სილვესტერ II

12 მონა – მარინა გოგოლაშვილი


სურათზე: მე-16 საუკუნის უცნობი მხატვრის ილუსტრაცია.

მცირე ჩანაწერები „ვეფხისტყაოსანზე“

რატომ 12 მონა?!

(დეტალების საიდუმლო)

რატომ ჰყავს მეფე როსტევანს მაინცადამაინც 12 მონა?!  არც მეტი, არც ნაკლები -ზუსტად 12 „უმხნესი“ მონა! განა უფრო რეალური და ბუნებრივი არ იქნებოდა, მათი რაოდენობა ყოფილიყო 10-20 ან სხვა მრგვალი ციფრი?! საჯარისო ნაწილები ხომ, ძირითადად, მრგვალი ციფრებით არის წარმოდგენილი! თუმცა ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ სიმარტივეს შოთასთან რა ხელი აქვს?!

ეს 12  მონა სხვათაგან ხაზგასმით გამორჩეულია. ისინი არც ლაშქრის შემადგენლობაში შედიან, არც დიდებულებად ითვლებიან და ძალიან მალე ტოვებენ „სცენას“, თითქოს „ქვესკნელს ჩაძრომილმა ანუ  ზეცად ანაფრენმა“ უცხო მოყმემ ისინი კი არ დახოცა, თან გაიყოლა და უკვალოდ გააქრო.

მაინც რატომ დასჭირდა გენიოს შოთას მათი ხანმოკლე შემოყვანა ამ ვრცელ ამბავში, თუკი მხოლოდ ის მოგვითხრო მათ შესახებ, რაც ისედაც ხელისგულზეა და რის გარეშეც პოემაში შეიძლებოდა უცვლელად განვითარებულიყო არსებული სიუჟეტი.

ცხადია. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ 12 მონის ხანმოკლე ამბავი უბრალოდ ჩართული ეპიზოდია და მეტი არაფერი.

 ეს რომ ასე არაა, სწორედ  ამის დასტურია მათი პირველი გამოჩენა და აქტიური მონაწილეობა ნადირობის პროცესში. ისინი წმენდენ მეფისგან ნასროლ და მიწაში ჩასობილ ისრებს, მეფეს მიართმევენ და ნასროლ-ნანადირევს  ითვლიან…ნადირობის დასასრულ კი თავიანთ ვალს პატიოსნად აღასრულებენ და როტევანს განუცხადებენ:

„…მართალს გკადრებთ და ნუ გემცთარებით,

მეფეო ყოლა ვერ გეტყვით შენსა მაგისად დარებით…“

მონებმა პირუთვნელად უთხრეს როსტევანს, რომ ავთანდილი მას მთელი ოცი თავით აღემატება („ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია“). და ეს არაა მხოლოდ პირდაპირი ნათქვამი. მეტიც, მათ ერთგვარად  წინასწარმეტყველთა როლი ითამაშეს და როსტევანს გარკვეულ დროზე მიანიშნეს, შესაძლოა იმაზე,  რომ მისი მმართველობის დრო ამოიწურა: ძველი დღე დამთავრდა და ახალი იწყება, ამიტომაც კარდინალური ცვლილებაა საჭირო და არა სამეფო ტახტის კვლავ მისი შთამომავლობისთვის შემომტკიცება. ამის დასტურია ავთანდილის გამარჯვება ნადირობაში და სანაძლეოს ძალით მეფისთვის „ქუდის“, ანუ სამეფო გვირგვისნის მოხდა. შესაბამისად, საკუთარი ქალიშვილის გამეფება ვეღარ დააბრუნებდა იმ ეპოქაში, რომელსაც  ჟამის ნებით ასცდა.

ამიტომ   ხომ არაა ციფრი 12 დროის გარკვეულ მონაკვეთზე მინიშნება?!  ხომ არ უთხრა ეს თავად რუსთაველმა გიორგი მესამეს?!  ვინ იცის, ვინ გახსნის ისტორიის ბნელ გვირაბთა ლაბირინთებს?!  ჩვენ მარტო ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრი 12, მონებთან მიმართებაში, შეიძლება დროს აღნიშნავდეს. თუმცა ეს მხოლოდ  ერთი ვერსიაა!…

გვსურს  თუ არა ეს,  ფაქტია, რომ ეს ციფრი ასევე ასოცირდება 12 ზოდიაქოსთან და, შესაძლოა, მაცხოვრის 12 მოციქულთანაც.

აქ მცირე ლირიკული გადახვევა მჭირდება იმის ხაზგასასმელად, რომ ლიტერატურულ ქმნილებებს უნდა განვიხილავდეთ არა იდეოლოგიური მოსაზრებებით, არამედ ობიექტური თვალთახედვითა  და  არისტოტელესეული პრინციპის გათვალისწინებით: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“. აგრეთვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ, ცხადია, ვერც შოთს დავაბრალებ და არც მე დავიბრალებ როსტევანთან მაცხოვრის ალუზიის შექმნის მცდელობასაც კი (უფრო- პირიქით). მე მხოლოდ 12 მონაზე ვფიქრობ..

თუ ჯერ ჰოროსკოპთან მიმართებით დავიწყებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს სიტყვა (HORA – დრო,  SKOPEO – ვაკვირდები, ვუყურებ) ითარგმნება, როგორც – „დროს ვაკვირდები“. აქედან გამომდინარე, ჰოროსკოპის 12 ნიშანთან ასოცირებული 12 მონა  როსტევანისთვის სწორედ იმის მინიშნებაა, რომ დროა  მეფის გვირგვინი და  სამეფო ტახტი ავთანდილს დაუთმოს. ამ აზრს უნდა ადასტურებდეს სანაძლეოს პირობაც: „ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს.“, რომელიც სულაც არ არის უწყინარი, თუნდაც სამარცხვინო, ქუდმოხდილად ყოფნის აღმნიშვნელი. ავთანდილის გამარჯვება როსტევანისთვის  გვირგვინის მოხდის პირდაპირპროპორციულია და ამიტომაც კიდევ უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ სწორედ დემნა ბატონიშვილია ავთანდილის პროტოტიპი, ხოლო შოთა რუსთაველის ვინაობა  მის გარემოცვასა და გულშემატკივართა შორის უნდა მოიაზრებოდეს, რომელიც ამ პოემით შეეცადა სიმართლე ეთქვა გიორგი მესამის გზადაბნეული სამეფო კარისთვის (თუმცა ეს სხვა თემაა)…

12 მონის ეპიზოდი კი  ისევე,  როგორც პოემის სხვა არაერთი დეტალი, ადასტურებს მოსაზრებას, რომ რუსთაველს, როგორც დიდ სუფიას,  ზედმიწევნით უნდა სცნობებოდა შუა საუკუნეებში, კერძოდ, 1010-1027 წლებში შექმნილი პირველი ასტროლოგიური სახელმძღვანელო „LIBER PLANETIS ET MUNDI  CLIMATIBUS“ („წიგნი პლანეტებსა და მსოფლიოს რეგიონებზე“), რომლის ავტორად მიიჩნევენ რომის პაპს, სილვესტერ II-ს, ფსევდონიმით ჰერბერტ დ’ ორილაკი. ხოლო მორიგი სიმბოლური დატვირთვით, როსტევანის 12 მონა 12 ზოდიაქოსთან უნდა ასოცირდებოდეს.

 ახლა კი უნდა გავბედო და ჩემი საორჭოფო მოსაზრება ფრთხილად განვავრცო: პოემაში 12 მონის ვარსკვლავურად წამიერი გაელვება ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყნის მმართველი ივიწყებს უფლისგან ხელდსმულობას („მისგან არს ყოვლი ხელმწიფე“), როდესაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გამო (რომელთაც შესაძლოა თავადვე ქმნის), ღმერთს ავსებს საყვედურებით („უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი, აქამდის მე მხიარული) , ვეღარ იქნება  ღვთივგონიერი მეფე და ვეღარც „სახითა მისმიერითა“ განაგრძობს ცხოვრებას.

ვიყოთ გულწრფელნი: უცხო მოყმის დანახვით გამოწვეული „აგანგალა“ განა თავად როსტევანის მიერ ხელოვნურად შექმნილი არ გეჩვენებათ? მეფის მხრიდან რატომ იყო საჭირო ერთი, თავისთვის მჯდარი, მტირალი რაინდის გამო უზარმაზარი მსხვერპლის გაღება (ტარიელმა ხომ მთელი ლაშქარი ამოწყვიტა!)?!  იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ არაბეთიდან ავთანდილის გაძევების  „კულუარული“ გეგმა სისრულეში მოეყვანა?!

ისიც უდავო ფაქტია, რომ 12 მონის მისიაც იქ ამოიწურა, სადაც როსტევანმა,  სანაძლეოს წაგების გამო, ავთანდილის დასჯა  სპონტანურად  დაგეგმა.

 დიახ, 12 მონის ეპიზოდით შოთამ გიორგი III-ს უთხრა, რომ 12 მოციქული ანუ ღვთის წყალობა  მოგაკლდება, რადგან ღვთის ნებას ყური არ უგდე და შენი ეპოქა დასრულდა, ხოლო  შენ მიერ შექმნილი ახალი, სამწუხაროდ, ძველს ვერ გაუტოლდებაო.

გენიოსის მინიშნებანი, რაც უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, მე-13 საუკუნის დასაწყისიდან  აუსრულდა საქართველოს…