არისტოტელე იმ მოსაზრებასაც შეეხება, რომ ორის დამეგობრობა მხოლოდ საწინააღმდეგო თვისებების მიზიდვის შედეგად ხდება. ასეა თუ ისე, ფისოსოფოსი დაასკვნის, რომ მეგობრობის სამი ტიპია ყველაზე მეტად გავრცელებული და ემყარება სამ ცნებას: პირველი ტიპის მეგობრობა -სარგებელს, მეორე ტიპის მეგობრობა – სასიამოვნოსა და მესამე ტიპის მეგობრობა ემყარება ღირსებას.
ის მეგობრობა, რომელიც სარგებელს ეყრდნობა, ყველაზე ხშირია. ამ დროს მეგობრები ერთმანეთში საკუთარ თავს ვერ პოულობენ, მაგრამ ერთმანეთში რაღაც სარგებელს აღმოაჩენენ. ვინაიდან სარგებელი არ არის მუდმივი თვისება, მასზე დაფუძნებული მეგობრობაც ადვილად ირღვევა. ამგვარი მეგობრობა ხშირია ხანდაზმულებში, ახალგაზრდებში, მაგრამ არ გულისხმობს ხშირ ურთიერთობას, რადგან ამ ურთიერთობით მიღებული სიამოვნება მხოლოდ სარგებლის მოლოდინს უკავშირდება და სარგებლის მიღებისთანავე ამოიწურება. თანაც ასეთი მეგობრობის დროს ერთი მხარე “დაზარალებული” გამოდის, ხოლო მეორე მხარე მეტად ხეირობს. ეს უკვე უთანასწორობას წარმოშობს. არისტოტელეს აზრით, ამ ტიპის მეგობრობა ნათესავებს შორის და უცხოელის მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასაც გულისხმობს.
მეორე ტიპის მეგობრობა, რომელიც სიამოვნებაზეა დაფუძნებული, ძირითადად ახალგაზრდებში გვხვდება, რადგან ახალგაზრდები თავიანთ ცხოვრებას ემოციებისკენ მიმართავენ. ვინაიდან სიამოვნება ადვილად მოსაბეზრებელია, ამგვარი მეგობრობაც, პირველის მსგავსად, მალევე ირღვევა. განსხვავებით პირველი ტიპის მეგობრობისგან, სიამოვნებაზე დაფუძნებული მეგობრობა ორმხრივია, რადგან ორივე მხარე თანაბარ სიამოვნებას თუ არ იღებს ურთიერთობისგან, მაშინ ეს მეორე ტიპის კი არა, პირველი ტიპის, ანუ სარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
აი მესამე ტიპის მგობრობა კი, რომელიც ღირსებაზე (ბერძნ. არეტე) არის დაფუძნებული, მუდმივია. ის არ არის შემთხვევით აღმოცენებული და ვინაიდან ამგვარი მეგობრობის დროს ორივე მხარე ერთმანეთში თავის თავს ხედავს, ცდილობს, რომ მთლიანად დაიცალოს მეგობრისთვის და მას მთლიანად მიუძღვნას საკუთარი თავი. ასეთ შემთხვევაში მეგობარი მეგობარს მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს, იმას, რასაც თავის თავს უსურვებდა. ასეთი ურთიერთობის დროს ერთი მხარე უანგაროდ ეხმარება მეორეს, ისევე როგორც საკუთარ თავს, თანაც ისე, რომ მეორე მხარე მისგან ამ დახმარებას არ ითხოვს. ეს ძალიან წააგავს დედების სიყვარულს შვილების მიმართ (თუმცა, თუკი მშობელს შვილი უყვარს როგორც თავისი ნაწილი, შვილს მშობელი უყვარს როგორც მისი არსებობის, ამქვეყნად მოვლინების წყარო). ამგვარი, მესამე ტიპის მეგობრობის არსებობა მხოლოდ კარგ და ღირსეულ ადამიანთა შორის არის შესაძლებელი. მესამე ტიპის მეგობრობა რთულად მოიძებნება, რადგან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც ამგვარ ურთიერთობას აგებენ, ცოტანი არიან, განსხვავებით პირველი ორი ტიპის მეგობრობისგან, რადგან ამ ორში მონაწილე მხარე ყველანაირი ტიპის ადამიანი შეიძლება იყოს. მესამე ტიპის მეგობრობას დაშორებაც კი ვერ არღვევს, თუმცა დაშორების შემთხვევაში მისი აქტივობა შეზღუდულია და საუბრის უკმარისობა ბევრისთვის მეგობრობის დასასრულადაც კი აღიქმება.  არისტოტელეს მიერ აღწერილი სამი ტიპის მეგობრობიდან ერთი ურთულესი მოსაძიებელია ცხოვრებაში. სწორედ თეორიულად აღწერილი ამ ურთულესი ტიპის მეგობრობის შესაძლებლობას აღმოაჩენს პოემა “ვეფხისტყაოსნის” გმირი ავთანდილი. ამას უხსნის იგი როსტევან მეფესაც: “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!” – ამ სიტყვებში, ჩემი აზრით, სწორედ არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკაში” გამოთქმული ცოდნა იგულისხმება.  როგორც აღვნიშნეთ, მესამე ტიპის მეგობრობა ძნელი მოსაძებნია, რადგან იგი დაფუძნებულია ორი თანასწორის ურთიერთობაზე. ეს თანასწორობა ყველანაირ თანასწორობას გულისხმობს, დაწყებულს გარეგნობიდან და დამთავრებულს სოციალური წარმომავლობიდან. ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა აჩვენებს, რომ ორი თანასწორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ორივე მზეა, ორივე ალვის ხეზე უმჯობესია, ორივე შვიდივე მნათობს ჰგავს! ამიტომაც ამოიცნობენ ასე ადვილად ისინი ერთმანეთში თავის თავს და ამიტომაც “მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს”! ამიტომაც არის, რომ ავთანდილი მაშინვე წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: “შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!” ეს სურვილი უანგაროა, ამას ავთანდილისგან არ ითხოვს ტარიელი, თუმცა მისთვის გასაგებია, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა ასეთ მსხვერპლს მოითხოვს: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავის არ დარიდოს;” ტექსტიდან იკვეთება, რომ ავთანდილისა და ტარიელის ეს თანასწორობა, და შესაბამისად მათი მომავალი მეგობრობა, ასმათმაც გამოიცნო: როგორც კი ავთანდილი ამცნობს, რომ იგი მიჯნურია, რომელიც მტერსაც შეებრალება, სიკვდილს თავად ეძებს და არ ეკრძალება, ასმათი ხვდება, რომ ავთანდილი და ტარიელი სწორნი არიან და ადვილი იქნება მათი ერთმანეთისთვის “შემეცნება”, მათი ერთმანეთისთვის შეყვარება. ამიტომაც არის, რომ ასმათი ქვაბში მობრუნებულ ტარიელს მეგობრის საჭიროებაზე მიანიშნებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგენს მას ავთანდილს: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად… ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?” ცხადია, რომ ასმათის მიერ ნახსენები სიტყვა “შემაქცევარი” მეგობარს უნდა ნიშნავდეს. ტარიელი ეთანხმება ასმათს. მან იცის, რომ მეგობარი საუკეთესო წამალია ყველასთვის, მაგრამ იმავდროულად იგი სრულიად ეთანხმება არისტოტელეს მოსაზრებას, რომ ჭეშმარიტი მეგობრის მოძებნა თითქმის წარმოუდგენელია: “ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?.. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”. რა თქმა უნდა, ტარიელს გააბედნიერებს ისეთი კაცის ნახვა, რომელშიც თავის თავს დაინახავს, რომელიც მისი ეტლის ქვეშ დაბადებულივით იქნება. ასმათი კი ბოლომდე ერთგულია ტარიელის, მაგრამ ასმათში ტარიელი ვერ დაინახავს თავის თავს, რადგან იგი ქალია. მხოლოდ სქესი უშლით მათ ხელს, რომ არისტოტელესეულ მესამე ტიპის მეგობრობას ხორცი შეასხან. სამწუხაროდ, ტარიელს არსად ეგულება ასმათის მსგავსად მისი გულშემატკივარი მამაკაცი და ამიტომაც გაიხარებს, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა: “თუ მიჩვენებ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ-რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”. ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა და მოვლენების შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რომ რუსთაველმა აღწერა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პრაქტიკაში არისტოტელეს მიერ თეორიულად წარმოდგენილი შეხედულება მეგობრობაზე
საინტერესოა, რომ თავად არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკა” პლატონის “ნადიმის” გავლენას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ პლატონის ტექსტში არა მეგობრობაზე, არამედ სიყვარულზეა საუბარი. რუსთველი ძალიან კარგად იცნობს ამ ტექსტსაც და ნაწარმოების პროლოგში გვთავაზობს სიყვარულის შესახებ “ნადიმში” გამოთქმულ მოსაზრებათა რეზიუმეს, თუმცა მთლიანი ტექსტით საკუთარ დამოკიდებულებას გვიჩვენებს ამ დიადი გრძნობის შესახებ. როდესაც პლატონის ტექსტის რეზიუმირებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამით არანაირად არ ვაკნინებ რუსთველს, არამედ პირიქით, ვცდილობ, მკითხველს დავანახო მისი (სც. რუსთველის) უაღრესად დიდი განსწავლულობა და იმავდროულად საოცარი უნარი, მაგალითებით გვიჩვენოს საკუთარი დამოკიდებულება რომელიმე მოსაზრების მიმართ, ანუ გვაჩვენოს, თუ როგორ ამუშავდება თეორია პრაქტიკაში. ამისათვის ჯერ მივყვეთ პლატონის ტექსტს და, სადაც საჭირო იქნება, ვაჩვენოთ, თუ რამდენად ეთანხმება რუსთველი ამ ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებებს.
აგათონის გამარჯვების აღსანიშნავად მის სახლში ეწყობა ბანკეტი. როგორც ჩანს, სოკრატე არ ესწრებოდა პირველ დღეს გამართულ წვეულებას და აგათონთან მხოლოდ მეორე დღეს მიდის. სტუმრები წინა დღეს შეზარხოშებულან და ამიტომ პავსანია სტუმრებს სთავაზობს, მოიფიქრონ, როგორ სვან ისე, რომ ღვინომ არ აზიანოს თანამეინახენი. ამ აზრს დანარჩენებიც ეთანხმებიან. ერიქსიმახოსი სტუმრებს ახალ იდეას შესთავაზებს, ყველამ ცალ-ცალკე წარმოთქვას ეროსის სადიდებელი სიტყვა, ხოტბა შეასხას სიყვარულის ღმერთს და ეს გახდეს მათი საუბრის მთავარი თემა. პირველად ფედროსმა ილაპარაკა. მოკლედ რომ შევაჯამოთ მისი სიტყვა, გამოვა, რომ ფედროსის აზრით, ეროსი მიჯნურთ საგმირო საქმეებისთვის აღაგზნებს. არცერთ მიჯნურს არ ენდომება, რომ მისმა სატრფომ იგი უგვან ვითარებაში დაინახოს, თავი შეირცხვინოს და ეს ამბავი გაიგოს მისმა შეყვარებულმა. ამიტომაც, ფედროსის აზრით, ომში მხოლოდ შეყვარებული ადამიანები უნდა მიდიოდნენ, რადგან ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარი თავი მხოლოდ დადებითად წარმოაჩინონ. თუმცა ფედროსი იმასაც აღნიშნავს, რომ უფრო დასაფასებელია სიყვარულის ობიექტის მიერ თავის გაწირვა. ამის მაგალითად მას აქილევსისა და პატროკლეს სიყვარულის ამბავი მოჰყავს: ფედროსის წარმოდგენით, პატროკლეს უყვარს აქილევსი და უფრო დასაფასებელია, რომ აქილევსი პატროკლეს გამო თავს გასწირავს და არჩევს, დააკვდეს მეგობრის ცხედარს, რომელსაც იგი უყვარდა. აქვე აღვნიშნავ, რომ თავისთავად ეს არგუმენტი (პატროკლესა და აქილევსის სიყვარულის თაობაზე) სადავოა. მაგრამ დავუბრუნდეთ იმ მოსაზრებას, რომ სიყვარული გმირობისკენ მოგვიწოდებს. ამ მოსაზრებას იზიარებს ნესტანი: “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!” ან “წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?” თუმცა ტარიელის მიერ ამ მოსაზრების გაზიარებამ რა შედეგიც გამოიღო, ძალიან კარგად გამოჩნდა. ამ ამბის მოთხრობით, ჩემი აზრით, რუსთველი გვიჩვენებს, რომ ფედროსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უაყოფითი მხარეც აქვს და არ შეიძლება ბრმად მივენდოთ მას და პრაქტიკაში ასე გაუაზრებლად გადმოვიტანოთ.
ფედროსის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა პავსანიამ. მისი აზრით (და ამ აზრს შემდგომ ერიქსიმახოსიც ეთანხმება და იზიარებს), ეროსი, ისევე როგორც აფროდიტე, ორია: ურანია (ციური) და პანდემია (მიწიერი). მიწიერი ეროსი აღვირახსნილია, სწორედ იგი მეფობს ბიწიერ კაცთა შორის, რომელნიც განურჩევლად ყველას ეტრფიან; მათ სხეული უფრო ხიბლავთ, ვიდრე სული; მათთვის მთავარი ვნების დაცხრობაა და არა აქვს მნიშველობა, რა გზით მიაღწევენ საწადელს. სწორედ ამგვარი მიწიერი სიყვარულის გამო გაუტყდა ზოგადად სიყვარულსაც სახელი. არადა, ამაღლებული სიყვარული საუკეთესოა, ტირანებს არ მოსწონთ, როდესაც მათ ქვეშევრდომებში ამგვარი გრძნობა გაჩნდება, რადგან ერთსულოვნებამ შეიძლება მათი ძალაუფლება დაამხოს. ალბათ, მიწიერ სიყვარულზეა საუბარი, როდესაც რუსთველი “ხელობანი ქვენანი”-ის ახსენებს. მისთვის ზღვარი უნდა გაიდოს სიძვასა და მიჯნურობას შორის, რომელსაც ხშირად ბევრი ერთმანეთში ურევს. მიჯნურმა მხოლოდ ერთი საყვარელი უნდა იკმაროს, სხვა შემთხვევაში ეს სიყვარული გადაიზრდება სიძვაში, რაც უგულოა, ადვილად დასათმობი და ცვალებადი. როგორც ვხედავთ, პავსანიას მოსაზრებას რაღაც კუთხით იზიარებს რუსთველი და რამდენიმე სტროფში გვაძლევს ციური და მიწიერი სიყვარულის მახასიათებლებს. პავსანიას სიტყვა ამით არ ამოიწურება. იგი თვლის, რომ მიჯნურობის დროს არაა დასაძრახი ტირილი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცისგან ტირილი სამარცხვინო იქნებოდა (აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი თანამდებობის გამო ტიროდეს ან ტიროდეს ძალაუფლების მოხვეჭის მიზნით), ხოლო მტირალი შეყვარებული კაცის განქიქებას არავინ დაიწყებს. წარმოიდგინეთ, ისევე რომ იქცეოდეს კაცი, როგორც მიჯნურნი იქცევიან თავიანთი სიყვარულის ობიექტის მიმართ: “კერძოდ, ცრემლმორული ევედრებოდეს, ფეხქვეშ ეგებოდეს, მისი კარის წინ გორავდეს და ისე იმცირებდეს თავს, უკანასკნელი მონაც რომ არ იკადრებდა… დაჰგმობდნენ მის სიმდაბლისა და პირფერობისთვის. ხოლო ყოველივე ეს უბრალოდ მიეტევება მიჯნურს, რომელსაც თვით კანონი რთავს ნებას აგრე მოიქცეს, თითქოს მის ქცევაში არა იყოს რა სათაკილო და საძრახისი”. ცხადია, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს რუსთველი და მასაც მიაჩნია, რომ მიჯნურს სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად ეპატიება ცრემლი და მისგან გამოწვეული სხვა უცნაური ქცევაც. თუმცა, შესაძლოა, ავტორი ბოლომდე არ იზიარებდეს ამ შეხედულებას, რადგან ნესტანის პირით იგი ამბობს: “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?” ანდა როდესაც ავთანდილს ათქმევინებს: “მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა”,… ანდა: “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა”. ავთანდილი (და შესაბამისად რუსთველიც) მიიჩნევს, რომ ტარიელმა არ იცის ბრძენის ნათქვამის სწორად გამორჩევა, ე.ი. მას არ შეუძლია ამოიცნოს, რა არის მართლა ბრძნული და მას ეს სიტყვები (მიჯნურის მიერ მუდმივი ტირილის შესახებ) ბრძნულად მიაჩნია: “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ”… პავსანია ასევე მიიჩნევს, რომ მიჯნურებს, სხვებისგან განსხვავებით, მიეტევებათ ფიცის გატეხვა: “მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ, უმრავლესობის აზრით, მხოლოდ მიჯნურს შეუნდობენ ღმერთები ფიცის გატეხას, რადგან, როგორც ამბობენ, მიჯნურის ფიცს ფიცი არ ეთქმის”. პავსანიას ამ სიტყვებმა არ შეიძლება, არ გაგვახსენოს ტარიელის მიერ ფიცის გატეხვა. ქვაბში იგი და ავთანდილი ერთმანეთს შეჰფიცავენ. ავთანდილი ეტყვის: “შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო”- ტარიელი კი ამაზე პასუხობს: “თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!” სამწუხაროდ, ტარიელი არ ასრულებს ფიცს და სიტყვას გატეხს, იგი არ დაელოდება ავთანდილს და მაინც გაიჭრება ველად. ჩანს, რომ პავსანიას მოსაზრება მისთვის ბრძნული აზრია (თუმცა ტარიელიც თავს გაიმართლებს ავთანდილთან, როდესაც ეტყვის, რომ მან ფიცი არ გატეხა და ცოცხალი დახვდა ავთანდილს). ამას არ ეთანხმება ავთანდილი და სასტიკად გაბრაზდება, როდესაც შეიტყობს ასმათისგან, რომ ტარიელმა ფიცი გასტეხა: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!.. მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?.. იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;” აშკარაა, რომ ავთანდილი, განსხვავებით ტარიელისგან,  არ იზიარებს პავსანიას მოსაზრებას. რუსთველი გვიჩვენებს, რომ ამ თეორიული ცოდნის (პავსანიას შეხედულება) გამოყენება პრაქტიკაში საზიანოა და აჯობებს მას არ დავეთანხმოთ (ისევე, როგორც არ ეთანხმება ავთანდილი).
რა თქმა უნდა, პროლოგში და შემდგომში მთელ ნაწარმოებში, რუსთველი არა მარტო პლატონის ამ ნაშრომს ეყდნობა. სიყვარულის შესახებ იგი სხვა წიგნებსაც მიმართავს, უბრალოდ, ჩემი მიზანი იყო, მკითხველისთვის დამენახებინა, თუ რა გავლენას განიცდიდა რუსთველი ორი დიდი ბერძენი ფილოსოფოსისგან ორ მარადიულ საკითხზე მსჯელობისას. როგორც ვნახეთ, რუსთველი პირდაპირ არ აკრიტიკებს პლატონის ტექსტში გამოყვანილ პერსონაჟთა მოსაზრებებს, არამედ ნაწამოების სიუჟეტის განვითარებასთან ერთად უპირისპირდება ამ მოსაზრებებს. ხოლო არისტოტელეს მოსაზრებას მეგობრობის მესამე ტიპის შესახებ სრულად იზიარებს და გვაჩვენებს კიდეც, როგორ შეიძლება მუშაობდეს იგი ცხოვრებაში. ჩემი სტატიის მიზანს არ წარმოადგენდა იმის გამოკვლევა, თუ რა გზით მოხვდა არისტოტელეს ან პლატონის ნააზრევი პოემაში (ამის რამდენიმე გზა არსებობდა): უშუალოდ ბერძნულ ტექსტებზე დაყრდნობით თუ იბნ რუშდის ან ალ-ფარადის მიერ გადამუშავებული და დაკომენტირებული ვარიანტებიდან. ჩემი მიზანია დავასაბუთო, რომ რუსთველი არა უბრალოდ ამ ორი ფილოსოფოსის გავლენას განიცდის, არამედ ცდილობს, რომ გვაჩვენოს, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს თეორიამ პრაქტიკაში

ლიტერატურული ფარისევლობანი – ლელა კოდალაშვილი


ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის მიმართ კი არ გვიყვარს მეტისმეტი მონდომების გამოჩენა – არაგულწრფელი ჰოტბა-დიდება, პანეგირიკი, უსაგნო, უსაფუძვლო ქება-ჟღურტული და ყალბი ღირებულებების შეთხზვა…

იგივეს ვაკეთებთ, როცა საქმე ლიტერატურას ეხება. ერთი მარტივი რამ არ გვესმის – არ არის აუცილებელი, კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების (თუნდაც შედევრის)დადებითი პერსონაჟი გავაიდეალოთ და მას არარსებული თვისებები მივაწეროთ. კარგად რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ტექსტის მოწონება გმირის დაუმსახურებელი ქების გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამისა, როცა საქმე საუკუნეების წინანდელ პერსონაჟს ეხება, ადვილი შესაძლებელია, მისი, როგორც ადამიანის უნაკლობას ყავლი გაუვიდეს, რადგან, დროთა განმავლობაში, თვისებათა გადაფასება, ფასეულობათა მეტამორფოზა ხდება. ხელოვნების ნაწარმოები მკვდარი სუბსტანცია არ არის. მისი საწყისი ცოცხლობს, სუნთქავს, ფერს იცვლის – ხან სიძველისგან ჟანგდება, საერთო ნიჰილიზმისა და დეკადანსის ნაკადს უერთდება, ხან კი ფასი ემატება, როგორც მუხის კასრში დავარგებულ ღვინოს. ჩვენც ვსუნთქავთ, აზრებსა და შეხედულებებს ვიცვლით, ახალი დამოკიდებულებები, თვალსაზრისები გვიჩნდება. და განა შესაძლებელია, ათი, ოცი, ოცდაათი და ორმოცდაათი წლის წინ დაწერილი სახელმძღვანელო, გმირის მასში გაანალიზებული თვისებები, ფსიქოლოგიური არსი დღესაც შეუცვლელი კანონი იყოს ჩვენთვის? განა შეიძლება, საუკუნეების წინანდელი მორალური ფასეულობები ინსტრუქცია იყოს დღევანდელი ადამიანისთვის?

თავის დროზე ამ ნაწარმოებების შესახებ დაწერილმა, ახლა უკვე კლასიკად ქცეულმა ლიტერატურულმა წერილებმა მთავარი გზამკვლევის ფუნქცია იკისრა უფრო მეტად პედაგოგებისთვის, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, რადგან ეს უკანასკნელი სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დოგმატურ შეხედულებათა და სქოლასტიკურ მსჯელობათა გისოსებში ნაკლებადაა მოქცეული და საკუთარ თავსაც მეტ თავისუფლებას აძლევს. მაგრამ არც ნეოფობიით განმსჭვალულ პედაგოგებს დაქვემდებარებული ადამიანების რიცხვია ხელწამოსაკრავი – მოსწავლეები, მათი მშობლები, და-ძმები და ახლობლები…

ჩვენს ქვეყანაში მთავრობები საკმაო სიხშირით იცვლებიან. პერესტროიკიდან მოყოლებული, ერთ პოლიტიკურ ძალას მეორე – რადიკალურად დაპირისპირებული მთავრობა ცვლის, მაგრამ ლიტერატურული ფარისევლობანი კვლავინდებურად უცვლელი რჩება, რადგან პროგრამა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ლიტერატურათმცოდნეობის ძველ სახელმძღვანელოებს მოიცავს, რომელთაგან ბევრი ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი რამ აშკარად საჭიროებს ლიტერატურულ რევიზიას.

მე არაერთხელ ვცადე, გავსაუბრებოდი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. ზოგიერთი ნაწარმოების პერსონაჟის უარყოფით თვისებებზე ყურადღებაც გავუმახვილე, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე, დაზუთხული პასუხი მივიღე. უფრო გასაგები რომ იყოს ეს ყველაფერი, რამდენიმე ლიტერატურულ მაგალითს განვიხილავ.

ჯერ ფოლკლორული ნიმუში აიღოთ, სადაც არანაირი პასუხისმგებლობა შემთხზველის წინაშე არ გვავალდებულებს, პერსონაჟები გავაიდეალოთ. თუმცა კი, დღემდე მიჩნეულია, რომ ხალხური ზღაპრის, ,,ეთერიანის” ფაბულა აგებულია კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების კლასიკურ შემთხვევაზე. ცხადია, გავრცელებული აზრით, ,,კეთილი” პერსონაჟები არიან აბესალომ და ეთერი, ხოლო მურმანი – ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც ამ სიკეთეს ასამარებს. არადა, გონების დაძაბვა არ სჭირდება, უბრალოდ, მივყვეთ ამბავს და ყველა გმირს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

მხოლოდ იმის გამო, რომ ეთერს მკბენარი ,,შეზდინდა ტანზედა, ხამსა და ხამსა უცვლიან, ბირნა ავიდა თავზედა”, აბესალომი გულგრილად თმობს საყვარელ ქალს და ამბობს, ,,ვის გინდათ ქალი ეთერი, მე სანადიროდ მივალო” (სხვათა შორის, ამ ნიუანსზე, თავის დროზე, ჩემმა შუათანა გოგონამ გამიმახვილა ყურადღება, რომელიც მაშინ 5 წლის იყო და არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა, პედაგოგის მიერ ნაკარნახევი მოსაზრება გაეზიარებინა. ასეთ ასაკში ბავშვები გაცილებით ნამდვილები არიან ხოლმე, რადგან ჯერ არ იციან ფარისევლობის და ამ თვისების მეშვეობით საზოგადოებაში დამკვიდრებული კონსენსუსის შესახებ. რამდენიმე წელიწადში იგივე ბავშვმა, ამჯერად უკვე სკოლიდან, სულ სხვა თვალსაზრისი მოიტანა და ვეღარ გარკვეულიყო, რატომ არწმუნებდა მასწავლებელი აბესალომის კეთილშობილებაში, როცა ასე არ იყო…). დავუბრუნდეთ აბესალომს. მის გულგრილობას ღვარძლიანობა, შური და ვერაგობაც ემატება, როდესაც ძმადნაფიც მურმანს სასიკვდილოდ აგზავნის (მან ხომ არ იცის, რომ ეთერის დაკარგვა მურმანის დაგეგმილია). სიკვდილის წინ კი კიდევ ერთხელ ავლენს ეგოიზმსა და ბოროტებას, როცა ეთერს მოუწოდებს: ,,ეთერო, დახსენ ძუძუნი, ჩემთან შენც დასთმე თავია”, რის შემდეგ ეთერი მართლაც ამბობს: ,,აბესალომის დანაო, ჯიბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ დ დაგიცემ მარჯვენა ძუძუსთანაო.” ბავშვები ხვდებიან, რომ აბესალომი მთელ ამ ისტორიაში ვერაგობით, კაცთმოძულეობით და ეგოიზმით გამორჩეული პერსონაჟია. მაგრამ ფოლკლორისტები, ფილოლოგები და სხვა ზრდასრული ადამიანები საკითხს ასე სვამენ: ,,როგორ, აბა, მურმანის გამართლება გინდათ?”, ,,კი, მაგრამ, ზღაპარში კეთილის და ბოროტის ჭიდილი უნდა იყოს აღწერილი, ასე კი ქარგა ირღვევა” ვფიქრობ, პედაგოგთა ამ არგუმენტებზე კომენტარიც კი ზედმეტია.

რაც შეეხება ეთერს, ის, ცხადია, მსხვერპლია, თუმცა, უბიწო მსხვერპლის ტიტულს არ იმსახურებს. პირველი – მას არ გააჩნია საკუთარი აზრი, გრძნობა, პროტესტი. ის მარიონეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. ჯერ აბესალომს მიჰყვება ცოლად, შემდეგ კი, როცა აბესალომი გაწირავს, ის უმტკივნეულოდ გადათამაშდება მურმანზე… ქმარსვე აძლევს პირობას, რომ არსად წავა მის ჩამოსვლამდე, თუმცა კი ამ პირობას მალევე არღვევს და აბესალომთან მიდის, სადაც ამჯერად უკვე მის ნებას დაჰყვება და თავს იკლავს.

საბოლოოდ დასკვნა ასეთია, რომ ,,ეთერიანის” პერსონაჟები ერთმანეთზე უფრო ნეგატიური თვისებების მატარებელნი არიან და ამ ნიშნით მხოლოდ მურმანის გამორჩევა უსამართლო და მიზანშეუწონელია.

იქნებ ბევრად უფრო მართებულია, რომ პერსონაჟებში ადამიანი დავინახოთ, რომელიც ღირსებებთან ერთად სისუსტეებს ატარებს? ავიღოთ იაკობ ხუცესის თხზულება, ,,წამებაი წმინდისა შუშანიკისი”. გასაგებია, რომ ძეგლი აგიოგრაფიულია, და ჟანრის კანონის თანახმად, მოთხრობილია შუშანიკ დედოფლის ეგზოტერიკული მოწამეობისა და სიკვდილის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიტერატურის მკვლევრებს, ფსიქოლოგებს, ან თუნდაც განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს არ ჰქონდეთ უფლება, გარკვეული კორექტივები შეიტანონ, გნებავთ, მთავარი გმირის დახასიათებაში, გნებავთ – თხზულების ჟანრში… და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, თითქოს ამით ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას, მის რელიგიურ-იდეალისტურ მიზანსწრაფვას რამე აკლდებოდეს. დაფიქრდეს ყველა ის პედაგოგი, ვინც შუშანიკის პიროვნებას, როგორც ქართველი ქრისტიანი ქალის იდეალს, ისე აწვდის თავის მოსწავლეებს, დაფიქრდეს იმაზე, თუ თავად რამდენად ემხრობა შუშანიკის გადაწყვეტილებას, მის ამა თუ იმ ქმედებას, თავად რამდენად თანაუგრძნობს მას…. ჩემ მიერ ჩატარებულ მცირე სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, რომელიც საშუალოდ ასიოდე პერსონას ითვლის, თითქმის ყველა გამოკითხული ადამიანი აღშფოთებულია შუშანიკ დედოფლის უკიდურესად აგრესიული ქმედებებით, რელიგიური ფანატიზმით, უაზრო და უმისამართო თავგანწირვით. ყველაზე მეტად კი ჩემს რესპონდენტებს აღელვებთ ის, რომ შუშანიკი ცუდი დედაა. გახსოვთ ალბათ: ,,და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელი-ცა მათი სძაგდა სმენად.” ისინი თვლიან, რომ ქალის მიერ შვილებისგან ზურგშექცევას არანაირი გამართლება არა აქვს, რადგან ამქვეყნიურ ცხოვრებაში დედის უპირველესი მოვალეობა სწორედ მათი სამსახურია, რაც თავის თავში სწორედ უფლისადმი სიყვარულს მოიცავს.

აღნიშნავენ იმასაც, რომ შუშანიკი უსამართლო და გაუწონასწორებელი ადამიანია. გავიხსენოთ, როგორ ექცევა ის უდანაშულო რძალს: ,,განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.”

ჩემს რესპონდენტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ღირსეული ქალის, მით უფრო, დედოფლის მიმართ სხვა მოთხოვნებიც აქვთ, რასაც შუშანიკი ვერ აკმაყოფილებს: ,,…დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლი-ცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: “ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების”. და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. კუალად მრქუა მე რისხვით: “ხუცეს, რად

მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქა-ვე ამას ცხორებასა”.

ალბათ არაერთი კანონიკური მორწმუნე შემომედავება და მეტყვის, რომ მარტვილობა თავის თავში მოიცავდა ხორციელ გვემას, მაგრამ ვინ დააწესა ეს წესი, ვის სჭირდებოდა ღვთისადმი სიყვარულის ამგვარი დასტური, რა ფასეულობა ფასდებოდა მატლებდასეული, ჩირქიანი, მყრალი სხეულის დემონსტრირებით, იქნებ აგვიხსნას ვინმემ? განა დედოფალს სარწმუნოების მიმართ ერთგულების გამოხატვა ქმრისგან უბრალო განდგომით და ლოცვით არ შეეძლო? განა ეკლესიის მსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეპატიება საერო პირს? გარდა ამისა, ნებით თუ უნებლიეთ, შუშანიკი სუიციდურ ფსიქოტიპად გვევლინება. ის უარს ამბობს ხუცესის დახმარებაზე – ჭრილობების მორჩენაზე, კვებაზე და ამით წინ აღუდგება როგორც ღმერთის, ასევე თავისი მოძღვრის ნებას – არ თქვას უარი ღვთით ბოძებულ სიცოცხლეზე… ის ყველას და ყველაფერს ეურჩება, თითქოს უნდა, აჩვენოს ვარსქენს, თუ რა უკიდურეს ზომებს იღებს მისი საქციელის პასუხად. შუშანიკის პროტესტი ისტერიაში მყოფი ჯიუტი ადამიანის ქმედებაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიაში საქმე გვაქვს ოჯახურ, სასიყვარულო დრამასთან და არა ქრისტიანობისთვის თავდადებული დედოფლის მარტვილობასთან. გავიხსენოთ მისი ნათქვამი ქმრის მიმართ: ,,მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რას-მე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე”. ამ სიტყვებით ერთგვარად ნიშნს უგებს ვარსქენს და ისიც ეჭვიანობისგან განრისხებული პასუხობს: “ნუუკუე მთავართაგანსა ვის-მე ეცოლოს”… და ამის მერე სადმე წასვლას აღარ სთავაზობს.

ასე რომ, იოლaდ სავარაუდოა, რომ სწორედ ვარსქენის მიერ სპარსთა მეფის ასულის ცოლად მოყვანაა მისი ოჯახის ტრაგედიის სათავე, რასაც, ბუნებრივია, თავმოყვარე დედოფალი არ აღიარებს და თავის განრისხებულ ქმედებებს ქმრის სარწმუნოების შეცვლით ხსნის. შუშანიკი სიყვარულის სიწმინდის, ღირსების დამცველი ტრაგიკული ქალია და არა სარწმუნოებას შეწირული წმინდანი. ცხადია, ეს მოსაზრება მის პერსონას კიდევ უფრო ამდიდრებს, კიდევ უფრო ხელშესახებს და ნამდვილს ხდის, რაც მთავარია, გაცილებით მეტ თანაგრძნობას იმსახურებს.

ერთგვარი რევიზია სჭირდებათ ,,ვეფხისტყაოსანის” პერსონაჟებსაც, რომლებიც გაიდეალიზებულნი არიან მკვლევრების მიერ. ვიცი, რომ შემომედავებით და მეტყვით, რომ ისინი გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ და უმართებულოა, განვიხილოთ მათი მიწიერი თვისებები.

მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს საფუძვლად დრამატული ამბავი უდევს, რაც შესაბამის გავლენას ახდენს გმირების მოქმედებებზე, თვისებებსა და სულიერ განწყობაზე. რუსთველოლოგიაში არსებული მოსაზრება პერსონაჟების, როგორც ლიტერატურულ-ფილოსოფიური სიმბოლოების შესახებ, საბოლოოდ მიწიერი, ხელშესახები ადამიანების სახით გამოისახება, რომელთა შორისაც მკითხველი სულიერ ნათესაობას ესწრაფვის და ცდილობს, მოახდინოს იდენტიფიცირება თავის თავში წარმოდგენილ ადამიანურ იდეალებსა და პოემაში დახატული პერსონაჟებს შორის. თუმცა, ,,ვეფხისტყაოსნის” დიდებული გმირები ხანდახან გაუმართლებელ მოქმედებას სჩადიან და დაბნეული მკითხველი ლამობს, გაერკვეს, საქმე რომელიმე მხატვრულ-ფილოსოფიურ ალეგორიასთან აქვს და ამიტომ შემწყნარებლობის გამოჩენა მართებს თუ გმირების ადამიანური ნიშან-თვისებების ტრანსკრიფცია მარტივად უნდა მოახდინოს და თავს განსჯის უფლება მისცეს. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაწარმოების მიმართ მოწიწება პერსონაჟებზეც გადააქვთ ხოლმე და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოემა კი არა, მისი მოქმედი პირებიც ,,ხელიხელ საგოგმანები” არიან. თუმცა კი, ისინი ყოველთვის არ იძლევიან ამის საშუალებას.

დავიწყოთ ტარიელით, რომელიც გარდა იმისა, რომ რაინდის კვალობაზე მეტისმეტად, კომიკურად ემოციურია, დაუნდობლობით და სისასტიკითაც გამოირჩევა:

,,მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.

მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:

ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,

ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.” ხოლო ნესტანის რჩევით, რომელიც ასევე უკადრისი საქციელისკენ – სასიძოს მიპარვით მოკვლისკენ უბიძგებს თავის მიჯნურს, ტარიელი უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას: ,,კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.” გარდა სისასტიკისა და მუხანათობისა, ტარიელი ფლიდი და მატყუარაცაა, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს საქციელი ნაკარნახევი. როცა მეფე უსაყვედურებს: ,,ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?” ტარიელი პასუხობს: ,,მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”იქვე: ,,შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!”

უცნაურია თინათინის უცხო მოყმის მიმართ ცნობისმოყვარეობაც. მხოლოდ და მხოლოდ ამ ახირების გამო, ის არ ინდობს თავის მიჯნურს – ავთანდილს და უბრძანებს მას: ,,სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი”, რასაც ავთანდილი მორჩილად ასრულებს. მართალია, პოემა სიყვარულისადმი მიძღვნილი ჰიმნია, რომლის შესრულება ნაწარმოების მთავარ გმირებს აკისრიათ, მათ გადაულახავი დაბრკოლებების დაძლევა მართებთ, რათა შეასრულონ უზენაესი მისია, მაგრამ პერსონაჟებს მოვლენების დრამატული განვითარება გამოუვალ სიტუაციებში აყენებს, საიდანაც ხანდახან უბიწოდ ვერ გამოდიან. ასე ემართება ავთანდილსაც, რომელსაც ფატმან-ხათუნი სასიყვარულო წერილს სწერს. მისი პირველი რეაქცია ასეთია: ,,რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!” მაგრამ როცა დაფიქრდება და გაიაზრებს, თუ რა სამსახური შეიძლება გაუწიოს ამ ქალთან ურთიერთობამ, წერს: ,,მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.”

გაქნილი და ,,შებერტყილი” ავთანდილი არც სისხლისღვრას გაურბის. ფატმანის მოწოდებით კლავს უცხო ყმას ისე, რომ მის შესახებ არაფერი იცის.

ერთი ჩემი ძველი მეგობრის დედა ამბობდა: რა საბრალო არსებები ვართ ეს ქალები. ჩვენზე ჯერ მამა ბატონობს, მერე ქმარი, მოგვიანებით კი შვილიო… გამოდის, რომ დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მე-XIX საუკუნის 80-იან წლებში კი ქართულ ლიტერატურაში გამოჩნდა ქალი პერსონაჟი, რომლის ემანსიპირებულობა, პატრიარქალური საზოგადოებისგან თავდაღწევა ავტორმა მხოლოდ მისი დაქვრივებით შეძლო. ისევე, როგორც ეკატერინე გაბაშვილის მაგდანა ან ნიკო ლომოურის დეიდა სიდონია, ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივიც ქმრის სიკვდილის შემდეგღა ხდება ბორკილახსნილი. მწერალიც თითქოს მმართველი მამაკაცის გაქრობის შემდეგღა აძლევს ქალს უფლებას, დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით. მე-19 საუკუნის ავტორი ჯერჯერობით ვერ ბედავს საზოგადოებასთან კონფლიქტს, არ თელავს მის ღირებულებებსა და ტრადიციებს.

და მიუხედავად ამისა, ოთარაანთ ქვრივი მაინც თვალშისაცემი, კაშკაშა პერსონაჟია. ის არაფრით არ ჩამოუვარდება ღირსეულ მამაკაცს და ამიტომ მწერლისგან თამამად ეძლევა ყველა ის ტვირთი, რაც კაცმა შეიძლება ამგვარივე ღირსებით ზიდოს. ავტორმა საზოგადოებას აჩვენა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია თუნდაც იმით, რომ საკუთარი ხელით შეუძლია ბარვა, თოხნა, მარგვლა, თესვა. ,,მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის?” – ამბობს ოთარაანთი.

მაგრამ მიუხედავად მთელი რიგი დადებითი თვისებებისა, ოთარაანთ ქვრივის დღემდე დედისა და ზოგადად ქალის იდეალად მიჩნევა გარკვეული გაგებით გაუმართლებელია. ეს ის შემთხვევაა, როცა ახალმა საუკუნემ ახალი ფასეულობები მოიტანა და ეს პერსონაჟი მხოლოდ იმ ეპოქის ძეგლად აქცია.

სავარაუდოდ ორმოცი-ორმოცდახუთი წლის ოთარაანთ ქვრივი სქესჩამქრალი, და ამიტომაც, ნაადრევად დაბერებული ადამიანია. აბა, დავფიქრდეთ, ბავშვობიდან მოყოლებული, მისი სახით ღრმად მოხუცი თუ არა, ხანშიშესული, ნაოჭებით დაღარული ქალი მაინც ხომ წარმოგვიდგება. მისი ქალურობა ქმრის სიკვდილის მერე დაიტკეპნა, გაისრისა. მის აღქმაში ერთადერთი ყურადღების ცენტრში მყოფი მამაკაცი გიორგიღაა, თუმცა ის შვილია და ოთარაანთ ქვრივიც ღრმად დამარხულ ქალურ თვისებებს – ეჭვიანობას, მესაკუთრულ გრძნობას, მისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობას – გიორგისთან ახორციელებს. მას ქალობის არეალი გაუქრა, ამიტომაც იძულებულია, მამაკაცად ,,იქცეს”. ამის გამოა თუნდაც, რომ საკმაოდ უკმეხია, და რიგ შემთხვევებში უზრდელიც კი (გავიხსენოთ კესოსთან მისი სტუმრობა და დიალოგი). თუმცა, ამ თვისებას სოფელიც პატიობს და ავტორიც. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენც ლოიალურ განწყობას ვინარჩუნებთ. გარდა ამისა, მას ზომიერების გრძნობა ღალატობს და გიორგის თავისუფლებას ლახავს, არ უთმობს პირველობას და თავის დაქვემდებარებაში ამყოფებს მას. “თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისი დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა…” რომ არა გიორგის წრეგადასულად დამთმობი ბუნება, რაც, როგორც წესი, ახალგაზრდებს ნაკლებად ახასიათებთ ხოლმე, აუცილებლად მოხდებოდა მძაფრი კონფლიქტი და ნაწარმოებიც სულ სხვა მიმართულებით – თაობათა მიერ ერთმანეთის უფლებების შელახვის თემაზე აიგებოდა.

ოთარაანთ ქვრივს სრულფასოვანი ოჯახი რომ ჰქონოდა, ან ქმრის სიკვდილის შემდეგ სოსია მეწისქვილეს შეყვარება და მასზე დაქორწინება შეძლებოდა, მისი წრეგადასული ფიქრები აღარ შეეხებოდა გიორგის: ,,ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქო თოკით ეწევიანო.— ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს… განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. — დაიკვნესა ხელახლად დედის გულმა.”

ქვრივი ცხოვრებისგან დაბეჩავებული, ქალობაგამოცლილი, ტრაგიკული ადამიანია და მისი შეცდომებიც ყოველივე ამ ზემოჩამოთვლილის ბუნებრივი შედეგია. მისაბაძია მისი უნარი, მედგრად გაუძლოს ყოფით გაჭირვებას და ოპტიმიზმის განცდით დაამკვიდროს სწორი და სამართლიანი აზრი, მისაბაძია მისი მცდელობა, ჩაწვდეს შვილის დარდს და ხელი არ შეუშალოს სურვილების შესრულებაში, მაგრამ მიუღებელია დედის ეგოცენტრიზმი ვაჟის მიმართ გრძნობებში, წვრილმან საკითხებში მისი დათრგუნვა და დამორჩილება; მიუღებელია, საკუთარი პიროვნებით ესოდენი გატაცება და თავისთვის მეტისმეტი უფლების მიცემა – აქაოდა, სამართლიანი ადამიანის სახელი მაქვს და ყველაფრის თქმა მეპატიებაო…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უეჭველია დასკვნა, რომ ინდივიდუაილზმი და თვითმყოფადობა დაბრკოლებაა საზოგადოებისთვის საკაცობრიო ღირებულებათა, ტრადიციათა და მორალურ ნორმათა დამკვიდრების გზაზე, მაგრამ სწორედ ინდივიდუალიზმია ცხოვრებაში თუ ლიტერატურაში მოცემული რეალობა, რომელსაც უმალ თვალის გასწორება სჭირდება და არა ნორმირებულ იდეალად მოქცევა, უნიფიკაცია, საყოველთაო-უნივერსალურობის კანონთა რიგში ჩასმა. სწორედ ამიტომაც, სჯობია, აღვიქვათ სამყარო, ლიტერატურული პერსონაჟები და ზოგადად, ადამიანები ინდივიდუალიზმის ხიბლით და არა – არარსებული საყოველთაო ღირებულებების ყალბ ბურუსში ჩაძირულები.

თემურ ბიწაძე -სვეტიცხოვლისხელა გული მინდა


ღრუბელს გაერია მტრედისფერი,
ფრთები აეშალა კავკასიონს,
ლოცვით აგუგუნდნენ გუმბათები,
ვერვინ უმკლავდება მტკვარს და რიონს.
იბღვირებიან ბუმბერაზი მთები,
რქებით შეჭიდება უნდათ თითქოს,
ერთმანეთს ვერ წვდებიან, არც აქვთ ხმლები,
თორე გადაშლიდნენ, ალბათ დიდგორს.
შავი ზღვის ტალღებმა აუშვეს აფრები,
ზღვაში გაბატონდნენ, არვის იკარებენ,
არ შეეპუებიან მათ არგონავტები
და საწმისს მაინც ზღვით გაიტანებენ.
მთაწმინდა მასპინძლობს ლანდებს პოეტების,
მშვიდად მოასვენებს, ალბათ დიდხანს კიდე,
სვეტიცხოვლის თავზე მოსჩანს ანგელოზი,
სხივების მომფენი, ქვეყნად კიდით კიდე.
კალთა დაიფარავს ქართველთ ღვთისმშობელის,
ვაზისჯვარს თმით შეკრავს ისევ ნინოწმინდა,
ზარებს ჩამოკრავენ ტაძართა სამრეკლოში,
შეეხმიანება გელათს ნიკორწმინდა.
ისევ ესვრიან ილიას წიწამურთან,
ქვეყნის რწმენისა და იმედის ჩამქოლნი,
ყველაფერს ასახავს ამას ისტორია,
როგორც ასახა ბრძოლისას შამქორი.
აღარ განლაგდება ქართველთა ლაშქარი,
როგორც ძველად იყო ხმალდაფაროსანი,
ახლა იარაღი მტერთან საბრძოლველად,
დიდოსტატია და ვეფხისტყაოსანი.
ვაჟას ხმა მოსწვდება ბარს მთის კალთებიდან,
ისევ დაირწევა აკაკის აკვანი,
ისევ გამეფდება გალაკტიონი და
მგოსანთა შორისაც იქნება წამყვანი.
მე კი ისევ ვიტიტყვი არაერთხელ
-სვეტიცხოვლისხელა გული მინდა!
სამგზის დაგვიფარავს სამებიდან
მამა, ძე ღმერთი და სულიწმინდა.

თემურ ბიწაძე

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან


ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.